საქართველოში მზის პანელების მონტაჟზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს Helios Energy-ის დამფუძნებელმა თორნიკე დარჯანიამ განუცხადა.
მისი თქმით, მზის ენერგიის ასოციაციის წევრი კომპანიებიც აცხადებენ, რომ შეკვეთების რაოდენობა გაეზარდათ და სულ უფრო მეტ მეწარმეს აქვს სურვილი, რომ მზის პანელები დაამონტაჟოს და წარმოებაში ელექტროენერგიის ხარჯები შეამციროს ან გაანულოს.
Helios Energy-ის დამფუძნებელი ამბობს, რომ ყველაზე აქტიური აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებია, მათ შორის კახეთი.
„აქტიურია თბილისი, კახეთი შიდა ქართლი. ალბათ იმის გამო, რომ ინდუსტრია თავმოყრილია აღმოსავლეთ საქართველოში. ჩვენი პროექტების 90% აღმოსავლეთ საქართველოში განვახორციელეთ. ჩვენ 500 კილოვატ სიმძლავრემდე ვაშენებთ, რადგან ნეტო აღრიცხვაში შეზღუდვაა. გვაქვს მოლოდინი 2024 წელს 10-მეგავატ სიმძლავრეზე გავალთ“, - ამბობს დარჯანია.
ამასთან, Helios Energy-ის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ ბაზარზე გამოიკვეთა ხალი ტენდენცია და მოთხოვნა მზის მიწის სადგურებზეც გაჩნდა.
„ეს განაპირობა იმან, რომ მზის პანელები ჭარბი წარმოებისა და შედეგად პროდუქციის ჭარბი მიწოდების გამო 50%-ით გაიაფდა და ამ მიმართულებით ინვესტირება საინტერესო გახდა. ჩვენი კომპანიის მაგალითზე პანელების 98% ჩინეთიდან შემოგვაქვს“, - ამბობს დარჯანია.
რაც შეეხება სახელმწიფოს მიერ განახლებადი ენერგიის აუქციონის შედეგებს, სადაც 24-მა პროექტმა გაიმარჯვა და აქედან 10 მზის ელექტროსადგურია, როგორც თორნიკე დარჯანია ამბობს, ამ პროექტების განხორციელება ჯერ არ დაწყებულა, რადგან ბიუროკრატიული საფეხურები აფერხებს.
„ვთვლი, რომ ეს პროექტები შეფერხებულია ბიუროკრატიული საფეხურებით, რომლის გავლაც უწევს პროექტს და ვფიქრობთ, რომ განსაკუთრებით პატარა პროექტებზე უნდა მოიხსნას ბიუროკრატიული ბარიერები. სავარაუდოდ, ერთ წელიწადში შესაძლებელი იქნება იმ სადგურების მშენებლობა, რომელმა პროექტებმაც CFD აუქციონებზე გაიმარჯვეს“, - ამბობს დარჯანია.
უახლესი