მაია ბითაძე: საკანონმდებლო ცვლილებებით იზრდება დაცული ტერიტორიების ფართობი, რაც თვალნათლივ მიუთითებს დამოკიდებულებას ჩვენი საგანძურის, -დაცული ტერიტორიებისადმი
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა სხდომაზე დაცული ტერიტორიების შესახებ მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარმოდგენილი სამი კანონპროექტი განიხილა.
პროექტები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა გააცნო დეპუტატებს.
მისი თქმით, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ" კანონის მე-14 მუხლის თანახმად, დემარკაციის შედეგებზე დაყრდნობით, დაცული ტერიტორიის საზღვრის ცვლილებაზე გადაწყვეტილებას საქართველოს პარლამენტი იღებს. სწორედ ამიტომ მან კომიტეტს პირველი მოსმენით განსახილველად წარუდგინა „ერუშეთის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტი.
მომხსენებლის განმარტებით, ცვლილების მიზეზია ერუშეთის ეროვნული პარკის საზღვრების დემარკაციის შედეგების ასახვა კანონში. ჩატარებული დემარკაციის სამუშაოების შედეგად, ერუშეთის ეროვნული პარკის ფართობი 11 385 ჰა-დან 22 ჰა-თი იზრდება და 11 407 ჰა-ს შეადგენს.
კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა „ჯავახეთის დაცული ტერიტორიის შექმნისა და მართვის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონპროექტი.
ნინო თანდილაშვილის თქმით, აღნიშნული კანონპროექტით ხდება კანონში ფარავნის ტბის აღკვეთილის, აბულის ტბის აღკვეთილის და საღამოს ტბის აღკვეთილის საზღვრების დემარკაციის შედეგების ასახვა. ცვლილების შესაბამისად განისაზღვრება აღნიშნული აღკვეთილების ფართობები და გეოგრაფიული კოორდინატები. კერძოდ, ფარავნის ტბის აღკვეთილის ფართობმა 3996 ჰა, აბულის ტბის აღკვეთილის ფართობმა 240 ჰა, საღამოს ტბის აღკვეთილის ფართობმა 634 ჰა შეადგინა.
მეორე მოსმენით წარდგენილ კანონპროექტში „დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ" კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" აისახება დემარკაციის სამუშაოების შედეგად მიღებული კოორდინატები და ცივ-გომბორის აღკვეთილის ფართობი 4935,8 ჰა-დან გაიზარდა 73,2 ჰა-თი და 5009 ჰა შეადგინა. შესაბამისად, გაიზარდა მარიამჯვრის დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი და შეადგინა 6031,5 ჰა.
„დაცული ტერიტორიების დემარკაციის მნიშვნელოვანი პროცესი მიმდინარეობს. 2016 წლიდან დაიწყო ეს პროცესი და უკვე ბევრი დაცული ტერიტორიის დემარკაცია განხორციელდა, რამაც ერთი მხრივ, მოსახლეობას ხელი შეუწყო თავისი საკუთრებით ესარგებლა და მეორე მხრივ, რეალური დაცული ტერიტორიების საზღვრები ინვენტარიზებულია და ამით ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნას კიდევ უფრო მყარი საფუძველი უჩნდება. ყველა განხილულ პროექტში ხდება დაცული ტერიტორიების ფართობის ზრდა, რაც თვალნათლივ მიუთითებს მიდგომაზე, თუ როგორია ჩვენი დამოკიდებულება ჩვენი საგანძურის, დაცული ტერიტორიებისადმი", - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ.
კომიტეტმა წარმოდგენილ კანონპროექტებს მხარი დაუჭირა.
უახლესი
2 საათის წინ
ოქტომბერში ეკონომიკა 11%-ით გაიზარდა2 საათის წინ
ჩინეთიდან იმპორტი 18%-იან ზრდას აჩვენებს