დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მეორადი ავტონაწილების ბაზარი ცვლილებების მოლოდინშია, რას გულისხმობს ავტო იმპორტიორთა ასოციაციის კანონპროექტი

მეორადი ავტონაწილების ბაზარი ცვლილებების მოლოდინშია, რას გულისხმობს ავტო იმპორტიორთა ასოციაციის კანონპროექტი

20-05-2023 14:00:52

ა(ა)იპ „საქართველოს ავტო იმპორტიორთა ასოციაციამ“ საკანონმდებლო ორგანოში საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების ინიცირება მოახდინა, რომლის მიხედვითაც ბიზნეს სუბიექტებისთვის, რომლებიც დაკავებულნი არიან მეორადი ავტომობილების, მათი ნაწილების შემოტანითა და ვაჭრობით სამართლებრივი ჩარჩო უნდა შეიქმნას, რათა მასში მოქცევა ეკონომიკურად მომგებიანი იყოს.

როგორც საკანონმდებლო ინიციატივის განმარტებით ბარათში წერია, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად იმპორტირებული მსუბუქი ავტომობილი ექვემდებარება აქციზის გადასახადს და სავალდებულო პირველად რეგისტრაციას, ხოლო შემდგომ დადგენილი წესით ნაწილებად დემონტაჟს, რაც დამატებით დროით და ფინანსურ დანახარჯებს იწვევს იმ ავტო იმპორტიორებისათვის ვინც ავტომობილების მეორადი ნაწილების სეგმენტზე მუშაობს.

„კანონპროექტი ითვალისწინებს „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებას, რომელიც გაუმარტივებს ავტო იმპორტიორს ნაწილებად დასაშლელად შემოყვანილი ავტომობილის გაფორმების პროცედურებს და თავს არიდებინებს დამატებითი ხარჯებისგან.

კანონში ცვლილება საშუალებას მისცემს დეკლარაციის წარმდგენს, მიიღოს გადაწყვეტილება კუთვნილი საქონელი სატრანსპორტო საშუალებად დატოვოს, ან საკუთარი განცხადების საფუძველზე მისი ნაწილებად დემონტაჟი დაგეგმოს.

პირველ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალება უკვე არსებულ საბაჟო პროცედურებში მოექცევა, ხოლო მეორე შემთხვევაში მფლობელს, შეღავათიანი ვადით სარგებლობის გარეშე, უჩნდება ვალდებულება მოაქციოს საქონელი ავტომობილების ნაწილებისთვის (სეს ესნ-ის კოდით 980110) განკუთვნილ საბაჟო პროცედურებში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ შემუშავებული წესითა და საქართველოს  შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის ბრძანებით N150 გათვალისწინებული პირობებით“, - აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

საკანონმდებლო ცვლილება ავტო იმპორტიორებს და ამ დარგში დასაქმებულ ბიზნეს ოპერატორებს გაუმარტივებს საბაჟო პროცედურებს.

საშუალებას მისცემთ მათ დაზოგონ ფინანსური საშუალებები როგორც ქვეყნის შიგნით ისე მის ფარგლებს გარეთ. კერძოდ, იმისთვის, რომ მყიდველმა იმპორტირების ქვეყანაში შეძენილი მსუბუქი ავტომობილი საქართველოში ავტომობილების ნაწილებად (სეს ესნ-ის კოდით 980110) შემოიტანოს  და შესაბამის საბაჟო პროცედურაში მოაქციოს, გამომგზავრების ქვეყანაში თითოეულ სატრანსპორტო საშუალების დემონტაჟისთვის იგი დამატებით თანხას იხდის.

როგორც ა(ა)იპ „საქართველოს ავტო იმპორტიორთა ასოციაციაში“ მიიჩნევენ, კანონპროექტის მიღება შესაძლებლობას მისცემს ბიზნეს სუბიექტებს თავი აარიდონ აღნიშნულ ხარჯებს, რაც შეამცირებს უცხოური ვალუტის გადინებას ქვეყნიდან, შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს, რადგან მსუბუქი ავტომობილის დემონტაჟი საქართველოში განხორციელდება.

თავის მხრივ, შემცირდება ავტომობილების მეორად ნაწილებზე ფასი, რაც შეამცირებს ავტომობილების ტექნიკური მომსახურებისა და  მეორადი მსუბუქი ავტომობილების თვითღირებულებას.

ასევე სტიმულს მისცემს ავტო იმპორტიორებს, კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის გარეშე, გადაიხადონ ბიუჯეტში გადასახადები იმ საქონელზე, რაც მათ საბოლოო მიზანს წარმოადგენს (ავტო ნაწილები) და არა შუალედურ პროდუქტზე (ავტომობილი), რაც იმის გარდა, რომ ფინანსურად მომგებიანია, ამავდროულად სამართლიანიც იქნება.

თუ კი საკანონმდებლო ორგანო ა(ა)იპ „საქართველოს ავტო იმპორტიორთა ასოციაციის“ ინიციატივას მოიწონებს და შემდეგ დაამტკიცებს, მაშინ მისი ძალაში შესვლა 2023 წლის 1-ელი სექტემბრიდან იგეგმება.

კანონპროექტის მიღებამ შესაძლებელია გავლენა მოახდინოს სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2022 წლის მონაცემებით სეს ესნ-ის 8703 კოდით გათვალისწინებული მსუბუქი ავტომობილების თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში 87 172 ერთეული სატრანსპორტო საშუალება მოექცა, რომლის აქციზის გადასახადმა 226 068 830 ლარი შეადგინა. თუ დაშვებას გავაკეთებთ, რომ პირველად რეგისტრირებული ავტომობილების 10% (8 717 ერთ.) იქნა გამოყენებული ავტო ნაწილებად, პირველ წელს ცვლილება სახელმწიფო საშემოსავლო ნაწილს აქციზის გადასახადში  დაახლოებით 22.6 მლნ. ლარით შეამცირებს.

რადგან კანონში ცვლილებები ავტო იმპორტიორს საშუალოდ ერთ ავტომობილზე 1000 ლარის (შემოსავლების სამსახურის იმპორტის გადასახდელის კალკულატორის საშუალებით,  სეს ესნ-ის 8703 და 980110 კოდებით გათვალისწინებულ აქციზისა და დღგ-ს გადასახადებს შორის განსხვავება დათვლილია სხვადასხვა ავტომობილის მარკის, წლოვანების და ძრავის მოცულობის მიხედვით საშუალო მაჩვენებლით) შეღავათს მისცემს,  შედეგად აქციზის გადასახადის სახით მისაღები შემოსავლის შემცირება (დაახლოებით 22.6 მლნ. ლარი) სრულად ვერ ანაზღაურდება დღგ-ს გადასახადის სახით მისაღები შემოსავლით (დაახლოებით 13.9 მლნ. ლარი, რაც გვაძლევს დაახლოებით 8.7 მლნ. ლარის სხვაობას). ვინაიდან დღგ-ს 81% მიემართება სახელმწიფო, ხოლო 19% მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, შესაბამისად პირველ წელს ცვლილება სახელმწიფო საშემოსავლო ნაწილს დღგ-ს გადასახადში დაახლოებით 11.3 მლნ. ლარით, ხოლო მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს 2.7 მლნ. ლარით გაზრდის.

მულტიპლიკატორის ეფექტის შედეგად, მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში მოსალოდნელია სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილში, შესაბამისად, დამატებით წლიურად 14.1 მლნ. ლარისა და 3.3 მლნ. ლარის მობილიზების შესაძლებლობა, რაც პირველ წელს ბიზნესისთვის გაწეული შეღავათის დაახლოებით ორმაგ ოდენობას გულისხმობს“, - აღნიშნულია ა(ა)იპ „საქართველოს ავტო იმპორტიორთა ასოციაციის“ მიერ მომზადებულ ინიციატივის განმარტებით ბარათში.

 „საქართველოს ავტო იმპორტიორთა ასოციაციის“ აზრით, კანონპროექტის მიღება გამოიწვევს ავტო იმპორტით დაკავებული ბიზნეს სუბიექტების ფინანსური შედეგების გაუმჯობესებას (ერთ დასაშლელ ავტომობილზე საშუალოდ 1000 ლარის ოდენობით).

ავტონაწილების გაიაფება, თავის მხრივ შეამცირებს რეექსპორტირებული მსუბუქი ავტომობილების თვითღირებულებას და გავლენას იქონიებს ფასის შემცირებაზე, რასაც მოჰყვება მათზე მოთხოვნის ზრდა და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა. რაც მთავარია კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებებით ბიზნეს სუბიექტებს აღარ ექნებათ საგადასახადო ვალდებულებებისთვის თავის არიდების მოტივაცია.

კანონპროექტის მიღების შემდგომ ეკონომიკურად გამართლებული არ იქნება ავტომობილის იმპორტირების ქვეყანაში დაშლა და მისი ნაწილებად ჩამოტანა. აღნიშნული სამუშაოების შესასრულებლად იმპორტიორები იქ ადგილზე ავტომობილში დამატებითად 400-600 აშშ დოლარს არ გადაიხდიან, რაც წლიურად დარგს დაახლოებით 4-6 მილიონ აშშ  დოლარს დაზოგვის შესაძლებლობას მისცემს, ხოლო ქვეყანაში  უცხოური ვალუტის გადინებას შეამცირებს და ადგილზე მაკროეკონომიკური პარამეტრებისა და მონეტარული პოლიტიკის გაუმჯობესებას ხელს შეუწყობს.

საქართველოსა და დანარჩენ მსოფლიოს შორის საქონლით საგარეო ვაჭრობის დეკლარირებულ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) მონაცემების მიხედვით უმსხვილეს საექსპორტო სასაქონლო ჯგუფში მსუბუქი ავტომობილები პირველ ადგილს იკავებს.

2022 წელს დარგის წლიურმა სავაჭრო ბრუნვა 2.5 მილიარდი აშშ დოლარი, ხოლო აქციზისა და იმპორტის გადასახადის სახით წლიურმა შემოსავალმა  სახელმწიფო ბიუჯეტში 239.143 მილიონი ლარი შეადგინა. დარგსა და მომიჯნავე სფეროებში დასაქმებულია ათეულობით ათასობით საქართველოს მოქალაქე. საქართველო კავკასიის რეგიონში წარმოადგენს ერთადერთ მოქმედ ავტო ჰაბს, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ევროკავშირის სახელმწიფოებიდან და იაპონიიდან იმპორტირებული მსუბუქი ავტომობილებით კავკასიის, ახლო და ცენტრალური აზიის სახელმწიფოებთან ვაჭრობს. იმპორტირებული ავტომობილები საქართველოში კლასტერის პრინციპით გადიან სხვადასხვა სახის სერვისებს, რაც ქმნის ეკონომიკისთვის დამატებით ღირებულებას და სამუშაო ადგილებს. ამ კლასტერში მნიშვნელოვანი ადგილი მეორადი ავტო ნაწილების ბაზარს უკავია.

მეორადი ავტო ნაწილების ბაზარზე საქონლის მიწოდება ხორციელდება, როგორც პირდაპირი გზით, 87-ე სასაქონლო ჯგუფის ექსპლუატაციაში ნამყოფი ავტომობილების ნაწილების (სეს ესნ-ის კოდით 980110) იმპორტის გზით (წლიური ბრუნვა 24.3 მილიონი აშშ დოლარი), ასევე საქართველოში რეგისტრირებული და შემდგომ აღრიცხვიდან მოხსნილი სატრანსპორტო საშუალებების (2022 წელი - 32 194 ერთ.) ნაწილებად დემონტაჟის გზით.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები