დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რუსეთის ბაზართან რაც ნაკლები იქნება კავშირი, მით უფრო სტაბილური ვიქნებით - ავტოიმპორტიორთა ასოციაცია

რუსეთის ბაზართან რაც ნაკლები იქნება კავშირი, მით უფრო სტაბილური ვიქნებით - ავტოიმპორტიორთა ასოციაცია

20-10-2023 15:00:16

რუსეთის ბაზარზე ავტომობილების რეექსპორტის  კლების მიუხედავად, სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ გაცილებით კარგი პოზიციები აქვთ ალტერნატიულ ბაზრებზე, სადაც მოთხოვნა მკვეთრადაა გაზრდილი.

შესაბამისად, რუსეთში რეექსპორტის შემცირებაში ბიზნესი პრობლემას ვერ ხედავს.

ავტომობილების იმპორტიორთა ასოციაციის დირექტორი ლაშა დარბაისელი Business Insider Georgia - თან ამბობს, რომ ყველაზე დიდი რაოდენობით საქართველოდან ავტოსატრანსპორტო საშუალებები აზერბაიჯანში, სომხეთსა და შუა აზიის რამდენიმე ქვეყანაში გადის, რაც რეექსპორტზე პრიორიტეტია. დარბაისლის შეფასებით, რუსეთში ავტომობილების რეექსპორტის მცირე იყო პანდემიამდელ პერიოდში და ახლა სწორედ ამ მოცემულობას დაუბრუნდა.

„რუსეთში რეექსპორტის კლებით ჩვენს რეალურად არაფერი გვაკლდება. რეალურად  დაუბრუნდა იმ ნიშნულს, რაც კოვიდამდე იყო. ამაში საგანგაშო არაფერია, ვინაიდან ჩვენი ბიზნესი, ხედვა და პერსპექტივა  რუსეთის ბაზარზე არასდროს ყოფილა მიბმული. არასტაბილური ბაზარია, სადაც პოლიტიკური გადაწყვეტილებები წყვეტს ბიზნესის ბედს. კარგი იქნება, თუ რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულება ნელ-ნელა შემცირდება, რაც ნაკლები იქნება ეს კავშირი, მით მეტად სტაბილური ვიქნებით, ვინაიდან ყოველთვის შეიძლება პრობლემა შეიქმნას აგრესორი ქვეყნიდან სანქციების კუთხით ან ნებისმიერი სხვა მიზეზით.

ამდენად, შეიძლება, გარკვეული თანხა დააკლდათ კომპანიებს, მაგრამ ეს არ არის ის დანაკარგი, რომ შედეგზე ნეგატიურად აისახოს. ბიზნესს გათავისებული აქვს, რომ რუსეთთან საგარეო ვაჭრობა სანქციების თვალსაზრისით დიდ საფრთხეს შეიცავს, ამიტომ რეექსპორტის კლება უნდა გავიგოთ, როგორც გარკვეულწილად რისკისგან დაცვა, ამ კუთხით, კლების სტატისტიკა შეიძლება ბიზნესისთვის უკეთესიც იყოს, სამაგიეროდ, სხვა ალტერნატიული ბაზრებიდან მატულობს მოთხოვნა, როგორიცაა აზერბაიჯანი, სომხეთი და შუა აზიის ქვეყნები“, - აცხადებს ლაშა დარბაისელი.

ცნობისთვის, 2023 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან რუსეთში 4,951 ცალი მსუბუქი ავტომობილი შევიდა, რომლის ღირებულებაც 66,946.79 ათას ლარს შეადგენდა. რაც შეეხება თვიურ ჩაშლას, სახეზეა, რომ აგვისტო სექტემბერში საქართველოდან რუსეთში მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი მინიმუმზე დავიდა. მაგალითისთვის, აგვისტოში საქართველოდან რუსეთში სულ 85 ავტომობილი შევიდა, სექტემბერში კი მხოლოდ 26 ავტომობილი.

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები