დამოუკიდებელი ჟურნალისტის გიორგი ჩაფიძის მოსაზრება:ლოგიკა მთავარი კომპონენტია, რომელიც ნებისმიერ პროტესტს ლეგიტიმურს ხდის. ამ დროს ნათელია, რას ითხოვენ და რას აპროტესტებენ ადამიანები, მიუხედავად იმისა, იზიარებ თუ არა მათ მოთხოვნებს. მოთხოვნები კი დროთა განმავლობაში შეიძლება შეიცვალოს და თავად პროტესტიც გამძაფრდეს ან შერბილდეს - ეს გულწრფელი, ობიექტურად წამოწყებული პროცესის ბუნებრივი შემადგენელი ნაწილია - მაგრამ ყველაფერი ისევ და ისევ გარკვეულ ლოგიკას ექვემდებარება. არსებობს ისეთი პროტესტიც, რომლის ლოგიკასაც ვერ ხსნი და პროცესებზე დაკვირვება მხოლოდ პასუხგაუცემელ კითხვებს გიტოვებს. ასეთი პროტესტის კარგი მაგალითია ბალდის კანიონის პროექტთან დაკავშირებული მოვლენები.
თანამედროვე სამყაროში ჩაგრულის მანტია მარტივი მოსარგებია. ერთადერთი, რაც გჭირდება, ადამიანების ემოციებით მანიპულირებაა. საკმარისია, თქვა რამდენიმე ფრაზა, მგრძნობიარე სიტყვები, რომელიც საზოგადოებრივ ცნობიერებაში ცუდ მოგონებებს აღძრავს და როგორც ჩაგრული, მაშინვე ექცევი საზოგადოების ფრთის ქვეშ, ხოლო საპირისპიროს მტკიცების ვალდებულება ავტომატურად მოპასუხე მხარეს აწვება. აქ სასამართლოს პრინციპი არ არსებობს.
ბალდის შემთხვევაშიც ზუსტად ეს მოხდა. კონკრეტულმა ჯგუფმა ისარგებლა იმით, რომ ქართულ საზოგადოებას გარემოსთვის საზიანო პროექტების დიდი გამოცდილება აქვს და სცადა, მიკედლებოდა ისეთ საპროტესტო ნარატივს, რომელსაც საზოგადოებაში მაღალი ლეგიტიმაცია ჰქონდა.
ძალიან კარგად ჩანს, რომ ამ ჯგუფმა ან მათ, ვინც ამ ჯგუფს მართავს, იუველირული სიზუსტით იცის ის მეთოდები, რომლებიც ამგვარ ბრძოლაში წარმატებისთვისაა საჭირო.
სწორედ ამიტომ, ასეთი პროტესტები ვიზუალურადაც და მონაწილეებითაც ჰგავს ერთმანეთს. ერთნაირია ატრიბუტიკაც: კარავი, კოცონი, „ფეისბუქ“ ლაივში დაღლილი სახეებით მოცქირალი ახალგაზრდები, რომლებიც მხოლოდ შიშველი ხელებით და მობილურში ჩართული კამერებით ებრძვიან მტერს.
სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ, რასაკვირველია, ამ პროტესტში გულწრფელი ადამიანებიც არიან ჩართულნი, თუმცა პრობლემაც ეს არის - როგორ იყენებს მათ გულწრფელობასა და ადამიანურ რესურსს კონკრეტული ჯგუფი და როგორ ცდილობს, ამ მეთოდებით გაზარდოს საკუთარი გავლენა მოსახლეობაში.
პირველყოვლისა, მთელი ეს პროცესი მათი მხრიდან ალოგიკური და არათანმიმდევრული იყო. ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც სოფელ ბალდაში ზემოხსენებული კონკრეტული ჯგუფი ჩამოვიდა. მანამდე ინვესტორი ადგილზე 6 თვის განმავლობაში მუშაობდა. პროექტით განსაზღვრული სამუშაოების ნახევარი უკვე შესრულებულია. ბალდელები უშუალოდ სამუშაო პროცესშიც ჩართულნი იყვნენ და პროექტის შესახებაც ბალდასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ყველამ იცოდა.
