დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ორბის“ პროექტი იქნება ლოკომოტივი, ბახმაროს შემდგომი განვითარებისთვის - ირაკლი კვერღელიძე

„ორბის“ პროექტი იქნება ლოკომოტივი, ბახმაროს შემდგომი განვითარებისთვის - ირაკლი კვერღელიძე

27-02-2024 14:34:00

ეს პროექტი ბახმაროსთვის უმნიშვნელოვანესია და უზრუნველყოფს კურორტის განვითარებას, სამუშაო ადგილების შექმნას, სოფლად ადამიანების დაბრუნებას, ახალი კვალიფიციური კადრების მომზადებასა და ინფრასტრუქტურის შექმნას და მეტი ტურისტის მიღებას, - ამის შესახებ „ორბი ჯგუფის“ დირექტორმა ირაკლი კვერღელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, კომპანიას არც დრო და არც ფინანსები ამ პროექტთან დაკავშირებით არ დაუზოგავს, იმისთვის, რომ მიეღო ბახმაროსთვის ყველაზე საუკეთესო პროექტი.

„მოცემულ შემთხვევაში კომპანიას არ აქვს არანაირი ინტერესი, რომ დააზიანოს და გაანადგუროს ბახმაროს ლანდშაფტი.

ჩვენი მიზანია, რომ ბახმარო თანამედროვე, მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო კურორტად ვაქციოთ. გამოვიყენოთ მსოფლიოში არსებული წარმატებული მაგალითები. ყველაზე წარმატებული პრაქტიკა, რომელიც მოქმედებს შვეიცარიის, საფრანგეთის, ავსტრიის, სკანდინავიის ქვეყნების, აშშ-სა და ნებისმიერი სამთო კურორტებში და სწორედ ამ პრაქტიკისა და ავთენტურობის შენარჩუნებით მივიღოთ საუკეთესო პროექტი.

სწორედ ამიტომ „ორბმა“, არა მხოლოდ  WilkinsonEyre -ს არამედ 7 საერთაშორისო წამყვან არქიტექტორულ კომპანიებს დაუკვეთა აღნიშნული პროექტი და შესაბამისად თითოეულ მათგანს მისცა დავალება, რომ თავისი შეხედულებისამებრ გენგეგმით გათვალისწინებული პარამეტრებით შეემუშავებინა. თუ ჩვენ გვინდა, რომ მინიმალურად შევეხოთ ლანდშაფტს, მინიმალურად დავარღვიოთ კონტურები რომელიც ჩვენს არეალშია, მაშინ უნდა განხორციელდეს ცენტრალიზებული სერვისების მქონე მრავალფუნქციური კომპლექსი იმ პარამეტრებით, მოცულობითა და იმ ინტენსივობის კოეფიციენტით, რაც გენგეგმით არის განსაზღვრული“ - განაცხადა ირაკლი კვერღელიძემ .

კომპანია „ორბი ჯგუფი“ ბახმაროში, მრავალფუნქციური სასტუმროს მშენებლობას იწყებს.მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსის აპარტამენტების გაყიდვა უკვე დაიწყო. პროექტის ტერიტორია მოიცავს 8 ჰექტარ მიწის ნაკვეთს, საიდანაც 1 ჰექტარზე სასტუმრო კომპლექსის შენობა განთავსდება, ხოლო 7 ჰექტარი დაეთმობა რეკრეაციულ და დასასვენებელ სივრცეებს. სასტუმრო კომპლექსი გააერთიანებს 350 აპარტამენტს და სასტუმრო ინფრასტრუქტურას. კომპლექსში განთავსდება სპორტულ მოედნები, რესტორნები, კაფეები, სპა და სპორტულ გამაჯანსაღებელი ცენტრები, მოეწყობა ასევე დასასვენებელი პარკი, ატრაქციონები, რეკრეაციული ზონები, ბავშვთა გასართობი ცენტრი, კინო-თეატრი, საცურაო აუზი და პარკინგი, რაც კურორტს საშუალებას მისცემს ყოველწლიურად 300 000-ზე მეტ ტურისტს მოემსახუროს.

კომპლექსის დასრულების ვადა 2025 წლის დეკემბერია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის განკარგულებით, კომპანია „ორბი ჯგუფ ბახმაროს“ კურორტ ბახმაროში 9 მიწის ნაკვეთი საკუთრებაში, სიმბოლურ ფასად, 1 ლარად 2019 წლის 15 მაისს გადაეცა. ნაკვეთების საერთო ფართობი 43 269 კვ.მ-ია.

განკარგულების თანახმად, კომპანიამ არანაკლებ 50 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 წლის ვადაში „ორბი ჯგუფს“ ამ მიწის ნაკვეთებზე, ან მათ ნაწილზე მრავალფუნქციური კომპლექსის აშენება ევალება, რაც მოიცავს არანაკლებ 120-ნომრიან სასტუმროებს, კვების ობიექტებს, სპორტულ მოედნებსა და სხვა ინფრასტრუქტურას.

ამასთან, ცნობილია, რომ  ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 წლის ვადაში „ორბი ჯგუფისთვის“ გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი არ უნდა აშენდეს.

2023  წლის მარტში კურორტ ბახმაროს მაღალმთიანი დასახლების სტატუსიც მიენიჭა.

„ორბი ჯგუფი ბახმარო“ 2018 წლის 27 დეკემბერს არის რეგისტრირებული. მისი დირექტორი ირაკლი კვერღელიძეა, ხოლო 100 % წილის მესაკუთრე ზვიად ზოიძეა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები