დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ საქმიანობის ახალ ეტაპზე გადადის - მიხეილ ხიდურელი

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ საქმიანობის ახალ ეტაპზე გადადის - მიხეილ ხიდურელი

08-08-2024 10:00:00

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“, რომლის მიზანი სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესება, კერძო სექტორის განვითარება, საინვესტიციო კლიმატის პოპულარიზაცია და ექსპორტის ხელშეწყობაა, მალე ახალ პროექტებს წარმოადგენს. როგორც Business Insider Georgia-თან სააგენტოს დირექტორი მიხეილ ხიდურელი აცხადებს, ფასიანი ქაღალდების გამოშვების ხელშეწყობის პროგრამუკვე ხელმისაწვდომია მეწარმეებისთვის, 2024 წლის ბოლომდე კი სააგენტო მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისთვის საინვესტიციო ფონდის შექმნას დაიწყებს. ასევე, საქართველოს 3 ქალაქში უკვე მოქმედებს საკონსულტაციო ცენტრები, რომელიც მეწარმეებს ადგილზე უწევს დახმარებას.

უფრო დეტალურად, თუ როგორი იყო 2024 წლის პირველი ნახევარი და როგორია სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ სამომავლო გეგმები, Business Insider Georgia-თან მიხეილ ხიდურელმა ისაუბრა.

- როგორ აფასებთ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ 2024 წლის 6 თვის საქმიანობას და  რა გამოწვევებს ხედავთ?

- ახალი თავი გვინდა დავიწყოთ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ საქმიანობაში, რაც გულისხმობს ახალი მიმართულებების დანერგვას. თუ აქამდე მეწარმეებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ერთადერთი გზა იყო ბანკიდან სესხის აღება, ამ შემთხვევაში სახელმწიფომ გადაწყვიტა კაპიტალური ბაზრების განვითარება და შესაბამისად, ჩვენს სააგენტოს დაევალა ამ მიმართულებებით პროგრამების განხორციელება. საუბარია ორ პროგრამაზე, რომელთაგან ერთი უკვე ხელმისაწვდომია მეწარმეებისთვის. ეს არის ფასიანი ქაღალდების გამოშვების ხელშეწყობის პროგრამა, რომელიც 2-3 თვის წინ დავიწყეთ და უკვე 12 განაცხადია შემოსული. მიზანი იყო სახელმწიფოს შეექმნა ფინანსური სტიმული, რათა კომპანიებს უფრო მარტივად გადაედგათ ნაბიჯები. 12 განაცხადიდან უმეტესობაზე პროცესი თითქმის ბოლოშია გასული, კომპანიებმა უკვე გამოუშვეს ფასიანი ქაღალდები და ძალიან მალე საზოგადოებას შედეგებს გავაცნობთ. ჯამში საუბარია 0,5 მლრდ ლარის ფინანსურ ობლიგაციებზე. თუ განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკებს დავაკვირდებით, ეს გზა ყველამ გაიარა - საბანკო პროდუქტების შემდეგ დაინერგა კაპიტალური ბაზარი და ქვეყანა, სადაც კაპიტალური ბაზარი არის კარგად განვითარებული, ის ქვეყანა ეკონომიკურადაც უფრო სტაბილურია.

მეორე წამოწყება საინვესტიციო ფონდის (Private Equity Fund) შექმნას უკავშირდება. ჩვენ შევქმნით ფონდს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, სადაც ჩვენ გვექნება ლიმიტირებული პარტნიორის როლი. ასევე, სააგენტო, როგორც ამ ფონდის ორგანიზატორი, ფინანსური კონტრიბუტორიც იქნება. ამ ყველაფრის მიზანია საქართველოში ფონდების შექმნის და ფონდის მმართველი კომპანიების ხარისხის ზრდის ხელშეწყობა. ჩვენი მთავრობა ორიენტირებულია კერძო სექტორზე, რადგან კერძო სექტორი უკეთესად აკეთებს ბიზნესს.

- სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა ექსპორტის ხელშეწყობა. ბოლო 6 თვის განმავლობაში სააგენტომ კომპანიებს არაერთ საერთაშორისო გამოფენაში შესთავაზა მონაწილეობის მიღება. რა მიიღო ქართულმა ბიზნესმა ამ გამოფენებიდან და როგორია წლის ბოლომდე გამოფენების განრიგი?

- დავესწარით არაერთ საერთაშორისო ღონისძიებას, რომელთა შორისაც იყო ისეთი ცნობილი გამოფენები როგორებიცაა Fancy Food Summer Edition (ნიუ იორკი) და  Gulfood (დუბაი). აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ახლო აღმოსავლეთის ბაზარი ძალიან საინტერესოა ჩვენთვის. ასევე, წელს ვმონაწილეობთ უმსხვილეს გამოფენებზე China International Import Expo და Sial Paris, სადაც ათეულობით კომპანია მიგვყავს.  ის პერიოდები, როდესაც გამოფენები არ იმართება, ვცდილობთ შევავსოთ სხვა აქტივობებით. მაგალითად, დავიწყეთ პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ჩამოგვყავს კონკრეტული მყიდველები, ე.წ. ბაიერები. ბაიერები არჩევენ კომპანიებს და პასუხისმგებელნი არიან იმაზე, რომ ამ კომპანიების პროდუქტი გაიტანონ სხვადასხვა ქვეყანაში.

ასევე, გვაქვს ტექნიკური მხარდაჭერის სხვა პროგრამებიც, როგორიც არის ბრენდინგი, სერტიფიცირება, უცხოურ ქსელებში შესვლის თანხის ანაზღაურება და ა.შ. ეს ყველაფერი დღეს მეწარმისთვის არის ხელმისაწვდომი, რათა კომპანიამ უპასუხოს გამოწვევებს, იყოს კონკურენტუნარიანი და სათანადოდ მოემზადოს საერთაშორისო ღონისძიებებისთვის.

- როგორ მუშაობს რეგიონებში სააგენტოს საკონსულტაციო ცენტრები, როგორია მომართვიანობა და კიდევ იგეგმება თუ არა ახალი ცენტრების გახსნა?

საკონსულტაციო ცენტრები უკვე ფუნქციონირებს საქართველოს სამ ქალაქში, წელს დამატებით გავხსნით თბილისსა და ახალციხეში. ასეთი საკონსულტაციო ცენტრები იქნება საქართველოს ყველა რეგიონულ ცენტრში, რათა მეწარმეს აღარ უწევდეს ბიზნეს სერვისების მისაღებად დედაქალაქში ჩამოსვლა. დიაგნოსტიკური კითხვარის შევსების შემდეგ, ვლინდება გამოწვევები, რის საპასუხოდაც მეწარმეებს ვთავაზობთ, როგორც ტექნიკურ, ასევე ფინანსურ დახმარებას. ჩვენვის მნიშვნელოვანია ამ სერვისის მიწოდების ხარისხი. აქ არის ბუღალტრული და ფინანსური მართვის მოწესრიგება, საგადასახადო და მარკეტინგული საკითხები. ჩვენ არამარტო საკონსულტაციო თანხას ვაფინანსებთ, არამედ ტარდება ყოველკვირეული ტრენინგები და ე.წ. ვორქშოფები, სადაც დასწრება არის უფასო. ერთადერთი, რაც მეწარმემ უნდა გააკეთოს, უნდა მოვიდეს საკონსულტაციო ცენტრში, გაიაროს დიაგნოსტიკა, დარეგისტრირდეს როგორც ჩვენი პარტნიორი ორგანიზაცია და შემდეგ, ყველა ეს სერვისი ხელმისაწვდომი იქნება მისთვის. ბათუმის შემთხვევაში მომართვიანობა იმდენად მზარდია, რომ თანამშრომლების დამატება გვიწევს. ზუგდიდსა და თელავში შედარებით ნაკლები ვიდრე ბათუმში, რადგანაც ბათუმი ეკონომიკურად უფრო აქტიურია, თუმცა მაინც მაღალი აქტივობაა. კახეთში ძირითადად სტუმარ-მასპინძლობისა და ღვინის ინდუსტრიიდან გვაქვს მომართვიანობა. ჩვენ გვინდა, რომ საკონსულტაციო ცენტრი გახდეს მაქსიმალურად დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რეგიონებში გაჩნდეს კომპეტენცია და ადგილზე მოხდეს ყველა პრობლემის მოგვარება.

