მარკეტინგის ბაზრის ერთ-ერთ წამყვან საერთაშორისო სააგენტო Saatchi & Saatchi-ის გუნდს ერთ-ერთი მენეჯერის პოზიციაზე მაია ჭოველიძე, იგივე მაკო ბერგმანი შეუერთდა. ის სააგენტოში კავკასიის რეგიონული შემოქმედებითი ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობს. Business Insider Georgia დაინტერესდა რა გეგმები აქვს მაკო ბერგმანს საქართველოს ბაზარზე სამუშაოდ და როგორ აფასებს ის ბაზრის მიმდინარე ტენდენციებს.
- როგორ მოხდა თქვენი და Saatchi & Saatchi-ს დაკავშირება და რა გზა გაიარეთ მანამდე, რომ Saatchi & Saatchi-ს თვალსაწიერში მოხვედრილიყავით?
- Saatchi & Saatchi თბილისთან წარსულშიც არა ერთი თანამშრომლობის შესაძლებლობა მქონდა როგორც ფრილანსერს. ეს გამოცდილება ყოველთვის ძალიან სასიამოვნო იყო, რადგან სააჩის მსგავსი მაღალი პროფესიონალიზმის გუნდი მუშაობას ერთდროულად მარტივსაც ხდის და საინტერესოსაც. გარდა ამისა, ჩემთვის თავიდანვე ცხადი იყო, რომ სააგენტოს ზუსტად ის მისწრაფებები ჰქონდა, რაც მე და ყველანი მთავარ მიზნად საქართველოში მსოფლიო დონის მარკეტინგული ღირებულებების დამკვიდრებას ვისახავდით. შესაბამისად, როდესაც Saatchi & Saatchi-დან შემოთავაზება მივიღე ახალი რეგიონული შემოქმედებითი ხელმძღვანელი გავმხდარიყავი და ქართული და აზერბაიჯანული გუნდები გამეზარდა, ბევრი არც მიფიქრია, ისე დავთანხმდი.
- საქართველოს გარდა ფარავთ აზერბაიჯანსაც, რომ შეადაროთ ამ ორი ქვეყნის ბაზარი, რა განსხვავებები და საჭიროებებია და როგორი თქვენი გეგმები, რა სიახლეების შეთავაზებას აპირებთ?
- ჩვენი ორი რეგიონის ფილიალების თანამშრომლობა ახალი ამბავი არ არის. დიდი ხანია ერთად ვმუშაობთ ისეთ აზერბაიჯანულ ბრენდებზე, როგორებიცაა Azersun, Bakcel, Nar Mobile და ა.შ. ასევე გვყავს ბევრი საერთო საერთაშორისო კლიენტიც.
როგორც ყველგან, თანამშრომლობისას ჩვენს ქვეყნებშიც მთავარი უნიკალური სინერგიის შექმნაა, რაც ნაწილობრივ შეიძლება განსაზღვრო და დაგეგმო, მაგრამ რაღაც მაგიური ელემენტიც თუ არ დაემატა, მხოლოდ მათემატიკური გათვლით არ გაჩნდება. საბედნიეროდ, სააჩის ორივე ფილიალის გუნდებში ეს ელემენტი თავისთავად არსებობს და თანამშრომლობაც მარტივად გამოდის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი მჭიდრო კავშირი არ გვექნებოდა.
მსგავსებებს და განსხვავებებს რაც შეეხება, ორივე ბაზარი ძალიან სწრაფად იზრდება და გეზი დასავლური ტიპის მარკეტინგისკენ აქვს აღებული, თუმცა არც თავისებურ, ლოკალურ ინსაითებსა და კულტურულ მემკვიდრეობას კარგავს. შესაბამისად, ყველაზე ეფექტური კამპანიები საქართველოშიც და აზერბაიჯანშიც სწორედ ისინია, რომლებიც წარსულისა და მომავლის შერწყმას ყველაზე უზადოდ ახერხებს.
მთავარი განმასხვავებელი კი, ალბათ, საზოგადოების რჩეული გამოხატვის ფორმებია. როცა ნებისმიერი კამპანიის სოციალურ ქსელებში ჩაშლაზე გადავდივართ, აუცილებლად გვიწევს იმის გათვალისწინება, რომ ქართველი მაყურებელი უფრო ინტერაქციულია, უყვართ დაკომენტარება, დაპოსტვა და საკუთარი აზრის ხმამაღლა დაფიქსირება. აზერბაიჯანელი მომხმარებელი კი უფრო დაკვირვებაზეა კონცენტრირებული და ნაკლებ აქტიურად გამოხატავს თავს სოციალურ სივრცეში. შესაბამისად, აუცილებელია კამპანიებიც ამ განსხვავებების გათვალისწინებით ავაწყოთ.
- საქართველოზე რომ ვკონცენტრირდეთ, გუნდის შეკრება უკვე დაასრულეთ თუ ისევ ეძებთ ახალ, კრეატიულ კადრებს?
- ნიჭიერი და მონდომებული პროფესიონალებისთვის ჩვენს გუნდში ადგილი სულ არის. შესაბამისად, თუ საკმარისად მოტივირებული ხარ, ახალი, კრეატიული იდეები გაქვს და ეძებ მათთვის ფრთების შესხმის შესაძლებლობას, სააჩის კარი მუდამ ღიაა. კრეატიული კადრების ძებნა ჩვენს სფეროში, როგორც წესი, სრულად არასდროს მთავრდება.
- დღეს საქართველოში თითქმის ყველა სფეროში გაიგონებთ, რომ კვალიფიციური კადრების დეფიციტია. როგორაა საქმე თქვენს სფეროში? რამდენად გვყავს საქართველოში კვალიფიციური კადრები და რაც გვყავს მიწოდება ბაზრის მოთხოვნებს თუ აკმაყოფილებს?
- კი, სამწუხაროდ ეს რეალობა არც ჩვენი სფეროსთვისაა უცხო. თუმცა, ახალ თაობებში შემოქმედებითი მარკეტინგის მიმართ ინტერესი ძალიან მაღალია და საკმაოდ ბევრი მონდომებული კადრი ცდილობს იპოვოს განვითარების გზა. სწორედ ამიტომ, Saatchi & Saatchi მუდმივად ეძებს განვითარების მსურველ სტაჟიორებს. არა ერთი კადრი გვყავს, რომლებმაც სტაჟირებით დაიწყეს და დღეს უკვე საკმაოდ მაღალ პოზიციებზე არიან. მთავარია სწავლის სურვილი და მერე შეუძლებელიც არაფერია!
რაც შეეხება ბაზრის მოთხოვნების დაკმაყოფილებას, ყველაზე კრიტიკულ წერტილად მაინც სფეროს სრულ ცოდნას ვხედავ. საქმის კონკრეტულ ნაწილს ძალიან კარგადაც რომ აკეთებდე, მთლიანად ბრენდის იდენტობისა და ბაზრის მოთხოვნების შესწავლა და ამ ცოდნის სტრატეგიაში გადატანა თუ ვერ შევძელით, მაღალი დონის შედეგს ვერ მივაღწევთ. თუმცა ეს ყველაფერიც გამოცდილებასთან ერთად მოდის და ინტერესის ზრდასთან ერთად ეს პრობლემაც აღმოიფხვრება. მაიამი ედ სქულის, კანის ლომების ქართული გუნდის და სხვა მსგავსი პროგრამების დახმარებით ეს მომავალიც სულ უფრო და უფრო ახლოვდება. სხვა თუ არაფერი, ამას Young Lions-ზე გასული ქართველი მონაწილეების რაოდენობაც მოწმობს!
- რა ურთიერთობა ჰქონდა თქვენამდე Saatchi & Saatchi-ს და საქართველოს და რა როგორია თქვენი ხედვა და რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ კონკრეტული კომპანიის მომსახურების თუ პროდუქტის ცნობადობის ზრდასთან ერთად, უფრო მეტ ქართული კომპანიის სახელი გავიდეს საერთაშორისო ბაზარზე, რაშიც Saatchi & Saatchi-ს როლი ალბათ უმნიშვნელოვანესი იქნება.
- ქართული ბაზარი ელვის სისწრაფით იზრდება და სულ უფრო მეტი ადგილობრივი ბრენდი გადის საერთაშორისო ბაზარზე. ამაში დიდი წვლილი ქართველების ამაყ ბუნებასაც მიუძღვის - ყოველი ჩვენგანი განსაკუთრებით ბედნიერია მაშინ, როცა ნიჭიერი და მონდომებული ქართველები საერთაშორისო წარმატებას აღწევენ. ამის ცალსახა მაგალითია დემნა გვასალიაც, ხვიჩა კვარაცხელიაც და ზაზა ფაჩულიაც. შესაბამისად, როცა შესაძლებლობა ჩნდება, ქართულ ბრენდებს იმავე წარმატების მიღწევაში დავეხმაროთ, ჩვენი მოტივაციაც ბევრად უფრო მაღალია. დღეს, თუ პროდუქტი ხარისხიანია, კარგი მარკეტინგული კამპანია შეიძლება ერთადერთი ნაბიჯი იყოს, რაც მას მსოფლიო წარმატებამდე აშორებს.
ამიტომ ჩვენც, ყოველთვის, როცა შეგვიძლია, მთელ ჩვენს გამოცდილებას ყველაზე ზუსტი სტრატეგიისა და სამიზნე აუდიტორიაზე გათვლილი ბრენდ იდენტობის შექმნას ვახმართ. Saatchi & Saatchi კავკასია სააგენტოების დიდი ქსელის ნაწილია, რომელსაც 114 ფილიალი აქვს 76 ქვეყანაში, შესაბამისად, ქართულ ბრენდებს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვთ ამ სიიდან ნებისმიერ ქვეყანაში.
უახლესი