ტურიზმის სექტორში დაგეგმილი რეფორმის მიზანს მრავალფეროვანი ტურისტული სერვისების განვითარება, მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა და მომხმარებელთა უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენს. აღნიშნული თავის მხრივ, ქვეყანაში მაღალმხარჯველიანი ტურისტების მოზიდვის წინაპირობაა.
როგორც „რეფორმეტრის“ მიერ მომზადებულ ანგარიშშია აღნიშნული, რეფორმასთან დაკავშირებული შეფასების ეკონომიკური ინდიკატორების შერჩევისას გამოყენებულია ტურისტების წარმოშობის ადგილთან, ვიზიტორების საშუალო დანახარჯებთან და ვიზიტის ხანგრძლივობასთან, განხორციელებულ აქტივობებსა და დანახარჯების სტრუქტურასთან, ტურისტული პაკეტით სარგებლობისა და კმაყოფილების მაჩვენებლებთან დაკავშირებული მიმართულებები.
„საერთაშორისო ვიზიტორის დანახარჯების მაჩვენებელი, მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მისი წარმოშობის ქვეყნის განვითარებაზე. მაღალგადახდისუნარიანი ტურისტების მოზიდვა, მაღალი შემოსავლების ქვეყნებიდან საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობის ზრდას გულისხმობს. შესაბამისად, მაღალმხარჯველიანი ტურისტული ბაზრებიდან მოგზაურების მოზიდვის მიმართულებით, რეფორმის პროგრესის შეფასების ინდიკატორად საერთაშორისო ვიზიტებში შემოსავლების მიხედვით ქვეყნების განაწილება განისაზღვრა.
2019-2022 წლების ტენდენციის მიხედვით, ტურისტების ძირითადი ნაკადი საშუალოზე მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნებიდან შემოდის. მაღალმხარჯველიანი ტურისტების მოზიდვისათვის კი, მნიშვნელოვანია მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნებიდან შემოსული ვიზიტორების წილის ზრდა. გასათვალისწინებელია, რომ 2019-2022 წლების პერიოდში, არსებული დინამიკა დიდ წილად პანდემიის გავლენით არის განპირობებული. აღსანიშნავია, რომ 2022 წელს, 2019 წელთან შედარებით მცირედით გაზრდილია (13%-დან 16%-მდე) მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნების წილი.
ტურიზმიდან შემოსავლების ზრდის მიმართულებით, ასევე მნიშვნელოვანია ვიზიტების ხანგრძლივობისა და ვიზიტზე საშუალო დანახარჯის ინდიკატორების შეფასება. 2019-2022 წლების პერიოდში, გაორმაგებულია ვიზიტზე საშუალო დანახარჯის მაჩვენებელი, რაც ნაწილობრივ ვიზიტზე საშუალო ხანგრძლივობის ზრდასთან არის დაკავშირებული“, - აღნიშნულია „რეფორმეტრის“ მიერ მომზადებულ „ტურიზმის რეფორმის პროგრესის შეფასებით ანგარიშში“.
როგორც ანგარიშში წერია, მრავალფეროვანი ტურისტული შეთავაზებების განვითარების პროგრესის შეფასებისათვის შეირჩა სამი ინდიკატორი.
პირველი მოიცავს საერთაშორისო ვიზიტორების მთლიან დანახარჯებში რეკრეაციის, კულტურული და სპორტული აქტივობების მაჩვენებლებზე დაკვირვებას. დანახარჯების სტრუქტურა მოიცავს განთავსების, კვების, შოპინგის, ტრანსპორტის, რეკრეაციის, კულტურული და სპორტული აქტივობების და სხვა დანახარჯების კატეგორიას. წარმოდგენილი კატეგორიებიდან ტურისტული შეთავაზებების განვითარება კი, დაკავშირებულია შერჩეულ აქტივობაზე მომხმარებლების დანახარჯების ზრდასთან.
„2019-2022 წლებში, ამ მიმართულებით უარყოფითი ტენდენცია გამოიკვეთა და დანახარჯები 24%-ით შემცირდა. შედარებისათვის, ამ პერიოდში, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული მთლიანი ხარჯები 27%-ით არის გაზრდილი. რეკრეაციაზე, კულტურულ და სპორტულ აქტივობებზე დანახარჯების კლების შედეგად, 18%-დან 11%-მდეა შემცირებული აღნიშნული მიმართულების წილი მთლიან დანახარჯებში.
მრავალფეროვანი ტურისტული სერვისების განვითარება, ასევე ვიზიტორების მიერ განხორციელებული აქტივობების მაჩვენებლებში ისახება. ტურიზმის დარგში სათავგადასავლო შეთავაზებების ხარისხის ზრდისა და უსაფრთხოების სტანდარტის განვითარების ეფექტიანობის შეფასებისათვის, დასაკვირვებელ აქტივობებად განისაზღვრა სრიალის, ბუნების, ლანდშაფტების, ნაკრძალების მონახულებისა და მთასვლელობის კატეგორიები. სრიალისა და მთასვლელობის მიმართულებით განხორციელებული აქტივობების წილი მთლიან ვიზიტებში ძალიან მცირეა (შესაბამისად, 2% და 1.4%). შედარებით მაღალია ბუნების მონახულების მიმართულებით განხორციელებული აქტივობები. 2022 წლის მონაცემებით, საერთაშორისო ვიზიტორების 20%-მა მოინახულა ბუნების, ლანდშაფტისა და ნაკრძალის ტერიტორია. კიდევ ერთ აქტივობას, რომელიც აგროტურისტული სერვისების განვითარებასთან არის დაკავშირებულია სასოფლო-სამეურნეო აქტივობებში ჩართულობა წარმოადგენს. 2022 წელს, ამ მიმართულებით განხორციელებული აქტივობების რაოდენობამ 16,779, რაც 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 75%-ით არის შემცირებული.
საჯარო-კერძო დიალოგის შეხვედრაზე გამოთქმული რეკომენდაციის შესაბამისად, რეფორმის მიმდინარეობის პროგრესის შეფასების ინდიკატორად ასევე განისაზღვრა დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორების რაოდენობა. ბოლო წლებში, დაცულ ტერიტორიებზე სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების საფუძველზე, გაიზარდა მოთხოვნა მათ მონახულებაზე. აღსანიშნავია, რომ პანდემიის შედეგად, ვიზიტორების რაოდენობის 80%-იანი კლების შემდეგ, 2020 წლიდან ზრდის ტენდენცია ფიქსირდება. 2022 წლისათვის დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტების აღდგენის მაჩვენებელმა 75% შეადგინა“, - აღნიშნულია „რეფორმეტრის“ მიერ მომზადებულ ანგარიშში.
უახლესი