ამ ფონზე, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან უცნაურია, როგორ არ იცოდა ადგილზე მიმდინარე პროცესები ადამიანების ამ კონკრეტულმა ჯგუფმა... თუ ბალდის კანიონი მათთვის იმდენად მნიშვნელოვანია, როგორც თავად წარმოაჩენენ და თუ ამხელა როლი ჰქონდა კანიონს მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში, სად იყვნენ ამ 6 თვის განმავლობაში?! დაგვეთანხმებით, რომ არც დროა ცოტა და არც მიმდინარე პროექტის მასშტაბი. მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ იმას, რამდენად სწრაფად ვრცელდება ინფორმაცია თანამედროვე სამყაროში.
შემდეგი დიდი კითხვის ნიშანიც აქვეა. ეს ადამიანები თავიდან ამბობდნენ, რომ ერთადერთი პრეტენზია იმაზე ჰქონდათ, ისევ შეძლებდნენ თუ არა კანიონში ბანაობას. ამაზე დადებითი პასუხი მიიღეს და მეტიც, ინვესტორმა, მათ, უსაფრთხო ბანაობისთვის, გარკვეულ საათებში სამუშაო პროცესის შეჩერება შესთავაზა, ხოლო პროექტის დასრულების შემდეგ ადგილობრივებს არა მხოლოდ საბანაოთი (რომელიც, პროექტის თანახმად, ხელუხლებელი რჩება), არამედ მთელი კანიონით (მოწყობილი ინფრასტრუქტურისა და როლერის ჩათვლით) შეუზღუდავად სარგებლობის საშუალება მისცა. პროტესტი აქ, თითქოს, უნდა ამოწურულიყო თუმცა, როგორც აღვნიშეთ, ამ პროტესტს ლოგიკა არ გააჩნია, ამიტომ ყველაფერი ალოგიკურად განვითარდა.
„ერთადერთი“ მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ პროტესტის „გულწრფელმა“ აქტივისტებმა ჩაშალეს პრეზენტაცია, რომელზეც პროექტის დეტალებითა და მომავლით დაინტერესებულ ადგილობრივებს ამომწურავი ინფორმაცია უნდა მიეღოთ. ამ შეხვედრაზე უნდა გაეგო მოსახლეობას, თუ, რეალურად, როგორი იქნებოდა მათი ეკონომიკური სარგებელი და როგორ დახვედროდნენ მომზადებულნი იმ ტურისტულ ნაკადს, რომელიც უახლოეს მომავალში ბალდის კანიონის დასათვალიერებლად მოვა. აგრესიულად განწყობილმა ამ ჯგუფმა პრეზენტაცია, როგორც უკვე ვთქვით, ჩაშალა. უფრო მეტიც, ამ ჯგუფმა შეხვედრაზე მოსულ სოფლის მკვიდრ მოსახლეობას საკუთარი პოზიციის დაფიქსირების და კითხვის დასმის შესაძლებლობა არ მისცა.
შემდგომ ამ აგრესიამ სხვადასხვა გამოხატულება პოვა: მიიღეს ჩასაფრებულის პოზიცია; დაიწყეს ჩართული კამერებით სიარული; გადაიღეს კომპანიის უკრაინელი თანამშრომელი, რომელიც რუსად გაასაღეს და მთელი პროექტიცა და ინვესტორიც რუსული ინტერესების გამტარებლად შერაცხეს. შემდეგ, როგორც ჟანრის კლასიკა მოითხოვს, საქმეში გულისამაჩუყებელი და ემოციური ლოზუნგები ჩართეს: „მდინარე ეკუთვნის ხალხს!“, „ტყე ეკუთვნის ხალს“! - თითქოს, ვინმე სხვაგვარად ფიქრობდეს ან პროექტი ეწინააღმდეგებოდეს ამ ყველაფერს...
საინტერესო ისიცაა, რომ ბალდის კანიონის პროტესტის აქტივისტები ბალდაში არ ცხოვრობენ. შეიძლება, იქ ბავშვობა გაატარეს და ძვირფასი მოგონებებიც დააგროვეს, მაგრამ რატომ ლაპარაკობენ იმ ადამიანების სახელით, რომელთა ყოველდღიურობაც ბალდასთან და კანიონის პროექტთანაც პირდაპირაა დაკავშირებული?! სწორედ ისინი იღებენ ხელში სადავეებს და პოზიციონირდებიან, როგორც მთელი სოფლის სახელით მოლაპარაკენი.
არადა, ეს პროექტი კრიტიკულად მნიშვნელოვანი სწორედ ადგილზე მცხოვრები, რიგითი ბალდელებისთვისაა, რომლებსაც შემოსავლები გაუჩნდებათ და ცხოვრების პირობები გაუუმჯობესდებათ. ბალდელებისთვის, რომელთაც არ ალაპარაკებენ... რატომ შლიან პრეზენტაციას და რატომ არ სურთ, მოსახლეობას ამომწურავი ინფორმაცია ჰქონდეს?!
არარსებულ დაზიანებებზე საუბრის ნაცვლად, ამ ჯგუფს არაფერი უთქვამს ნამდვილ დარღვევებზე, რომლებიც ბალდაში კანიონის პროექტის დაწყებამდე არსებობდა.
მოდით, ვნახოთ, რამდენი რამ ვერ შეამჩნიეს ბალდის „პატრიოტებმა“.
არცერთხელ არ აღშოთებულან,
არ გაუპროტესტებიათ,
არ დაუგმიათ:
როცა მდინარეში, გადასასვლელის მოწყობის მიზნით, თვითნებურად ჩაასხეს ბეტონი;
როდესაც მდინარეში, დენის აპარატით თევზაობით, პრაქტიკულად, თევზი გაწყვიტეს;
როცა საოჯახო სასტუმროს სველი წერტილებიდან გამდინარე წყლები მდინარეში ჩაედინებოდა;
როცა ვიღაცის კომფორტისთვის ტყის ტერიტორიაზე უკანონოდ გაიჭრა გზა;
სოფელში მრავლადაა ნებართვის გარეშე აშენებული სხვადასხვა ნაგებობა. სიმბოლურია, რომ პროტესტის აქტივისტებმა საკუთარი კარავიც კი უკანონოდ მიმდინარე მშენებლობის ფუნდამენტზე განათავსეს.
ადამიანებს, რომელთათვისაც ბალდის კანიონი ამდენად მნიშვნელოვანია, შეუძლებელია, ეს არ სცოდნოდათ. ახლა რატომ გახდა ბუნების დაცვა მათი პრიორიტეტი?! ახლა, როცა დასაცავიც არაფერია. პირიქით, ამ პროექტის გაკეთება ნიშნავს იმას, რომ ეს ადგილი განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშ მოქცევა, განსაკუთრებული ზრუნვის ადგილად იქცევა.
პროტესტის ლოგიკა თუ ალოგიკურობა, მისი მონაწილეების ორმაგი სტანდარტი ეჭვის საფუძველს იძლევა. სინამდვილეში, ბალდაში მიმდინარე დღევანდელი პროტესტი აისბერგის წვერია და მალე ყველაფერი უფრო და უფრო ცხადი გახდება. ვინ მართავს პროცესს, ვის ინტერესებს ეწირება განვითარება, ვინ მანიპულირებს ხალხით - ჩვენ გავაგრძელებთ ჟურნალისტურ გამოძიებას და აუცილებლად დეტალებში გაჩვენებთ, რასთან გვაქვს საქმე.
უახლესი
15 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება