გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა გარემოსდაცვითი კანონმდებლობის გამკაცრებასთან დაკავშირებული ცვლილების პაკეტი აგრარულ საკითხთა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების სხდომაზე წარადგინა.
მინისტრის პირველი მოადგილის განმარტებით, ცვლილებების პაკეტი შავი ზღვის დაბინძურებისთვის სანქციის გამკაცრებას ითვალისწინებს, 65 000 ლარიანი ჯარიმა იზრდება და ხდება 100 000 ლარი; ამასთან, ელექტროშოკური აპარატის ბრუნვა ხდება დასჯადი და ამ მიმართულებით შემოდის საჯარიმო სანქცია.
„ზღვის დაბინძურება ნეგატიურ გავლენას ახდენს ბიომრავალფეროვნებაზე. ევროკავშირის ქვეყნებში ზღვის დაბინძურებაზე საკმაოდ მაღალი საჯარიმო სანქციებია, შესაბამისად აღნიშნული ცვლილება არის რეკომენდაცია ევროკავშირის მხრიდანაც“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.
საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, გადაცემა ან გასხვისება გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით, ხოლო განმეორების შემთხვევაში, გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით. თევზჭერის ელექტრო იარაღის დამზადება, შეძენა, შენახვა, ტარება, გადატანა-გადაზიდვა, გადაგზავნა, გასაღება გამოიწვევს დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით, ხოლო განმეორების შემთხვევაში, გამოიწვევს დაჯარიმებას 6000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით.
ცვლილებების პაკეტი აგრარულ საკითხთა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტებმა, პირველი მოსმენით განიხილეს და მხარი დაუჭირეს.
ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
უახლესი