პურის წარმოებაში კადრების დიდი სიმცირეა. პრობლემა მოსახლეობის გადინებას უკავშირდება, რამაც კომპანიებს დიდი პრობლემა შეუქმნა. მწარმოებლებს ჩანაცვლება ნაკლებად კვალიფიციური კადრით ან სულაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებით უწევთ.
„პურის მწარმოებელთა კავშირის" თავმჯდომარის, მალხაზ დოლიძის განცხადებით, სექტორმა თანამშრომლების დაახლოებით 25% დაკარგა.
„კადრების გადინება დაიწყო და ეს პროცესი ჩვენს წარმოებასაც შეეხო. ამას სექტორში რამდენიმე მიზეზი განაპირობებს: ხელფასები დაბალია, ცხელი გარემოა, რთული სამუშაო, რის გამოც ადგილობრივ ბაზარზე დასაქმება ნაკლებად მიმზიდველია. ერთ-ერთ კომპანიაში დასაქმებულები მასიურად წავიდნენ სამუშაოდ ევროპაში, სერიოზული პრობლემაა.
კადრების დაახლოებით 25% დაკარგა დარგმა, წარმოებას არ ვაჩერებთ და მოგვყავს მუშახელი, მაგრამ კვალიფიციური კადრის სიმცირეა. ამის გამო ზოგიერთი იძულებული გახდა უცხო ქვეყნის მოქალაქეები დაესაქმებინა, უფრო მეტი შანსი ამ მხრივ რუსულენოვან კადრს აქვს და მათ უკვე არც უჭირთ საქართველოში დასაქმება", - აცხადებს მალხაზ დოლიძე Business Insider Georgia - თან.
„პურის მწარმოებელთა კავშირის" ხელმძღვანელმა პურის ფასზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ დროისთვის ფასი დაახლოებით 10 თეთრით შემცირდა და ეს საკითხი ჯერჯერობით აღარ გადაიხედება, თუკი გადასახადების კუთხით მთავრობა პოლიტიკას არ შეცვლის.
მალხაზ დოლიძე კომუნალურ ხარჯზე აკეთებს აქცენტს, რომლის წილიც პროდუქტის თვითღირებულებაში დაახლოებით 30%-ს შეადგენს.
უახლესი