Georgian Airways, სავარაუდოდ, თბილისი-მახაჩყალა-თბილისის მიმართულებით ფრენებს დაიწყებს
ქართული ავიაკომპანია Georgian Airways, სავარაუდოდ, თბილისი-მახაჩყალა-თბილისის მიმართულებით ფრენებს დაიწყებს. ამის შესახებ ინფორმაცია მახაჩყალის აეროპორტის ოფიციალურ ვებგვერდზე განრიგშია გამოქვეყნებული.
ინფორმაციაში ნათქვამია, რომ რეისები 23 ნოემბრიდან 30 მარტამდე კვირაში სამჯერ - სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს შესრულდება. მახაჩყალიდან გამგზავრების დროა 07:45.
მანამდე ბლოგერ ნიკოლაი ლევშიცის ტელეგრამის არხზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ Georgian Airways გეგმავს ფრენების განხორციელებას თბილისსა და მახაჩყალას, ასევე თბილისსა და სანკტ-პეტერბურგს (10 დეკემბრიდან), ბათუმსა და მოსკოვს (12 დეკემბრიდან) შორის.
Georgian Airways-ს, ისევე როგორც საქართველოს და რუსეთის ხელისუფლებას, ახალი ფრენების დაწყების შესახებ ჯერ არ გამოუცხადებიათ. ამჟამად ავიაკომპანია თბილისსა და მოსკოვს შორის პირდაპირ ფრენებს ახორციელებს.
საქართველოს მიმართულებით ასევე ახორციელებს ფრენებს Azimut Airlines-ი. კერძოდ, მოსკოვი–თბილისი–მოსკოვი, სოჭი–თბილისი–სოჭი; მოსკოვი-ბათუმი-მოსკოვი; მინერალური წყლები -თბილისი - მინერალური წყლები მიმართულებით.
მახაჩყალის მიმართულებით რეისების შესრულებაზე ინფორმაცია ჯერ Geogian Airways-ის გვერდზე წარმოდგენილი არ არის.
შეგახსენებთ, რომ ივლისის დასაწყისში რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ (როსავიაცია) გამოსცა დადგენილება,რომლითაც რუსეთისა და საქართველოს ქალაქებს შორის კვირაში 284 ფრენა დაუშვა. ნებართვების უმეტესობა ავიაკომპანია Red Wings-ზე იყო გაცემული. საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ განაცხადა, რომ ავიაკომპანიებს ტრანსპორტირების უფლებით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ რიგი დამატებითი პირობების შესრულების შემდეგ.
იგივე თემაზე:
მოსკოვის მიმართულებით საშუალო დატვირთულობა 60-70% გვაქვს - თამაზ გაიაშვილი სამომავლო გეგმებზე
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები