„ის, რომ თითქოს ფასებმა საქართველოში, კერძოდ თბილისში, გადაუსწრო ფასებს მსოფლიოს წამყვან ქალაქებში, რბილად რომ ვთქვათ, გადაჭარბებულად გვეჩვენება“-ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე სოციალურ ქსელში წერს.
ეკონომისტი პოლიტიკოსების მიერ პროდუქტებზე ფასების ზრდაზე გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ პოლიტიკოსი ციფრებით არ უნდა მანიპულირებდეს და უნდა ახსოვდეს, რომ მის მიერ დასახელებული რიცხვის მართებულობაზე საბოლოო ვერდიქტი პირუთვნელ და ობიექტურ სტატისტიკას გამოაქვს.
სოსო არჩვაძის შეფასებით, „მაღალი“ და „დაბალი“ ფასები არაფერს გვეუბნებიან, თუ არ ვიცით, შემოსავლებით რა ოდენობის საქონლისა და მომსახურების შეძენის შესაძლებლობაა მოსახლეობის ერთ სულზე დროის ყოველ კონკრეტულ პერიოდში.
ასევე, არჩვაძეს მაგალითისთვის მოჰყავს ამერიკის შეერთებული შტატები და წერს, რომ აშშ-სთან შედარებით საქართველოში ფასების საერთო დონე საგრძნობლად დაბალია.
„ის, რომ თითქოს ფასებმა საქართველოში, კერძოდ თბილისში, გადაუსწრო ფასებს მსოფლიოს წამყვან ქალაქებში, რბილად რომ ვთქვათ, გადაჭარბებულად გვეჩვენება. მაგალითად, 1 კგ პურის ფასი აშშ-ში 2.90 დოლარია, საქართველოში კი - 2.53 ლარი, ერთი კილოვატ-საათი დენის ღირებულება ამერიკაში საშუალოდ - 16.2 ცენტია, საქართველოში - 22 თეთრი, 1 კუბური მეტრი გაზისა, შესაბამისად, აშშ- ში - 33.7 ცენტი, საქართველოში - 0.56 თეთრი; ავტობუსით მგზავრობა, მაგალითად, ნიუ იორკში მინიმუმ 2.90 დოლარი დაგიჯდებათ, თბილისში - მხოლოდ 1.0 ლარი. გამოდის, რომ ვალუტის ოფიციალური კურსით, ფასები საქართველოში აშშ-თან შედარებით შეადგენს (აშშ = 100%). პურის ფასი - 33.2 პროცენტს, დენის – 51.7 პროცენტს, გაზის – 63.2 პროცენტს, ხოლო საქალაქო ტრანსპორტისა – მხოლოდ 13.1 პროცენტს. სიის გაგრძელება, რომლითაც საქართველოში ფასების მნიშვნელოვანი და ხშირად ჯერადი ჩამორჩენაა ამერიკასთან შედარებით, თითქმის დაუსრულებლად შეიძლება.
აღნიშნულიდან, რამდენიმე პრინციპული ხასიათის დასკვნა:
ჯერ ერთი, პოლიტიკოსი ციფრებით არ უნდა მანიპულირებდეს და უნდა ახსოვდეს, რომ მის მიერ დასახელებული რიცხვის მართებულობაზე საბოლოო ვერდიქტი პირუთვნელ და ობიექტურ სტატისტიკას გამოაქვს;
მეორე, თავისთავად „მაღალი“ და „დაბალი“ ფასები არაფერს გვეუბნებიან, თუ არ ვიცით, შემოსავლებით რა ოდენობის საქონლისა და მომსახურების შეძენის შესაძლებლობაა მოსახლეობის ერთ სულზე დროის ყოველ კონკრეტულ პერიოდში. ამიტომ აპელირება უშუალოდ ფასების ზრდაზე კი არ უნდა იყოს (თავად ამერიკის შეერთებულ შტატებში ფასები ბოლო ერთ საუკუნეში 19-ჯერ გაიზარდა), არამედ იმაზე, შესადარ პერიოდში მოსახლეობის მსყიდველობითი უნარიანობა გაიზარდა თუ შემცირდა და
მესამე, ფასების საერთო დონე საქართველოში საგრძნობლად დაბალია ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ზოგადად, მაღალგანვითარებულ ქვეყნებთან შედარებით...“-წერს სოსო არჩვაძე.
უახლესი