„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ ღონისძიებაზე, სხვადასხვა სფეროში, 2012 წლის შემდეგ მიღწეულ წინსვლაზე ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში საქართველოს განვითარებასა და წარმატებაზე ის საერთაშორისო რეიტინგები და კვლევები მეტყველებს, რომელთა რიცხვი საკმაოდ დიდია.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ, საქართველოს წინსვლასა და განვითარებაზე განსაკუთრებით კარგად მეტყველებს ავტორიტეტული საერთაშორისო რეიტინგები და კვლევები; მათი რიცხვი საკმაოდ დიდია, ამიტომ, მხოლოდ რამდენიმე მათგანს მოვიტან მაგალითად:
„ატლანტიკური საბჭოს“ თავისუფლების და კეთილდღეობის 2024 წლის ინდექსით, საქართველო კეთილდღეობის ათწლიანი პროგრესით მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია, 11-წლიანი პროგრესით კი მსოფლიოში პირველ ადგილზეა.
ღია ბიუჯეტის ინდექსში საქართველო სრულიად გამჭვირვალე ქვეყნების რიგში კვლავ პირველ ადგილს იკავებს მსოფლიოს 125 ქვეყანას შორის. და ეს იმ ფონზე, როდესაც 2012 წლამდე ქვეყანას მართავდა კაცი, რომელიც ქვეყნის ბიუჯეტს მოსახლეობას კი არ ახმარდა, არამედ პირადი კეთილდღეობისთვის ხარჯავდა.
სასამართლო მართლმსაჯულებაზე სახელისუფლებლო თავდასხმებისგან თავისუფლებით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია. და ეს იმ ფონზე, როდესაც 2012 წლამდე, სასამართლო სისტემა არათუ დამოუკიდებელი არ იყო, არამედ იმდროინდელი ხელისუფლების ერთ-ერთ სადამსჯელო ინსტრუმენტს წარმოადგენდა.
ხელისუფლების მხრიდან ფიზიკური ძალადობისაგან თავისუფლების 11-წლიანი პროგრესით საქართველო მსოფლიოში მესამე ადგილზეა; და ეს იმ ფონზე, რომ 2012 წლამდე ციხეებში თუ ქუჩებში მოქალაქეების წამება და მკვლელობა ჩვეულებრივ ამბად იყო ქცეული;
სამოქალაქო თავისუფლების 11-წლიანი პროგრესით საქართველო მსოფლიოში მეცხრე, ევრაზიის კონტინენტზე მესამე, ევროპაში კი პირველ ადგილზეა.
მსოფლიო ბანკის შეფასებით, 2024 წელს საქართველოში საერთაშორისო სიღარიბის დონე ახალ ისტორიულ მინიმუმამდე მცირდება და მაჩვენებლის 12-წლიანი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია.“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
უახლესი