დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
კაპიტალი შედის იქ, სადაც ქონება და ინვესტიციები დაცულია - თამაზ დაუშვილი

კაპიტალი შედის იქ, სადაც ქონება და ინვესტიციები დაცულია - თამაზ დაუშვილი

29-06-2023 16:00:45

რა გამოწვევების წინაშეა ბიზნესი, როგორია ბიზნესგარემო, როგორ ვითარდება ქართული კაპიტალით შექმნილი „დიო“, რომელიც ბაზარზე 26 წელია ოპერირებს. ჟალუზების წარმოებით დაწყებული ბიზნესი გაიზარდა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ქარხნამდე. კომპანია დღესდღეობით 80-ზე მეტი დასახელების პროდუქტს აწარმოებს. ამ და სხვა საკითხებზე Business Insider Georgia „დიოს“ დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორ თამაზ დაუშვილს ესაუბრა.

 

  • იმ სეგმენტში, რომელშიც საქმიანობს „დიო“, რა ვითარებაა და რა გამოწვევების წინაშეა ბიზნესი?

 

ჩვენ ვაწარმოებთ სამშენებლო ინდუსტრიისთვის განკუთვნილ დაახლოებით 70-ზე მეტ სხვადასხვა ტიპის პროდუქციას ვაწარმოებთ და მჭიდროდ ვართ დაკავშირებული სამშენებლო ბიზნესის განვითარებასთან. სამშენებლო სექტორის მხრიდან მოთხოვნა გაზრდილია როგორც ბინათმშენებლობის, ისე ინდივიდუალური სასტუმრო სახლების კუთხით. ბაზარი ვითარდება და ჩვენი კომპანიაც შესაბამისად მიჰყვება ამ ტრენდს.

 

  • ბაზარზე არსებულ კონკურენციას როგორ შეაფასებდით და რა მოცულობით გაიზარდა კომპანია ბოლო წლებში?

 

2020-2021 წლებში კომპანია დაახლოებით 15%-ით, ხოლო 2022 წელს 10%-ით გაიზარდა. წელსაც დაგეგმილი გვაქვს დაახლოებით 20%-იანი ზრდა. კონკურენცია არის. ბაზარზე საკმაოდ ბევრი მოთამაშეა. თუმცა ჩვენი კომპანია ორიენტირებულია ხარისხზე. მომხმარებელს ვთავაზობთ ასევე ხარისხიან სერვისს. კონკურენტებისგან იმით გამოვირჩევით რომ გვაქვს კომპლექსური შეთავაზება და მუდმივად ვცდილობთ რომ ხარისხზე ვიყოთ ორიენტირებული. 

გვაქვს სპეციფიკური პროდუქტები, რომელსაც ამ ეტაპზე საქართველოში მხოლოდ ჩვენ ვაწარმოებთ. იმპორტთან კონკურენცია ნაკლებად გვაწუხებს, რადგან რასაც ვყიდით ძირითადად ადგილზე ვაწარმოებთ და მორგებულია მომხმარებლის მოთხოვნებზე. რადგან წარმოება ადგილობრივია, შესაბამისად კონკურენციაში იმ მეწარმეებთან შევდივართ ვინც ადგილობრივ ბაზარზე ოპერირებს. კომპანიის მომხმარებლების 60% ინდივიდუალური დამკვეთია, დანარჩენი 40% კორპორაციულ შეკვეთებზე ნაწილდება.

 

„დიო“ აქვს საწარმო, შოუ რუმი, 5 ფილიალი საქართველოს მასშტაბით. პროდუქციის ექსპორტს ხომ არ გეგმავთ?

 

ჯერჯერობით ადგილობრივ ბაზარზე ვართ წარმოდგენილი, თუმცა ვმუშაობთ ექსპორტის მიმართულებითაც. გარკვეულ პროდუქციას შევთავაზებთ ჩვენს რეგიონში მეზობელ ქვეყნებს. ექსპორტისთვის განვიხილავთ შუა აზიის ბაზარსაც.

 

  • როგორ ფიქრობთ, საქართველოში ბიზნესის განვითარების ტემპი რომ დაჩქარდეს რა უნდა შეიცვალოს?

 

ზოგადად რაც უფრო მეტი მხარდაჭერა ექნება ბიზნესს უკეთ განვითარდება. კარგი იქნება თუ აღდგება იმპორტის გადასახადის გადავადების პროცედურა. კომპანიებს, რომელთაც დიდი რაოდენობით პროდუქცია შემოჰქონდათ, ჰქონდათ საშუალება, რომ დაახლოებით 20-დღიან ვადაში მოეხდინათ იმპორტირებულ პროდუქციაზე დღგ-ს გადახდა. ჩვენს კომპანიას შემოაქვს ძირითადი მაკომპლექტებელი ნაწილები, კომპონენტები უცხოეთიდან და ბუნებრივია, მნიშვნელოვანია, რომ ეს საშეღავათო პერიოდი ისევ ამოქმედდეს

 

  • სხვადასხვა კვლევებით დღეს ბიზნესი პირველ პრობლემად კვალიფიციური მუშა-ხელის დეფიციტს ასახელებს. თქვენი კომპანია თუ აღმოჩნდა ამ პრობლემის წინაშე?

 

გარკვეული პერიოდი მუშა-ხელის გადინების ტენდენცია ჩვენს კომპანიაშიც შეინიშნებოდა. თუმცა ბოლო დროს კომპანიამ გადახედა პოლიტიკას და შესაბამისად, კვალიფიციური კადრები შევინარჩუნეთ. თუმცა ეს აისახა პროდუქციის გასაყიდ ფასში და საბოლოო ჯამში ეს თანხა კვალიფიციური პერსონალის სახელფასო ფონდს მოხმარდა.

 

როგორ შეაფასებთ საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოს?

 

ზოგადად დადებითად. ბიზნესგარემო თავისუფალია, ბიზნესს არ აქვს შეზღუდვები. საგადასახადო კუთხითაც საკმაოდ მოქნილია სისტემა. რეგიონში არსებული რთული ვითარება და შიდა პრობლემები გარკვეულწილად ხელს უშლის იმას, რომ ბიზნესგარემო გაუმჯობესდეს და უფრო მიმზიდველი გახდეს, რათა ადგილობრივი კომპანიები მეტად განვითარდნენ, ხოლო ქვეყანაში ინვესტორები შემოვიდნენ, რაც ეკონომიკურ ზრდას ხელს შეუწყობს.

 

  • როგორი დამოკიდებულება აქვთ ინვესტორებს საქართველოში ბიზნესთან და როგორ შეაფასებდით თანამშრომლობის ხარისხს? სად ხედავენ რისკებს?

 

ჩვენ უცხოელი პარტნიორები უშუალოდ ბიზნესში არ გვყავს, თუმცა ვთანამშრომლობთ დასავლეთის ქვეყნებიდან მომწოდებლებთან. ურთიერთობა არ არის მარტივი, ვინაიდან დიდი კონკურენციაა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მხრიდან. ისინი ევროკავშირის წევრები არიან, სადაც კარგი პირობებია ინვესტიციებისთვის. ამიტომ მნიშვნელოვანია საქართველო მაქსიმალურად დაუახლოვდეს ევროკავშირს, მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ჩვენ კიდევ უფრო მიმზიდველი გავხდებით ევროპული ინვესტიციებისთვის. ინვესტორი ეძებს საიმედო გარემოს, სადაც კანონები მისთვის ნაცნობია. ამიტომ კაპიტალი შედის იქ, სადაც არის გარანტირებული სამართლიანი სასამართლო სისტემა, სადაც ინვესტორების ქონება და ინვესტიციები გარანტირებულად დაცულია.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები