დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რატომ დაზიანდა სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთზე მშენებარე ხიდის ბურჯი - ექსპერტიზის დასკვნა

რატომ დაზიანდა სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთზე მშენებარე ხიდის ბურჯი - ექსპერტიზის დასკვნა

29-12-2023 11:06:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალური გზის სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთზე მშენებარე ხიდის ბურჯისა და მალების ჩავარდნის მიზეზების დასადგენად მიმდინარე ექსპერტიზა დასრულდა. 

ხიდის კონსტრუქციული ნაწილის კომპლექსური საექსპორტო კვლევა, საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა  ბიურომ ჩაატარა.  

ჩატარებული ექსპერტიზით დადგინდა, რომ ხიდის მე-8 ბურჯის ჩავარდნის მიზეზი იყო პროექტთან შეუსაბამოდ და უხარისხოდ მოწყობილი როსტვერკი (ხიმინჯოვანი საძირკვლის ზედა ნაწილის კონსტრუქცია). წყალდიდობამ წარეცხა როსტვერკის ქვეშ გრუნტი, რომლის ფილამ ვეღარ გაუძლო დგარების დაწოლას. დგარებმა ჩახვრიტა როსტვერკი, რის გამოც ბურჯის ორი მალი ჩაიშალა მდინარის კალაპოტში. 

ექსპერტიზა ჩაუტარდა ხიდის სხვა კონსტრუქციულ ელემენტებსაც და დასკვნის მიხედვით, აღმოჩენილი იქნა პროექტთან შეუსაბამოდ, ხარვეზებით და უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები. 

ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, საავტომობილო გზების დეპარტამენტი უმოკლეს ვადაში გამოაცხადებს პროექტირება-მშენებლობის ტენდერს, რომლის ფარგლებშიც ჩატარდება დამატებითი საპროექტო კვლევები, მომზადდება ხიდის შესაბამისი საინჟინრო პროექტი და ჩატარდება საჭირო სამუშაოები. 

იმის გათვალისწინებით, რომ ხიდის ბურჯისა და მალის ჩავარდნის ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება, ექსპერტიზის დასკვნა გადაეგზავნა საგამოძიებო ორგანოს. გამოძიების პარალელურად, ზიანის ანაზღაურების მიზნით, საავტომობილო გზების დეპარტამენტი იწყებს შესაბამის სამართლებრივ ღონისძიებებს  ყველა აუცილებელი მექანიზმის გამოყენებით. 

სამტრედია-გრიგოლეთის 51 კილომეტრიანი მაგისტრალური გზის მშენებლობა 4 მონაკვეთად მიმდინარეობდა. ორ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გახსნილია, მესამე 12 კმ-იან მონაკვეთზე გრძელდება სამშენებლო სამუშაოები. 11 კმ-იანი მონაკვეთიდან კი, რომლის შემადგენელ ნაწილსაც წარმოადგენს მშენებარე ხიდი, დასრულებულია 10 კმ გზის მშენებლობა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები