პირველი ქართული ღვინის მარილი Marila • მარილა, რომელიც კულინარიაში აქტიურად გამოიყენება, უკვე ამერიკაშიც ხელმისაწვდომია.
როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანია „მარილას“ დირექტორმა ვახტანგ ვათიაშვილმა განაცხადა, „მარილა“ ნიუ იორკში ქართული სუვენირებისა და პროდუქტების მაღაზია Qartulia NYC-შია წარმოდგენილი.
„მარილა“ უკვე ნიუ იორკშია. ბრუკლინში არის მაღაზია „ქართულია“, სადაც ქართული ბრენდებია წარმოდგენილი და მათ შორის არის ჩვენი ჯგუფის ბრენდები როგორიცაა Wine Diamond-ი და Emocia Wines-ი. მაღაზიაში წარმოდგენილია უკვე „მარილა“, რომელიც რამდენიმე დღის უკან დაემატა „ქართულიას“ ასორტიმენტს“, - აღნიშნა „მარილას“ დირექტორმა.
Business Insider Georgia-ს კითხვის პასუხად ვახტანგ ვათიაშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპზე „მარილას“ გეგმებში Amazon-ზე გაყიდვები არ შედის.
„Amazon-ზე ჯერჯერობით არ იგეგმება, რადგანაც „მარილა“ საკმაოდ ლიმიტირებული და არტიზანული პროდუქტია და მასობრივი არ არის“- განმარტა კომპანიის ხელმძღვანელმა.
რამდენიმე კვირაში „მარილა“ თბილისში საკუთარ შოუ რუმსაც გახსნის, სადაც „მარილას“ პროდუქციასთან ერთად ჯგუფში შემავალი Wine Diamond-ის და Emocia Wines-ის პროდუქციაც იქნება წარმოდგენილი.
ვახტანგ ვათიაშვილის თქმით, ფართში სადაც შოუ რუმი უნდა განთავსდეს რემონტი დაახლოებით 2 კვირაში დასრულდება.
„მარილა“ 1 წელზე მეტია რაც ბაზარზე გამოჩნდა და წარმოადგენს მსხვილი დაფქვის, ანუ პირველი ხარისხის მარილს, რომლის შემდგომ ღვინოსთან ზავდება. ანუ მარილი ზავდება ქვევრის საფერავსა და რქაწითელში. როგორც კომპანიის ხელმძღვანელი განმარტავს „მარილა“ აქტიურად გამოიყენება კულინარიაში, ღვინო და მარილი ერთად ვარგდება, ინარჩუნებს თავის არომატებს და ძალიან უხდება ხორცეულს, სტეიკებს, ქართულ სამზარეულოში მწვადსა და ხაშლამას. თუმცა მალე „მარილა“ როზესთანაც შეზავდება და ბაზარზე ახალი გემოთი გამოჩნდება, რომელიც სალათებისთვის იქნება განკუთვნილი.
„ანუ დღეს გვაქვს ქარვისფერი და წითელი მარილი. იგეგმება ასევე ვარდისფერი მარილის წარმოება. ანუ ჩხავერის როზესგან დამზადებული მარილის დამზადება. თუ წითელი და ქარვისფერი „მარილა“ უხდება ხორცეულს, სტეიკებს, ქათმის პროდუქტებს, თევზეულს და ასე შემდეგ ვარდისფერი მარილი უკვე მოუხდება სალათებს და დესერტებს და ასევე გამოყენებული იქნება კლუბური სასმელების გასაფორმებლად“- განაცხადა ვახტანგ ვათიაშვილმა.
კომპანიის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ პროექტმა გაამართლა და „მარილაზე“ მოთხოვნა არის.
„მარილამ“ დიდი ინტერესი გამოიწვია. არის ინოვაციური, ახალი პროდუქტი და შესაბამისად ჩვენი აუდიტორია არის გურმანები და არა მარტო გურმანები, რომელთაც სიახლეები და ახალი გემოების შეგრძნება აინტერესებთ. „მარილა“ ამ დროისათვის წარმოდგენილია „8000 მოსავალში“ და “სასმურში““, - აღნიშნა „მარილას“ ხელმძღვანელმა.
რაც შეეხება ექსპორტს „მარილამ“ პირველი ექსპორტი დიდი ბრიტანეთში, კონკრეტულად ლონდონში გაიტანა და ამ დროისათვის აქტიური მოლაპარაკებები აქვს იტალიაში გატანაზეც.
„მარილა“ არის ქართული, ინოვაციური საკვები პროდუქტის პირველი ბრენდი, რომელმაც ფართო აუდიტორიას - მაღაზიათა ქსელებსა და უცხოეთს, ქართული, ქვევრის ღვინის მარილი წარუდგინა. „მარილაში“ გამოყენებულია საკვები მარილი და პრემიუმ ხარისხის ქართული ღვინო, რომელიც პროდუქტს განსაკუთრებულ ფერს და არომატს სძენს.
ამჟამად წარმოდგენილია მხოლოდ ორი სახეობა, კლასიკური სახით: საფერავისა და რქაწითელის ღვინის მარილი, რომელიც არ შეიცავს არანაირ დანამატს, როგორიცაა კოლორანტი, არომატიზატორი და სხვა. „მარილა“ არის ალკოჰოლისგან თავისუფალი, ჯანსაღი საკვები პროდუქტი. მისი არომატი და ფერი სრულად განპირობებულია ღვინის უნიკალური თვისებებით, რომელსაც ეს უკანასკნელი გვაძლევს.
„მარილა“ იქმნება კომპანიის მიერ შემუშავებული სპეციალური მეთოდით.
როგორც კომპანიის მენეჯმენტი აცხადებს, პირველი გამოწვევა იყო რეცეპტის შექმნა და ცდების ჩატარება ისეთ ძვირფას ნედლეულზე, როგორიც პრემიუმ ხარისხის ღვინოა. არაერთი წარუმატებელი ცდის შემდეგ, შეიქმნა „მარილას“ კომპანიის საავტორო რეცეპტი, რითაც დღეს „მარილა“ მზადდება. რეცეპტი დაცულია საქპატენტში, როგორც „მარილას“ მეთოდური ნაშრომი. რა თქმა უნდა, დამზადების წესი დღითიდღე იხვეწება, რადგან საუკეთესო ღვინო გვაძლევს ექსპერიმენტებისა და ფანტაზიის დიაპაზონის გაშლის საშუალებას.
„მარილა“ არამხოლოდ ინოვაციური სანელებელია, არამედ საუკეთესო ქართული საჩუქარი“, - აცხადებენ კომპანიაში.
აღსანიშნავია, რომ VELI.store -ზეც ხელმისაწვდომია.
უახლესი
5 საათის წინ
გუდაურში ბინების გაყიდვები და ფასები შემცირდა6 საათის წინ
ლარი აშშ დოლართან გამყარდა