სს ,,საქკაბელმა’’ საერთაშორისო სტანდარტების დაცვისა და საკაბელო პროდუქციაზე შესაბამისი სერტიფიკატების მოპოვების პროცესში USAID - ის პროგრამისგან მხარდაჭერა მიიღო. 22 თებერვალს კომპანიას USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში გამართულ დასკვნით ღონისძიებაზე კი სამახსოვრო სერტიფიკატი გადაეცა.
,,საქართველოს ბაზარზე გაზრდილ მოთხოვნასთან ერთად, აფრიკის გამოფენიდან მიღებული უკუკავშირის შემდეგ გადავწყვიტეთ საწარმოო ხაზის გაფართოება და „სოლარ“ კაბელების წარმოება. პროდუქტის სერტიფიცირების ნაწილში კი USAID-ის პროგრამა დაგვეხმარა. ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტები დავნერგეთ და მივიღეთ შესაბამისი სერტიფიკატები, რაც დასავლურ - მაღალ მსყიდველუნარიან ბაზრებზე თავის დამკვიდრებისთვის მნიშვნელოვანია.
ტესტირების პროცესში ,,საქკაბელი’’-ს ქარხანაში ევროპიდან სამუშაო ჯგუფი გვესტუმრა, რომლებმაც დეტალურად აღწერეს არა მხოლოდ კაბელის მახასიათებლები, არამედ შეისწავლეს: წარმოების პროცესი, მაქანა-დანადგარები და გამოყენებული ნედლეული. რის შემდეგადაც დარწმუნდნენ, რომ „სოლარ“ კაბელის წარმოება ხდება ევროპული სტანდარტებისა და რეკომენდაციების დაცვით. მოგვენიჭა TUV სერტიფიკატი, რაც ადასტურებს, რომ ,,საქკაბელი’’-ს ნაწარმოები „სოლარ“ კაბელი აკმაყოფილებს ევროპის კანონმდებლობას ჯანმრთელობის, უსაფრთხოების და გარემოს დაცვის შესაბამისობის შესახებ და ევროპის ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობას იძლევა.
,,საქკაბელი’’-სთვის, როგორც ქართული წარმოებისთვის, საერთაშორისო სერტიფიცირების ნაწილში მნიშვნელოვანია USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში მიღებული მხარდაჭერა; რითაც უფრო ეფექტურად შევძლებთ როგორც ადგილობრივ ასევე უცხოურ ბაზარზე, კომპანიის რეპუტაციისა თუ სანდოობის გაზრდასა და საერთაშორისო კომპანიებთანთან თანაბარ კონკურენციაში ჩაბმას. ჩვენი აქცენტი განახლებად, მწვანე ენერგიის წარმოებას უკავშირდება, განახლებადი ენერგიის წილი მთლიან ენერგეტიკაში იზრდება, ხოლო კაბელების მნიშვნელობა კი ქსელის საიმედოობისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად კიდევ უფრო თვალსაჩინო ხდება.
სერტიფიცირების მოპოვების, საერთაშორისო დონეზე კონკურენციისა და საექსპორტო ბაზრების ათვისების მხარდასაჭერად აღნიშნული პროგრამით სამომავლოდ თუ კვლავ მოგვეცემა შესაძლებლობა სიამოვნებით ვისარგებლებთ.’’ - სს „საქკაბელის“ მმართველი დირექტორი დავით კაპანაძე
,,საქკაბელი’’-ს მისიაა საქართველოს საკაბელო ინდუსტრიის წინსვლა ინოვაციებით, საერთაშორისო ხარისხის პროდუქციითა და აღიარებით.
USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის შესახებ: 5-წლიანი, USAID-ის მიერ $23 მილიონით დაფინანსებული პროგრამა ხორციელდება DAI Global-ის მიერ. პროგრამის მიზანია სოფლის მეურნეობის მიღმა არსებული სექტორების განვითარების ხელშეწყობა, რომელთაც სამუშაო ადგილების შექმნის, ინვესტიციების მოზიდვის, მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის შემოსავლების ზრდის პოტენციალი გააჩნიათ. https://www.facebook.com/EconSecProgram
უახლესი