მრავალფეროვანი კლიმატისა და ნაყოფიერი ნიადაგის გამო საქართველოს ხელსაყრელი პირობები აქვს კენკრის სხვადასხვა სახეობის მოსაყვანად. საქართველოში კენკრის პოპულარული სახეობებია მარწყვი, ჟოლო, მაყვალი და მოცვი.
საწყის ეტაპზე კენკრა საკუთარი მოხმარებისთვის, მცირე რაოდენობებით იწარმოებოდა. თუმცა, ბოლო წლებში, ქართველ ფერმერებში კენკროვანი კულტურებისადმი ინტერესი სულ უფრო იზრდება. ასევე, გაზრდილია კენკროვნებზე მოთხოვნა, როგორც ადგილობრივ, ასევე - საერთაშორისო ბაზარზე.
საქართველოდან 2022 წელს დაახლოებით 9 მლნ დოლარის ღირებულების, 1 583 ტონა კენკრა გავიდა ექსპორტზე. ექსპორტზე გასული კენკრის ღირებულება და რაოდენობა 2021 წელთან შედარებით 46%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ ექსპორტირებული კენკრის მთლიანი რაოდენობის თითქმის 86%-ს მოცვის ექსპორტი წარმოადგენს.
საქართველოდან კენკროვანი კულტურების ექსპორტი დაახლოებით 10 ქვეყანაში ხდება, თუმცა, მთავარი სარეალიზაციო ბაზარი რუსეთია. სწორედ ამ მიმართულებით ხორციელდება ექსპორტის 90%.
დანარჩენ კულტურებთან შედარებით განსაკუთრებით მზარდია მოცვის წარმოება. წინასწარი შეფასებებით, 2023 წლისთვის ახალი მოცვის საექსპორტო მოცულობა 3000 ტონას მიაღწევს, ხოლო 2024 წლის საპროგნოზო მაჩვენებელით 5000 ტონას გაუტოლდება.
რაც შეეხება მარწყვს, წარმოება წლების განმავლობაში დიდი მერყეობით ხასიათდება, მოსავლის ყველაზე დიდი ოდენობა კი 2017 წელს დაფიქსირდა - 2.7 ათასი ტონა. 2018 წლიდან მარწყვის წარმოება წინა წლებთან შედარებით შემცირებულია და წლიურად საშუალოდ 1.25 ათასი ტონა იწარმოება. ადგილობრივი ბაზარზე მარწყვზე გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილება თურქეთიდან იმპორტირებული მარწყვით ხდება.
„შენელებულია ინტერესი ჟოლოს და მაყვლის ბაღების გაშენების მიმართულებით. კენკრის მწარმოებელთა ასოციაციის ინფორმაციით, მაყვლის ბაღების 50%-ზე მეტი, ხოლო ჟოლოს ბაღების 40% 2022 წელს გაიჩეხა.
ეს რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა: დარგში არსებული ცოდნის და გამოცდილების სიმწირემ, ფერმერების მიერ გაკეთებულმა არასწორმა გათვლებმა, არასწორმა მოლოდინებმა გასაყიდ ფასზე და მოვლის ხარჯებზე, არასწორად შერჩეულმა ჯიშებმა და წარმოების პროცესში არსებულმა სხვა გამოწვევებმა“, - ნათქვამია თიბისი კაპიტალის კველევაში.
მოცვის ბაღების რეგიონული გადანაწილება - 2022 წელი:
ჟოლოს ბაღების რეგიონული გადანაწილება - 2022 წელი:
მაყვლის ბაღების რეგიონული გადანაწილება - 2022 წელი:
უახლესი