კაფე-სანაყინეების ქსელ ,,ლუკა პოლარეს" საქმიანობაში ექსპორტზე პირველი ნაბიჯი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. ბაქოში პირველი ფილიალის გახსნამ ბრენდის მიმართ დიდი ინტერესი გამოიწვია.
მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, ,,ლუკა პოლარე“ სამომავლოდ აზერბაიჯანში დამატებით სამი ფილიალის გახსნას გეგმავს. მათ შორის, ერთი ფილიალი წლის ბოლომდე გაიხსნება.
როგორც ,,ლუკა პოლარეს“ საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის ხელმძღვანელი ანი ციცქიშვილი Business Insider Georgia- თან ამბობს, უცხოურ ბაზარზე ბევრი ლოიალური მომხმარებელი შეიძინეს და ეს პროცესი წარმატებით გრძელდება.
„ბაქოში ფილიალის გახსნასთან დაკავშირებით რა მოლოდინიც გვქონდა, გამართლდა. პირველი გამოხმაურება ძალიან კარგია. ფაქტობრივად გაცნობის პროცესია, ლოიალური მომხმარებლები შევიძინოთ, ეს პროცესი ძალიან კარგად მიდის. ბევრი სტუმარი, რომელიც საქართველოდან ჩადის ბაქოში, გვსტუმრობს და უხარია ჩვენი გამოჩენა. ბევრიც იქ დასაქმებულია დიპლომატიურ კორპუსში თუ სხვადასხვა სფეროში. ბევრია ისეთი მომხმარებელიც, რომელიც არ გვიცნობდა, მაგრამ მოსწონს ჩვენი სერვისი და საკმაოდ ხშირად გვსტუმრობს. ზოგიც ყოველდღიურად სარგებლობს ,,ლუკა პოლარეს“ მომსახურებით, რაც იმის მანიშნებელია, რომ უცხოურ ბაზარზე კარგად მიგვიღეს და მოსწონთ ჩვენი ბრენდი.
ამ ფაქტორების ერთობლიობა განაპირობებს იმას, რომ ექსპორტთან დაკავშირებით გადაწყვეტილებამ გაამართლა. უახლოეს მომავალში 3 ფილიალს გავხსნით ბაქოში, უკვე წლის ბოლომდე ერთი ფილიალი დაემატება“, - ამბობს ანი ნაცვლიშვილი.
მისი თქმით, გაყიდვების გეგმაზეც უკვე აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა. რაც შეეხება კადრებს, ბაქოს ფილიალში დაახლოებით 15-მდე ადამიანი დასაქმებული.
ცნობისთვის, ქვეყნის ფარგლებს გარეთ ბრენდის განვითარებისთვის კომპანიამ 250 000 დოლარის ინვესტიცია ჩადო. ბაქოში „ლუკა პოლარეს“ პირველი ფილიალის გახსნაზე კომპანია 2023 წლის დასაწყისიდან მუშაობდა, რაც ბრენდის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
უახლესი