დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს ბანკისა და GAIA-ს თანამშრომლობა: ახალი შესაძლებლობები AI მიმართულებით

საქართველოს ბანკისა და GAIA-ს თანამშრომლობა: ახალი შესაძლებლობები AI მიმართულებით

26-04-2024 15:26:00

დიდი ხანია,ან რაც საქართველოს ბანკისთვის AI სტრატეგიული მიმართულებაა და ამ მხრივ ფინანსური ინსტიტუტი განვითარებას აქტიურად განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკმა და საქართველოს AI-ის ასოციაცია — GAIA-მ პარტნიორობა დაიწყეს, რომლის ფარგლებშიც, ერთობლივი პროექტები და ღონისძიებები იგეგმება. GAIA-ს მიზანია, ადამიანებსა და ბიზნესებს AI-ის საუკეთესოდ გამოყენებაში ხელი შეუწყოს და ქართული AI-ის და მონაცემთა მეცნიერების განვითარებას მხარი დაუჭიროს.

საქართველოს ბანკისა და GAIA-ს პირველი პროექტი ქართულის, როგორც მცირე რესურსიანის ენის, AI-ის მიმართულებით განვითარებას ისახავს მიზნად. მცირე რესურსიანი ენების AI-ის განვითარების საერთაშორისო კონფერენცია 27 აპრილს ჩატარდება, სადაც ენის მოდელების სპეციალისტები დამსწრეებს თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ. კონფერენციისა და GAIA-სთან პარტნიორობის შესახებ საქართველოს ბანკის Chief analytics officer მიხეილ ნადარეიშვილი გვესაუბრა.

როგორ დაიწყეს თანამშრომლობა საქართველოს ბანკმა და GAIA-მ?

GAIA-მ დაფუძნებისას მოგვმართა ჩვენ, როგორც ორგანიზაციას, რომელსაც ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი AI მიმართულება აქვს. ჩვენ სიამოვნებით ჩავერთეთ ამ წამოწყებაში, წარმოდგენილი ვართ GAIA-ს სამეთვალყურეო საბჭოსა და სხვადასხვა პროექტში და აქტიურად ვთანამშრომლობთ.

რატომ უჭერს მხარს საქართველოს ბანკი GAIA-ს და ზოგადად ამ მიმართულებას?

AI-ს ნახტომისებური განვითარება ბოლო წლებში ითვლება მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის ნაწილად და მისი საშუალებით მოხდება ძალიან ბევრი მიმართულებით ცხოვრების დონის ამაღლება. საქართველოს ბანკს უკვე წლებია, აქვს სტრატეგიული მიზანი — მაქსიმალურად გამოიყენოს მონაცემები AI ოპერაციული ეფექტურობის გასაუმჯობესებლად და კლიენტებისთვის უკეთესი გამოცდილების შესაქმნელად. GAIA-სთან თანამშრომლობა ჩვენთვის ამ სტრატეგიის ნაწილია. ასოციაციას აქვს ხედვა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა განვითარდეს AI საქართველოში და აქტიურად ცდილობს, წვლილი შეიტანოს როგორც AI ცნობადობის ამაღლებაში ორგანიზაციებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ასევე საჯარო სექტორში.

რას აკეთებს საქართველოს ბანკი AI მიმართულებით?

საქართველოს ბანკში გვაქვს 50-ზე მეტი AI მოდელი, რომლებიც ბანკის ყველა მიმართულების პროცესებშია ინტეგრირებული. ამ მოდელების საშუალებით ჩვენ შეგვიძლია, მაგალითად, სრულად ავტომატურად, წამებში დავამუშაოთ კლიენტების სასესხო განაცხადები და გავცეთ სესხები, შევთავაზოთ კლიენტებს მათზე მორგებული პროდუქტები ჩვენი mBank-ის საშუალებით, მოვემსახუროთ მათ სრულიად ავტომატურად ჩვენს ჩეტში ჩეტბოტის საშუალებით და ა.შ.

რა მნიშვნელობისაა ეს პარტნიორობა და რამდენ ხანს გაგრძელდება?

როგორც უკვე ვახსენე, საქართველოს ბანკისთვის AI სტრატეგიული მიმართულებაა, რომელსაც მომდევნო წლებში სულ უფრო და უფრო მეტად განვავითარებთ. ამ მიმართულებით ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბაზარზე სხვა ორგანიზაციებთან და AI-თი დაინტერესებულ ადამიანებთან ურთიერთობა, საჯარო სექტორთან დიალოგი AI რეგულაციებისადმი ეფექტური მიდგომების შესამუშავებლად და ზოგადად AI ცნობიერების ამაღლება. ჩვენ ვაფასებთ GAIA-ს წვლილს ამ მიმართულებით და გვინდა, მხარი დავუჭიროთ მას.

ენის მოდელებზე რა გამოწვევებია ინდუსტრიაში და რა მიზანი აქვს კონფერენციის ფარგლებში შეხვედრებს?

მას შემდეგ, რაც ენის მოდელებში რევოლუციური წინსვლა მოხდა და ბაზარზე გამოჩნდა დიდი შესაძლებლობების მქონე AI ჩეტბოტები, გააქტიურდა დისკუსია იმის შესახებ, რომ ქართულ ენასაც სჭირდება ენის მოდელების განვითარება, რომლებიც სხვა გამოყენებებთან ერთად, ქართულენოვანი ჩეტბოტის შექმნის საშუალებას მოგვცემს.

ჩვენი ენა, მასზე მოლაპარაკე ადამიანების (და შესაბამისად, ამ ენაზე შექმნილი წერილობითი მასალის) სიმცირის გამო ითვლება ე.წ. “მცირე რესურსიან” ენად. ეს ქმნის პრობლემას ქართული ჩეტბოტის შექმნისთვის, რადგანაც მიმდინარე ენის მოდელებს ძალიან დიდი მოცულობის წერილობითი მასალა სჭირდებათ ისეთი დახვეწილი ჩეტბოტების განსავითარებლად, რომლებსაც ჩვენ ინგლისური ენისთვის ვხედავთ.

თუმცა კვლევები ძალიან აქტიურად მიმდინარეობს და იქმნება მოდელირების ისეთი მიდგომები, რომელთა საშუალებითაც შეიძლება მცირე რესურსიანი ენებისთვის მძლავრი ენის მოდელის შექმნა. ამ შეხვედრების მიზანია, ერთმანეთს გავუზიაროთ ცოდნა და გამოცდილება, რათა ყველამ ერთად უფრო სწრაფად შევძლოთ წინსვლა ამ მიმართულებით.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები