დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ქარსაცავების მოსაწყობად ალვის ხეებზე მოთხოვნა იზრდება, ძირითადი დამკვეთი კერძო სექტორია - „მარანი“

ქარსაცავების მოსაწყობად ალვის ხეებზე მოთხოვნა იზრდება, ძირითადი დამკვეთი კერძო სექტორია - „მარანი“

14-02-2024 18:20:00

კომპანია „მარანი“, რომელიც ბიომასასა და ჰიბრიდული ჯიშის ალვის ხეების წარმოებითაა დაკავებული, ქვეყანაში, ქარსაცავი ზოლების მოსაწყობად საჭირო ხეებზე მოთხოვნისა და სამომავლოდ, ბიომასის გამოყენების ზრდაზე საუბრობს. 

როგორც კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი სულაბერიძე Business Insider Georgia-სთან აცხადებს, ალვის ხეებზე მოთხოვნა წლიდან წლამდე მზარდია, რადგანაც კერძო სექტორი აცნობიერებს, რომ ხარისხიანი მოსავლისა და უფრო მეტი შემოსავლის მისაღებად, ქარსაცავი ზოლების მოწყობა მნიშვნელოვანი ფაქტორია.

„სს „მარანი“ 6-7 წელია, რაც მსხვილი დანიური ინვესტიციით საქართველოში ჰიბრიდული ჯიშის ალვის ხეების პლანტაციების პროექტს ახორციელებს. კომპანიამ გააფორმა ექსკლუზიური ხელშეკრულება იტალიურ სანერგესთან, რომელმაც შექმნა ჰიბრიდული ალვის ხეები, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ხეა და ბევრი დანიშნულებით გამოიყენება.

ალვის ხეების გაშენება წლების უკან დასავლეთ საქართველოში, აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მარანში დავიწყეთ. დღეისათვის ათვისებული გვაქვს 200 ჰა-ზე მეტი ტერიტორია, რომლის ძირითად ნაწილს ე.წ. ბიომასის პლანტაციები შეადგენს, ხოლო ნაწილი სანერგე მეურნეობას უკავია, სადაც ახალ ნერგებს ვაწარმოებთ. ახალი ნერგების ძირითადი დანიშნულებაა ახალი პლანტაციების განვითარების ხელშეწყობა, ასევე კომერციული დანიშნულებით ფერმერებისთვის და არა მხოლოდ მათთვის ქარსაცავის მოსაწყობად ხეების შეთავაზება“, - აცხადებს კომპანია „მარანის“ აღმასრულებელი დირექტორი.

ირაკლი სულაბერიძის თქმით, ჯერჯერობით „მარანის“ ალვის ხეების შემსყიდველი კერძო სექტორია. იმავდროულად, კომპანია გეგმავს სახელმწიფო პროექტებში ჩართვასაც, რადგან ქვეყანაში არსებული ქარსაცავი ზოლების აღდგენა უკვე დაწყებულია.

„ქარისმიერი ეროზია ყველა კულტურას თანაბრად აზიანებს. ამიტომ ქარსაცავ ზოლს აქვს 2 ძირითადი დანიშნულება: პირველია, ეკონომიკური რაც გულისხმობს იმას, რომ კარგად ორგანიზებული ქარსაცავი ზოლი ფერმერს, ნიადაგზე ზრუნვის ხარჯებს დაუზოგავს და გაუზრდის მოსავალს. გარემოს დაცვითი კომპონენტი კი მდგომარეობს ნიადაგზე ზრუნვასა და მიკროკლიმატის გაუმჯობესებაში. ასევე ამ მიმართულებით აქტიურია ატმოსფერული ემისიების შემცირება, რადგანაც ალვის ხეები თავის მხრივ გამოირჩევა დიდი რაოდენობით ნახშირორჟანგის შთანთქმის უნარით.  შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ქარსაცავი ზოლების მიმართ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა გააძლიერებს ადგილობრივი ფერმერების ეკონომიკურ მდგომარეობას, გაზრდის წარმოებასა და ექსპორტს, გარდა ამისა, მეტი მწვანე სივრცე დაგვეხმარება ემისიების, კლიმატური ცვლილებით გამოწვეული ეფექტის შემცირებასა და პარიზის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში.

გარდა ამისა, უშუალოდ ჩვენი ხე, შესაძლებელია გამოყენებული იყოს რამდენიმე გარემოსდაცვითი მიმართულებით. ალვის ხეებს აქვს განსაკუთრებულად ძლიერი, ვერტიკალურად მზარდი ფესვთა სისტემა, რაც ნიშნავს იმას, რომ  აქტიურად შეიძლება იყოს გამოყენებული მეწყერსაშიშნი ზონების აღსადგენად და გასამაგრებლად, რაც, სამწუხაროდ ჩვენთვის საკმაოდ აქტუალური საკითხია. ასევე გაზაფხულის პერიოდში წყალმოვარდნები მდინარეების პირას ძალიან ხშირია და ადიდებული მდინარეები რეცხავენ კალაპოტსა და ამცირებენ მიწას.

ევროპაში ძალიან აქტიურად გამოიყენება მსგავსი პრაქტიკა, როდესაც კეთდება ქარსაცავი ზოლების მსგავსი ზოლები მდინარეების გასწვრივ, რომელიც დაიცავს ნიადაგს გამორეცხვისგან კლიმატის ცვლილებით გამოწვეული უარყოფითი ეფექტების პრევენციისთვის.

იმავდროულად სახელმწიფომ დაამტკიცა ქარსაცავი ზოლების აღდგენის სახელმწიფო სტრატეგია, რომლის ფარგლებშიც ხდება არსებული, ძველი ქარსაცავების აღწერა, ინვენტარიზაცია, რომლის შემდგომი ეტაპიც კი იქნება აღდგენითი სამუშაოები. ჩვენი მიზანია, რომ ამ პროცესში აქტიურად ვიყოთ ჩართული ევროპული ექსპერტიზითა და პროდუქტის ხარისხით“, - აცხადებს ირაკლი სულაბერიძე.

რაც შეეხება ბიომასის წარმოებას, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ მასზე მოთხოვნა მომდევნო წლებში მნიშვნელოვნად გაიზრდება, რადგანაც ქვეყანაში სოციალური ჭრები იკრძალება.

„როგორც აღვნიშნეთ ჩვენი პლანტაციების ძირითადი ნაწილია ბიომასის წარმოება. ბიომასა არის ხის რესურსი, რომლის გადამუშავების შედეგად მიიღება სხვადასხვა პროდუქტი. ჩვენს შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს ალტერნატიული, ენერგოეფექტური საწვავი, ბრიკეტები. რომელიც თავის მხრივ არის ენერგოეფექტური და კლიმატგონივრული გადაწყვეტა. დღეს, მთელი მსოფლიო ამ მიმართულებით მიდის, რათა შეამციროს ზეწოლა სოციალურ ჭრაზე, ნაკლები ხე მოიჭრას შეშის გენერირებისთვის და იყოს მეტი კომერციული პლანტაციები, რომელიც იქნება სწრაფად მზარდი და ბევრ ბიომასას გამოიმუშავებს. შედეგად იქნება ნაწარმოები საწვავი, რომელსაც მოსახლეობა მოიხმარს გათბობის მიზნით. საქართველოში ჩვენ ამ მიმართულებით ახლა ვითარდებით და ვცდილობთ, რომ გავზარდოთ წარმოება, მაგრამ რესურსი გაქვს ძალიან დიდი. ერთადერთი კომპანია ვართ საქართველოში, რომელსაც გააჩნია ბიომასის საკუთარი წარმოება. ბაზარზე ოპერირებს ბრიკეტების მწარმოებელი რამდენიმე კომპანია, რომლებიც სხვადასხვა მეთოდით მოიპოვებენ ბიომასას, თუმცა ჩვენ ვართ ერთადერთი, რომელსაც საკუთარი წარმოება გაგვაჩნია.

ბიომასის მოხმარებას მალე უფრო დიდი ყურადღება მიექცევა, რადგანაც სოციალური ჭრები იკრძალება და შეშაზე დეფიციტი შეიქმნება. ამიტომ ბევრი დონორი და სახელმწიფოც მათ შორის ცდილობს დაეხმაროს და გააძლიეროს ალტერნატიული საწვავის მიმართულებით მომუშავე კომპანიები.

დღევანდელი ვითარებით ბრიკეტები უფრო ძვირია ვიდრე შეშა, მაგრამ ეფექტურობის კუთხით ბრიკეტების ეფექტურობა უფრო მაღალია. ერთი ტონა ბრიკეტით უფრო დიდი ხნის განმავლობაში გათბები, ვიდრე იგივე რაოდენობის შეშით.
ამ ეტაპზე პირდაპირ ტენდერებში მონაწილეობას ვერ ვიღებთ, რადგანაც არ გვაქვს სათანადო მოცულობის წარმოება და ბრუნვა, თუმცა ბრიკეტების ძირითადი მომხმარებელი სახელმწიფოა, რომელიც პროდუქტს სკოლებისთვის და ბაღებისთვის ყიდულობს. მათი დაკმაყოფილება კი ძირითადად იმპორტირებული პროდუქტით ხდება.

ჯერჯერობით არ გაქვს ისეთი პრაქტიკა, რომ ჩვენი პროდუქცია სუპერმარკეტებში გავყიდოთ. ამ საკითხს განვიხილავთ, თუმცა მას შემდეგ რაც წარმადობას გავზრდით, თან ქვეყანაში აქტიურად შემოდის ბელორუსული და რუსული წარმოების ბრიკეტები, რომელიც გარკვეულწილად დემპინგური ფასებით იყიდება.

რაც შეეხება ევროპულ ბაზარს, სადაც ექსპორტს განვიხილავდით, რაც ადგილზე უნდა გადაგვიხადონ, იქ უკვე იმდენი ღირს ბელორუსიდან და რუსეთიდან ჩატანილი. და როგორ უნდა გავუწიოთ მათ კონკურენცია?“ - აცხადებს ირაკლი სულაბერიძე.

აღსანიშნავია, რომ ბიომასის პლანტაციების, საწარმოსა და სანერგე მეურნეობის მოწყობისთვის მთლიანობაში 6 მლნ ევროს ინვესტიციაა განხორციელებული.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები