დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ყველა წარმატებულ მოსწავლეს ჩვენს პოტენციურ პარტნიორებად და გუნდის წევრებად აღვიქვამთ - re:school-ის დამფუძნებელი

ყველა წარმატებულ მოსწავლეს ჩვენს პოტენციურ პარტნიორებად და გუნდის წევრებად აღვიქვამთ - re:school-ის დამფუძნებელი

30-05-2023 14:00:09

re:school/რე:სქულ - არის სივრცე სადაც 9-15 წლამდე ბავშვები და 15+ ახალგაზრდები ვებ პროგრამირებას, თამაშების შექმნას, UI/UX დიზაინსა და კიბერ უსაფრთხოებას ეუფლებიან. რა გეგმები აქვს re:school-ს, როგორ ვითარდება სკოლა და რა სიახლეებს შესთავაზებს მოსწავლეებს, ამ და სხვა საკითხებზე Business Insider Georgia დამფუძნებელ სალომე მგელაძეს ესაუბრა:

 

  • რა ტიპის განათლებას მიღება ხდება „რე:სქულში“ და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ თქვენი სკოლის მოსწავლეები?

 

რე:სქულის ძირითადი მიმართულებებია: ვებ პროგრამირება, თამაშების შექმნა, UI/UX დიზაინი და კიბერ უსაფრთხოება. ვინაიდან რე:სქულის მისიაა, რომ ტექნოლოგიების მომხმარებლები მათ შემქმნელებად ვაქციოთ, ვფიქრობთ, რომ მხოლოდ ამ ყოველივეს შესწავლა არ არის საკმარისი წარმატებისთვის, ამიტომ ჩვენ გვაქვს კომბინირებული მოდულები და ყველა რე:სქულის მოსწავლე ციფრული ტექნოლოგიების გარდა სწავლობს, თუ როგორ დაიწყოს საკუთარი ბიზნესი. ასევე სწავლობს ცხოვრების სწორად დაგეგმვას, ემოციურ ინტელექტს, საკუთარ ბალანსს ონლაინ სამყაროში და ა.შ. ყოველივე ამის გარდა, ნუტრიციოლოგები, სპორტსმენები და ფიტნეს-ტრენერები უტარებენ ტრენინგებს ბავშვებს ჯანსაღი წესის მნიშვნელობაზე, რათა კარგად გაიაზრონ თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს სწორ კვებას, ძილის სწორ რეჟიმს და ვარჯიშს პროდუქტიულობისთვის და შესაბამისად, წარმატებისთვის.

დამატებითი შეხვედრებისა და ტრენინგების ჩამონათვალი ყოველ წელს ახლდება ბავშვების საჭიროებებიდან გამომდინარე, სექტემბრიდან ChatGPT -იც დაემატება ჩამონათვალს.

რაც შეეხება კრიტერიუმებს, რე:სქულში მოსახვედრად, ბავშვებს უტარდებათ გასაუბრება რე:სქულის განათლების ფსიქოლოგებთან, რომლებიც ყველა ეტაპზე ჩართულები არიან სასწავლო პროცესში და თითოეული გაკვეთილის მსვლელობაში, რათა სასწავლო პროცესი იყოს სრულიად ინკლუზიური.

 

  • 15 წლამდე და 15 წლის ზემოთ ასაკობრივ კატეგორიების მიხედვით, რა ტიპის მიმართულებებზეა მოთხოვნა და ამ ინტერესს რა განაპირობებს ამას და თქვენი აზრით, დღეს ბაზარზე რომელი პროგრამებია ყველაზე დიდი მოთხოვნადი? (ქოუდინგი, დიზაინი, ა.შ)

 

რე:სქული ფარავს 9-15 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას, ხოლო რე:ედუქეითი 15+ ახალგაზრდებისთვის არის. ყველაზე მოთხოვნადი, ორივე შემთხვევაში, ვებ პროგრამირებაა და ამას, რა თქმა უნდა, როგორც ლოკალური, ისე გლობალური ბაზრის მოთხოვნები განაპირობებს.

პროგრამისტობა, დღეს, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი პროფესიაა მსოფლიოში, რომელიც საშუალებას იძლევა იმუშაო ევროპასა და ამერიკაში დისტანციურად, არ გადაიხადო იქაური გადასახადები, თუმცა აიღო „ევროპული“ და „ამერიკული“, საქართველოზე გაცილებით მაღალი ხელფასი.

 

  • „რე:სქულში“ სწავლა რა პერიოდზეა გავლილი და რა ბენეფიტები აქვთ თქვენი სკოლის კურსდამთავრებულებს?

 

რე:სქულში ძირითადად 18 თვიანი მოდულები გვაქვს. ბენეფიტებს რაც შეეხება, ჩვენ რე:სქულის ყველა წარმატებულ მოსწავლეს ჩვენს პოტენციურ პარტნიორებად და გუნდის წევრებად აღვიქვამთ. მოგეხსენებათ, რომ რე:სქული რე:ინვენთ ჰოლდინგის ნაწილია, მისი საგანმანათლებლო მიმართულებაა, რე:ინვენთი კი პირველი ვენჩურული სტუდიაა საქართველოში, რომელიც 40-ზე მეტ სტარტაპს აერთიანებს, შესაბამისად, რე:სქულისა და რე:დუქეითის წარმატებული მოსწავლეები და სტუდენტები ჩვენივე სტარტაპებში საქმდებიან ან ვეხმარებით ჩვენს მეგობარ, პარტნიორ კომპანიებში დასაქმებაში. თუმცა, ხაზგასმით ვამბობ, რომ წარმატებული სტუდენტები და არა ყველა სტუდენტი. ასევე, რე:სქულში ყოველი წლის ბოლოს ვლინდება ყველაზე წარმატებული, როგორც ჯგუფი ბავშვებისა, ისე ინდივიდი და მათ ვეხმარებით საკუთარი სტარტაპის დაწყებაში. ივნისის შუა რიცხვებში გამოვლინდება მიმდინარე წლის გამარჯვებული გუნდი. ვფიქრობ, ეს საუკეთესო მოტივაციაა ბავშვებისთვის. როგორია სწავლის საფასური და ხომ არ თანამშრომლობთ ამ მიმართულებით რომელიმე ფინანსურ ინსტიტუტთან? სწავლის საფასური 400 ლარია თვეში, თუმცა, სპეციალური კვოტა გვაქვს სოციალურად დაუცველი და ნიჭიერი ბავშვებისთვის რე:სქულში, რომლებიც აბსოლუტურად უფასოდ სწავლობენ. ამის გარდა, რამდენიმე პროექტს ვახორციელებთ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში და ჩვენ ვაფინანსებთ ახალგაზრდების სწავლას, ერთ-ერთი მათგანია გალელი ახალგაზრდებისთვის პროგრამირების შესწავლა, რომელსაც სრულად აფინანსებს რე:ინვენთი და რე:სქული. თუმცა, სურვილი მაქვს, რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავწვდე და ვასწავლო პროგრამირება, რაც შეიძლება მეტად მოვიცვა მარგინალიზებული ჯგუფები და ამ მიზნით, რა თქმა უნდა, ვეძებ დონორებს, რადგან მხოლოდ საკუთარი სახსრებით, ყველა იმ მასშტაბურ პროექტს, რაც ჩაფიქრებული გვაქვს ვერ განვახორციელებთ. დანარჩენ პროექტებზე და გეგმებზე, რასაც სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ახორციელებს ჩვენი კომპანია, მოგვიანებით მოგიყვებით.

 

  • როგორია თქვენს სკოლაში სწავლებაზე მოთხოვნა და ზოგადად ხომ არ ფიქრობთ გაფართოებას და რამდენიმე ფილიალის გახსნას, თუნდაც ფილიალები გახსნათ საქართველოს დიდ რეგიონებში?

 

მოთხოვნა დიდია და დიახ, ვაპირებთ გაფართოებას. სექტემბრიდან რე:სქული ბათუმსა და ქუთაისშიც იქნება წარმოდგენილი, უახლოეს წლებში კი გვსურს, რომ საქართველოს დიდი ნაწილი მოვიცვათ.

 

  • დღეისათვის რამდენი მოსწავლეა „რე:სქულში“ ?

 

250 +

 

  • მოსწავლეების რაოდენობის ზრდის პარალელურად, მნიშვნელოვანია პედაგოგთა რაოდენობის ზრდაც. ამ მიმართულებით თუ აწყდებით პრობლემებს? რამდენად მარტივია „რე:სქულში“ მუშაობის დაწყება?

 

რე:ინვენთს ჰყავს ძალიან დიდი და ძლიერი გუნდი, რომლის წევრებიც კვირის განმავლობაში რე:ინვენთსა და მის სტარტაპებში მუშაობენ, ხოლო შაბათ-კვირას რე:სქულსა და რე:ედუქეითში ასწავლიან, თუმცა მოთხოვნიდან გამომდინარე, ჩვენი გუნდის წევრებით, რა თქმა უნდა, ვეღარ გავწვდებით სწავლებას, ამიტომ ვეძებთ ახალ კადრებს, მოხდება მათი გადამზადება და შემდეგ ჩვენს გუნდში აყვანა.

რე:სქულში მუშაობის დაწყება ადვილი არ არის, რადგან საკმაოდ მაღალი თამასა გვაქვს კადრების აყვანის და ძალიან მაღალი დონის, მოქმედი პროფესიონალი, წინა ხაზზე მყოფი ადამიანი უნდა იყოს, რომ მივცეთ უფლება ასწავლოს ბავშვებს. ჩვენი მენტორი არის პირველი ქართული კომპიუტერული თამაშის შემქმნელი, პირველი ქართული ხმოვანი ასისტენტის შემქმნელი და ა.შ. პროფესიონალი კადრები უდაოდ რე:სქულისა და რე:ედუქეითის ძლიერი მხარეა.

 

  • „რე:სქულის“ მხრიდან ხდება თუ არა ბიზნეს იდეების შეგროვება და შემდგომ მათ რეალიზებაში დახმარება?

 

თუ არის შესაძლებელი კონკრეტულ მაგალითებზე საუბარი? რე:სქული შემოდგომაზე დავაფუძნეთ, 15 ოქტომბერს დაიწყო სწავლა რე:სქულის პირველმა ჯგუფმა, შესაბამისად, როგორც ზემოთ ვახსენე, ოქტომბრის შუა რიცხვებში გვექნება დასკვნითი ღონისძიება, სადაც ყველა მოქმედი ჯგუფიდან საუკეთესო ხუთეულები და ინდივიდები (საუკეთესო შეფასებების მქონე ბავშვები) გააკეთებენ pitch deck - ებს და გამოვლინდება გამარჯვებული. მათ შეაფასებენ რე:სქულისა და რე:ინვენთის დამფუძნებლები და გამარჯვებული გუნდი + ინდივიდი - დაიწყებენ ბიზნესს დამფუძნებლებისა და ინვესტორების ჩართულობით, რა თქმა უნდა. რე:სქულის ბავშვების პირველი სტარტაპი მეც ძალიან მაინტერესებს და აუცილებლად გაგიზიარებთ, თუ როგორ განვითარდება მოვლენები და რა შედეგებზე გავლენ ისინი. რაც შეეხება რე:ედუქეითს, მისი წარმატებული სტუდენტები უკვე მუშაობენ, როგორც რე:ინვენთის სტარტაპებში, ისე თვითონ რე:ედუქეითშიც.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები