ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით აბიტურიენტების მხრიდან ბევრი კითხვა ისმის, რაზეც ისტორიის ჯგუფის ხელმძღვანელი მანანა ჯავახიშვილი პასუხობს:
- ახალ დავალებაში ანალოგიური მოვლენის დასახელებისას მოცემულ საუკუნემდე მომხდარი მოვლენა უნდა დავასახელოთ, თუ მსოფლიო ისტორიის მანძილზე მომხდარი ნებისმიერი მოვლენა?
- ახალ, 22-ე, დავალებაში ანალოგიური მოვლენის ქრონოლოგიური ჩარჩო, ეპოქა განსაზღვრული იქნება.
- 22-ე დავალებაში ანალოგია თუ პროგრამული არ იქნება და არაპროგრამულ მოვლენასთან გავავლე პარალელი, გაუქმდება პასუხი?
- თუ პასუხი ლოგიკურია და მასში არ არის დაშვებული ფაქტობრივი შეცდომა, იგი შეფასებული იქნება.
- 6-ქულიან დავალებაში თუ ერთი კითხვა ვერ დავწერეთ, მთლიანი დავალება ნულდება?
- არა. დავალების კითხვების უმეტესობა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ფასდება.
- წყაროდან ციტატის გადმოტანა შეიძლება?
- ციტატის გადმოტანა შესაძლებელია, თუ ადეკვატურად, სრულად პასუხობს შეკითხვას.
- რომელი სახელმძღვანელოების მიხედვით ხდება ტესტების შედგენა?
- ტესტები იქმნება ისტორიის მე-11 და მე-12 კლასების გრიფირებულ სახელმძღვანელოებში მოცემულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.
- წელს შეცვლილია ტესტის მაქსიმალური და მინიმალური ქულები?
- ტესტის მაქსიმალურ და მინიმალურ ქულებს წელს ცვლილება არ შეხებია. მაქსიმალური ქულა კვლავ არის 60, ხოლო აბიტურიენტი მინიმალური კომპეტენციის ზღვარს გადალახავს, თუ დააგროვებს მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტს.
- ისტორიული წყაროს დავალების შესრულება რამდენად მოითხოვს ფაქტობრივ ცოდნას? დოკუმენტს გარეთ როგორი და რა სირთულის კითხვები იქნება მოცემული?
- ისტორიული წყაროს დავალების მიზანია უცნობი წერილობითი წყაროს გაგება-გააზრება. დავალება მოითხოვს წყაროში მოცემული ისტორიული კონტექსტის მინიმალურ ცოდნას.
- რას გვირჩევთ, რაზე გავამახვილოთ ყურადღება, რომ მაღალი ქულა მივიღოთ?
- ჩემი რჩევა იქნება, ყურადღებით გაეცნოთ ტესტში მოცემულ ინსტრუქციებს, დავალებების პირობებს და მხოლოდ შემდეგ დაიწყოთ მუშაობა. არ იჩქაროთ, შეეცადეთ პასუხები იყოს ლაკონური და მკაფიო.
- კალიგრაფიას თუ ექცევა ყურადღება?
- კალიგრაფიას ყურადღება არ ექცევა, მთავარია ნაწერი იკითხებოდეს, ხშირად გამსწორებლები ვერ არჩევენ გაკრულ ხელს და შეფასებაც ვერ ხერხდება. გთხოვთ, ეს გაითვალისწინოთ.
- სქემის დროს რას უნდა მივაქციოთ ყურადღება? მისაღებია თუ არა ღია კითხვებზე მოკლე და ლაკონური პასუხების გაცემა?
- სქემის ყველა დეტალი უნდა შეისწავლოთ ყურადღებით, ასევე ტექსტიც და მხოლოდ შემდეგ გასცეთ პასუხი. პასუხებისთვის გამოყოფილია შესაბამისი ველი პასუხების ფურცელში, შეეცადეთ პასუხები იყოს ლაკონიური.
უახლესი