- თქვენ სხვადასხვა, მათ შორის IT მიმართულების კომპანიებს, შესთავაზეთ საერთაშორისო გამოფენებში ინდივიდუალურად მონაწილეობა. რამდენმა მათგანმა ისარგებლა ამ შესაძლებლობით და რამდენად გაამართლა თქვენმა ამ მიდგომამ?

ლისაბონში, Web Summit-ზე, რომელიც არის IT მიმართულებით ყველაზე ცნობილი გამოფენა, ვფიქრობთ წელსაც წავიყვანოთ სტარტაპერები და IT კომპანიები. გვექნება ქართული პავილიონი. ასევე, შემოვიღეთ ახალი წესი: კომპანიებს შესაძლებლობას ვაძლევთ თავად აარჩიონ მათთვის სასურველი და საჭირო გამოფენა (არამხოლოდ IT, არამედ სხვა სექტორებშიც) და ვუნაზღაურებთ გამოფენაზე ინდივიდუალურად წასვლის საფასურს.

- გეგმები და მოლოდინები, რის გაკეთებასაც წლის ბოლომდე აპირებთ.

- მალე ვგეგმავთ მიკრო მეწარმეებისთვის მიკროსესხების პროგრამის განხორციელებას, რომელიც ძალიან საინტერესო პროდუქტი. მეწარმე იღებს ბანკიდან სესხს და თუ მას არ აქვს წლიურად 30 ათას ლარზე მეტი შემოსავალი, პროცენტი სრულად აუნაზღაურდება. ასევე, ამ სესხის 80 %-იან უზრუნველყოფას და გარანტიას ფინანსურად ახდენს სააგენტო (სესხის მაქსიმალური ზღვარია 50 ათასი ლარი). მიკრო მეწარმეებისთვის ეს ძალიან დიდი შესაძლებლობაა. ასევე, ინვესტიციების კუთხით ვმუშაობთ რამდენიმე მეგაპროექტზე. ჯერ სახელებს ვერ დაგისახელებთ, თუმცა გეტყვით, რომ აქ შედის ლოგისტიკური მიმართულება და სტუმარ-მასპინძლობისა და უძრავი ქონების რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი, რომლის შესახებაც ახლო მომავალში გახდება ცნობილი.

- ინვესტიციების მოსაზიდად წლის ბოლომდე ბიზნესფორუმის ორგანიზებასაც ხომ არ გეგმავთ?

- ყოველთვის გვირჩევნია პირისპირ შევხვდეთ პოტენციურ ინვესტორებს. სულ ახლახან იორდანიაში ვიყავით, სადაც იორდანიის სახელმწიფოს ვუწევთ კონსულტაციას ინვესტიციების მოზიდვის და ექსპორტის უფრო ეფექტიანი მექანიზმების დანერგვის კუთხით. ინვესტიციები არის ისეთი სფერო, რასაც სჭირდება B2B შეხვედრები. საინვესტიციო ფორუმები ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ცნობადობის ზრდისთვის, პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისითაც, თუმცა ინვესტიციების მოზიდვა უფრო ეფექტიანად ხდება სხვა მიდგომებით, რომელსაც აქტიურად ვიყენებთ.

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები