თიბისიმ ბიზნესდაჯოლდოების პროექტის 2023 წლის ფინალისტები გამოავლინა!
გაგაცნობთ ნომინაცია „საუკეთესო ინოვაციური სტარტაპის“ ფინალში გასულ 3 კომპანიას.
კომპანია Roommate.ge ერთმანეთთან აკავშირებს ბინის მაძიებელ ადამიანებს და ეხმარება მათ ოთახის მეზობლების პოვნაში. მეორე მხრივ კი, ბინის მეპატრონეებს ბინის გაქირავების პროცესს უმარტივებს. პლატფორმის თავდაპირველი მიზანი სტუდენტებისთვის ბინის ქირაობის გამარტივება იყო, თუმცა ამ პროცესში გაირკვა, რომ ბინის მეპატრონეები სტუდენტებს არასანდო კატეგორიად მიიჩნევდნენ და მათთვის ბინების მიქირავება არ სურდათ. ამ პრობლემის მოგვარება Roommate-მა მეპატრონეებთან კომუნიკაციით სცადა: დეტალურად გაწერილი ხელშეკრულების პირობების თანახმად, ბინის მეპატრონე სისტემატურად იღებს ბინის აქტუალურ ფოტოებს, რათა დარწმუნდეს, რომ ბინაში ყველაფერი წესრიგშია. გარდა ამისა, ყველა სახლს ჰყავს ე.წ. „ლიდერი“ სტუდენტი, რომელიც ზრუნავს ზოგად წესრიგზე. პლატფორმა Roommate პასუხისმგებლობას იღებს ასევე დროულ გადახდებზე, რათა ბინის მეპატრონეები დაცულად გრძნობდნენ თავს.
„ბიზნესდაჯილდოება ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია ჩვენთვის, განსაკუთრებით Roommate-ის შესახებ ცნობიერების ამაღლების კუთხით და თიბისისგან დიდ მხარდაჭერას ვიღებთ. ასევე, ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი აღიარებაა, რომ ღირებულ საქმეს ვაკეთებთ. გამარჯვების შემთხვევაში, ისევ და ისევ, ჩვენი მთავარი ფოკუსი პროდუქტის განვითარებაზე, სხვა ქვეყნებში გაფართოებასა და ინვესტიციების მოზიდვაზე დარჩება“, - ამბობს Roommate-ის დამფუძნებელი, მარიკა ხანთაძე.
ნომინაციის „საუკეთესო ინოვაციური სტარტაპისთვის“ მეორე ფინალისტია გიფების, ხმოვანი გიფებისა და სტიკერების მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პლატფორმა KLIPY, რომელიც უდიდეს Messenger-ებს, Social Network-ებსა და Media პლატფორმებს მონეტიზაციაში ეხმარება.
გზა, რომელიც კლიპიმ ხმოვანი გიფების იდეიდან სოციალური ქსელების, მესენჯერებისა და მედია კომპანიების AdTech პროდუქტამდე გაიარა, 2 წლის წინ დაიწყო. საწყის ეტაპზე KLIPY (kikliko) იყო ხმოვანი გიფების Web და Mobile აპლიკაცია, რომლის დახმარებითაც მომხმარებელი მისთვის საინტერესო კონტენტს მესიჯობისას ან ვიდეო კომბინაციის შესაქმნელად იყენებდა. პროცესში KLIPY-მ ათობით მილიონი ხმოვანი გიფი, სტიკერი და სხვადასხვა პროდუქტები დააგენერირა, რომელიც უკვე ინტეგრირებულია ისეთ სოციალურ ქსელებთან და მესენჯერებთან, რომლებსაც ათობით მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს და ანაცვლებს ისეთ მოთამაშეებს, როგორებიცაა GIPHY და Tenor. გზად კი ისეთ პლატფორმებთან ინტეგრაციებია დაგეგმილი, როგორიცაა Viber, Snapchat, X, WhatsApp და ა.შ. 2024 წლიდან კი ისინი ინდოეთის ბაზარზეც შედიან.
გასული წლის ბოლოს KLIPY-მ შეძლო 2 მილიონ დოლარამდე ინვესტიციის დაპირებების აღება და არაერთი საკმაოდ დიდი ფონდისა და ცნობილი ინვესტორის შემოერთება. პლატფორმის აქტიური მომხმარებლების რაოდენობა დღეს 300,000 აჭარბებს. კომპანიის გათვლებით ეს რიცხვი ძალიან მალე 3 მილიონს მიუახლოვდება, ხოლო ზემოხსენებული პლატფორმებიდან ერთ-ერთის ინტეგრაციის შემთხვევაში 10 მილიონს გადასცდება.
„ბიზნესდაჯილდოებაში მონაწილეობა კომპანიას დაეხმარება ადგილობრივ ბაზარზე მეტ ადამიანს გააგებინოს ზრდის და წარმატების შესახებ, რაც საშუალებას მოგვცემს, მეტი ნიჭიერი ადამიანი შემოვიერთოთ და გუნდი გავზარდოთ. KLIPY-ს მთელი გუნდი მუდმივად მუშაობს კომპანიის მსოფლიო ცნობადობის ასამაღლებლად. ჩვენი მიზანია დავინტეგრირდეთ ისეთ ტოპ-პლატფორმებში, რომლებსაც ყოველდღიურად ასობით მილიონი ადამიანი იყენებს და დავიწყოთ მათი მონეტიზაცია, ისე როგორც არსებულ პლატფორმებში ვაკეთებთ. ეს კი საშუალებას მოგვცემს Unicorn-ი ნიშნული გადავლახოთ. ბიზნესდაჯილდოებაში გამარჯვება მნიშვნელოვნად დაგვეხმარება ამ მიზნისკენ სვლაში“, - ამბობს KLIPY-ს თანადამფუძნებელი, გივი ბერიძე.
სტარტაპი Signify 2021 წელს, პანდემიის დროს შეიქმნა. მისი მიზანი კომპანიებისთვის დაკონტრაქტების პროცესის გაციფრულება და ელექტრონული ხელმოწერის სხვადასხვა სახეობების მხარდაჭერა იყო. Signify-ს გუნდმა სისტემა საბაზისო ფუნქციონალით რამდენიმე თვეში გაუშვა და მომხმარებლებს საშუალება მისცა, პირველი წლის განმავლობაში უფასოდ ესარგებლათ პროდუქტით. პირველი მომხმარებლების გამოცდილებამ კი გუნდს საშუალება მისცა უკეთ მოეხდინათ ბაზრის საჭიროებების ანალიზი. Signify-ს გუნდი მუდმივად ითვალისწინებს მომხმარებელთა უკუკავშირს და ახდენს საერთაშორისო კონკურენტების ანალიზს - იმისათვის, რომ ფუნქციონალი იყოს მაქსიმალურად დახვეწილი და კომფორტული.
დღეისათვის Signify ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სტარტაპია საქართველოს ბაზარზე. ის თანამშრომლობს 500-მდე კომპანიასთან, მათ შორის ისეთ მსხვილ კომპანიებთან, როგორებიცაა - თიბისი, მაგთი, დიპლომატ ჯორჯია, დომუსი, აჭარაბეთი, საქართველოს უნივერსიტეტი, ირაო, ჯიპიაი და ა.შ.
Სამომავლოდ Signify-ს გუნდი გეგმავს საქართველოში მიღებული გამოცდილების გამოყენებას საზღვარგარეთ პროდუქტის მასშტაბირების მიზნით.
Signify მომხმარებელს სთავაზობს შესაძლებლობას, გააგზავნონ დოკუმენტი ხელმოსაწერად ან თავად მოაწერონ ხელი სულ რამდენიმე კლიკით; გააშაბლონონ საკუთარ კომპანიაში არსებული კომპლექსური ინიცირება, ვიზირება, ხელმოწერის პროცესები; შეძლონ კონტრაქტების დახარისხება და მართვა. დიდი კომპანიები, როგორც წესი, ასევე თავიანთ სისტემებთან აკეთებენ Signify-ს ინტეგრაციას.
„ბიზნესდაჯილდოების პროექტში მონაწილეობა გვეხმარება იმაში, რომ უფრო ფართო აუდიტორიას მივაწოდოთ ინფორმაცია ჩვენი საქმიანობის შესახებ. გამარჯვება დამატებითი მტკიცებულება იქნება ჩვენი გუნდისთვის, რომ მნიშვნელოვან საქმეს ვემსახურებით. გამარჯვების შემთხვევაში კომპანიის საინფორმაციო მხარდაჭერას ავირჩევთ. მგონია, რომ ამ ეტაპზე ჩვენი კომპანიისთვის ყველაზე სასარგებლო სწორედ საინფორმაციო მხარდაჭერა და ცნობადობის ამაღლება იქნება“, - ამბობს Signify-ის თანადამფუძნებელი და ტექნიკური დირექტორი, ალექსანდრე ნემსაძე.
ბიზნესდაჯილდოება თიბისის ბიზნესის მხარდაჭერის პროექტია, რომელიც უკვე მეშვიდედ იმართება და მასში მონაწილეობა 3000 - ზე მეტმა კომპანიამ მიიღო. წლევანდელი გამარჯვებულების ვინაობა თებერვლის ბოლოს გახდება ცნობილი.
უახლესი
10 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება