სოფლის მეურნეობის სფეროში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა უამინდობასა და წამლობების სისწორეს უკავშირდება, რაც მომავალ წელსაც გამოწვევად რჩება.
როგორც ფერმერთა მომსახურების ცენტრ ,,ბარაქას“ მთავარი აგრონომი ლიკა ბალარჯიშვილი Business Insider Gerogia- თან ამბობს, ფერმერებთან კონსულტაციებისა და ცოდნის ამაღლებაში აქტიურად არიან ჩართული და ფერმერებს სხვადასხვა აქტივობებს აცნობენ, აქვთ როგორც ონლაინ და სატელეფონო კომუნიკაცია, ასევე ფიზიკურ შეხვედრებს აწყობენ და ცოდნას უზიარებენ.
„ფერმერებს რეკომენდაციას ვუწევდით მთელი სეზონის განმავლობაში, მაქსიმალურად ვეხმარებოდით, რომ ხარისხიანად ჩატარებულიყო წამლობა, რაც მოსავლიანობის ზრდის ერთ-ერთი მთავარი პირობაა. აგრომეურნეობაში წელს ძირითადი პრობლემა გახლავთ ნალექების სიჭარბე, რასაც სამწუხაროდ ვერ ვშველით. ამან გამოიწვია ისიც, რომ სხვადასხვა პერიოდში გამოვიდნენ მავნებლები.
ვცდილობდით, ზუსტად დაგვესვა პერიოდი, როდის ჩაგვეტარებინა წამლობა, რომ სასურველი შედეგი მიგვეღო. ერთ ერთი გადამწყვეტი ფაქტორია წამლობისთვის დროის სწორად შერჩევა. უმაღლესი ხარისხის პრეპარატითაც კი ვერ მიიღება შედეგი, თუკი არასწორად მოხდება მისი გამოყენება. საკმაოდ ბევრ ადამიანს გავუწიეთ მომსახურება, მათ შორის როგორც ქართველ, ასევე უცხოელ ფერმერებს“, - ამბობს ლიკა ბალარჯიშვილი.
კიდევ ერთი გამოწვევა, რაზეც ,,ბარაქას“ მთავარი აგრონომი ყურადღებას ამახვილებს, ფერმერულ მეურნეობებში ცოდნის დეფიციტია. მისი თქმით, პრობლემა განსაკუთრებით წვრილი ფერმერების კუთხით იკვეთება.
„ფერმერების დიდი ნაწილი არაკვალიფიციურია. ნაკლებად არიან გარკვეული პრეპარატების გამოყენებაში, ასევე ვერ ერკვევიან წამლობების ჩატარების პროცედურებში. შეიძლება, აგროტექნიკური ღონისძიებები კარგად ესმით, მაგრამ როცა საქმე თანამედროვე ტექნოლოგიებს ეხება, ვუზიარებთ ცოდნას და გამოცდილებას, რომელიც უცხოელი კონსულტანტებისგან გვაქვს მიღებული. მნიშვნელოვანია ფერმერმა იგრძნოს მხარდაჭერა, რომ ნებისმიერ დროს გვერდში ჰყავს ადამიანი, ვისი იმედიც შეუძლია ჰქონდეს“, - ამბობს ლიკა ბალარჯიშვილი Business Insider Gerogia- თან. ცნობისთვის,
„ბარაქა“ ახალგაზრდა პროფესიონალთა გუნდია, რომელიც უკვე წლებია სასოფლო-სამეურნეო სფეროს განვითარებაზე მუშაობს. ინოვაციებზე დაყრდნობით კომპანია ცდილობს, დაეხმაროს ფერმერებს სამომავლო მიზნების მიღწევაში და ხელს უწყობს სასოფლო-სამეურნეო სფეროს განვითარებას საქართველოში. ცნობისთვის, დღეს მდგომარეობით ქვეყანაში „ბარაქას“ 13 ფილიალია, სადაც 121 ადამიანია დასაქმებული.
უახლესი