თუ ყველაფერი სწორად გავაკეთეთ შანსი გვექნება, როგორც ისრაელი არის დღეს მსოფლიოში Start-up Nation, საქართველო გავხადოთ Incubation Nation, - აცხადებს re:invest-ის CEO პავლე მგელაძე. მისი განმარტებით, re:school-მა და re:educate-მა re:invest-თან ერთად მოახერხა ის, რომ 1,5 წელში ქვეყანაში ციფრული ტექნოლოგიების მიმართ ინტერესი მნიშვნელოვნად გაიზარდა.
„სადაც შენ ხარ იქ არის დღეს შენი სან ფრანცისკო. ამ სიტყვებს ხშირად ვიმეორებთ, რადგან გვინდა ყველას გავაგებინოთ, რომ დღეს საქართველოში ჯობს ტექნოლოგიური ბიზნესების დაწყება, ვიდრე სან ფრანცისკოში. საინტერესო ისაა, რომ ეს ყოველთვის პირიქით იყო. ვისაც ტექნოლოგიური ბიზნესების კეთება უნდოდა სან ფრანცისკო მათი მთავარი ოცნება იყო, რადგან ყველაზე მეტი კომპიუტერული ინჟინერია იქ იყო და ფულიც ტექსტარტაპებისთვის ყველაზე მარტივად იქ იშოვებოდა.
დღეს ეს პირიქითაა. ყველაზე ნიჭიერი ტექინჟინრები ამაზონებმა, გუგლებმა და ფეისბუქებმა დაიტაცეს. და ის ადამიანებიც კი, ვინც ამ დიდი ბიზნესებში ვერ მოხვდნენ მათი ღირებულება სულ ცოტა 150 000 დოლარია წლიურად.
რა ხდება ამ დროს საქართველოში?
150 000 დოლარად სულ ცოტა 5 სტარტაპს დავიწყებთ ტექნოლოგიურს, სრულად დაკომპლექტებული გუნდებით, გადასახადებს ნაკლებს გადავიხდით, ცხოვრების ხარჯი შეუდარებლად ნაკლები გვექნება და კალიფორნიის ბიუროკრატიაც აღარ დაგვახრჩობს. მაშინ რა გვიშლის ხელს? რატომ ვერ შევქმენით საქართველოში პატარა სან ფრანცისკო?
ამაზე პასუხი არის ორი რამ: განათლება და გამოცდილება. საქართველოში ციფრულ ტექნოლოგიები მასიურად არასოდეს ისწავლებოდა და იმ ადამიანებმა, რომლებმაც თავისით ისწავლეს პროგრამირება, მათ წინ ძალიან გრძელი გზა აქვთ. ბევრი მარცხით, რომ გამოცდილება მიიღონ და ისწავლონ როგორ უნდა გააკეთონ კარგი ციფრული სტარტაპები.
ჩვენ re:school და re:educate გავაკეთეთ იმისთვის, რომ საქართველოში ახალგაზრდების ცნობიერებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შემოვიტანოთ და re:invest-ი გავაკეთეთ იმისთვის, რომ შემდგომი ეს მტკივნეული და წვალებით სავსე გზა ერთად გავიაროთ ქართველ სტარტაპერებთან.
ამ ბოლო წელიწად-ნახევარში ციფრული ტექნოლოგიების მიმართ ინტერესი მნიშვნელოვნად გავზარდეთ. ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ჩვენს მიერ დაგენერირებულ კონტენტს ჯამურად 60 მლნ-ზე მეტი ნახვა აქვს, 2,8 მლნ უნიკალური მაყურებლის მიერ. რაც საქართველოს მოსახლეობის 75%-ზე მეტია.
ჩვენი სამიზნე აუდიტორიაა 15-25 წლის 400 ათასი ახალგაზრდა. ესენი არიან ყველაზე ენთუზიაზმით სავსე, ენერგიული და შემოქმედებითად მოაზროვნე ადამიანები. თუმცა მათგან მხოლოდ 73 ათასი ანუ 20%-ია დღეს დასაქმებული.
ჩვენ გვინდა ამ ადამიანებს ციფრული ტექნოლოგიები ვასწავლოთ და გლობალური ციფრული სამუშაო ძალის ნაწილად ვაქციოთ. საქართველოში იცხოვრონ და დასავლური ანაზღაურება აიღონ. ჩვენ თუ ყველაფერი სწორად გავაკეთეთ შანსი გვექნება, როგორც ისრაელი არის დღეს მსოფლიოში Start-up Nation, საქართველო გავხადოთ Incubation Nation. და ამით კიდევ ერთხელ დავამტკიცოთ ის რასაც ყოველთვის ვიმეორებთ, რომ სადაც შენ ხარ იქ არის დღეს შენი სან ფრანცისკო.
იქნებ ღვინისა და ვეფხისტყაოსნის მნიშვნელობის დონის ციფრული პროდუქტებიც ვაჩუქოთ მსოფლიოს საქართველოდან, - აცხადებს პავლე მგელაძე.
უახლესი