ევროკავშირის ქვეყნების მაღალჩინოსნების ინფორმაციით, ბლოკის 27 სახელმწიფოდან ცხრაში 2023/2024 აგრარულ სეზონზე ზეითუნის ზეთის წარმოება 1,5 მილიონ ტონას მიაღწევს. ამის შესახებ რამდენიმე ევროპული მედია წერს.
მიმდინარე წელს მიღებული მოსავლის მოცულობიდან და ბაზარზე არსებული დეფიციტიდან გამომდინარე, ექსპერტების შეფასებით, ზეითუნის ზეთზე ფასები მაღალი დარჩება.
ევროკომისიის მონაცემებით, მოკლევადიანი სტატისტიკა სავარაუდოდ იძლევა იმის საფუძველს, რომ არსებული გარემოებები ევროკავშირის ბაზარზე ზეითუნის ზეთის მოხმარებასა და ფასებზე გავლენას მოახდენს.
თუ ევროკავშირის პროგნოზი გამართლდება, 2023/2024 აგრარულ წელს ზეთის ხილის წარმოება დაგეგმილზე 9%-ით მეტი იქნება.
ზეთის ხილის მოსავლის ისტორიული მინიმუმი გასულ სეზონზე დაფიქსირდა, როცა ევროკავშირის წევრმა მწარმოებელმა ქვეყნებმა ჯამურად 1.383 ტონა მოსავალი მიიღეს.
ცნობილია, რომ 2017-2018 წლებში და ასევე 2021-2022 წლების სეზონზე ევროკავშირში ზეთის ხილის წარმოება წლიურად საშუალოდ 2,13 მილიონ ტონას შეადგენდა.
ბრიუსელში ოფიციალური პირები აღნიშნავენ, რომ ზეითუნის ზეთის მწარმოებელი 4 დიდი ქვეყნიდან სამი ზეთის ხილის მოსავლიანობის კუთხით 2023 წელს პრობლემების წინაშე აღმოჩნდა - ყველაზე მწვავედ კი იტალია. იტალიაში, გაზაფხულის სეზონზე წვიმების გამო ქვეყნის სამხრეთში ზეთის ხილის ბაღები ყვავილობისას დაზიანდა. ამასთან, ესპანეთში, პორტუგალიასა და საბერძნეთში ზეთის ხილის ბაღებზე გაზაფხულის სეზონზე მაღალმა ტემპერატურამ ნეგატიური გავლენა იქონია.
ევროკავშირში არის მოლოდინი, რომ საბერძნეთში ზეთის ხილის მოსავალი 2023/24 სეზონზე 20%-ით შემცირდება. წარმოების შემცირების ფონზე, ევროკავშირში ზეითუნის ზეთის მარაგები მცირეა.
ბრიუსელის მონაცემებით, მიმდინარე სეზონზე ზეითუნის ზეთის მარაგი 307 000 ტონას შეადგენს. გასულ წელს კი მარაგი 670 000 ტონას შეადგენდა.
მოსალოდნელია, რომ ევროკავშირში მარაგები იმპორტის ხარჯზე შეივსოს. კერძოდ, იგეგმება ტუნისიდან 160 000 ტონის ექსპორტირება. ამის მიუხედავად, ევროკავშირი პროგნოზირებს, რომ ზეითუნის ზეთის ბაზარზე დაძაბულობა და ფასების ზრდის დინამიკა გაზაფხულის სეზონამდე შენარჩუნდება.
ანგარიშის თანახმად, პირველი დაწურვის ზეითუნის ზეთის ფასები ესპანეთში, მსოფლიოში ყველაზე დიდ რეგიონულ საწარმოში აგვისტოს ბოლოს 100 კილოგრამზე 820 ევრო დაფიქსირდა, რაც ისტორიული მაქსიმუმია და ბოლო 5 წლის საშუალო მაჩვენებელს სამჯერ აღემატება.
მოსალოდნელია, რომ ზეითუნის ზეთზე ფასების ზრდას წარმოების შემცირების ფონზე ნეგატიური გავლენა ჰქონდეს ევროკავშირის ქვეყნებიდან ექსპორტზე.
ევროკავშირის ქვეყნებიდან 2023 წლის აპრილ-ივნისში ზეითუნის ზეთის ექსპორტი 40%-ით შემცირდა, ხოლო 2022 წელს 2023 წელთან შედარებით 23%-ით.
ბრიუსელის მონაცემებით, ზეითუნის ზეთზე რეკორდულად მაღალ ფასებს, ასევე გავლენა აქვს მოთხოვნაზე ევროკავშირის იმ ქვეყნებში, სადაც ამ პროდუქტს არ აწარმოებენ. მოსალოდნელია, რომ მოთხოვნა 280 000-290 000 ტონამდე შემცირდეს. შესაძლოა, ზეითუნის ზეთის მწარმოებელ ძირითად ოთხ ქვეყანაში მოთხოვნა 2022/2023 წლის სეზონზე 1.02 მილიონი ტონიდან 2024 წელს 950 000 ტონამდე შემცირდეს.
ჯამში კი, ზეითუნის ზეთის მოხმარება ევროკავშირში 6%-ით შემცირდება.
უახლესი