დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ეკონომიკის სამი დარგი, სადაც ინვესტირება საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანია - ჯემალ ინაიშვილი

ეკონომიკის სამი დარგი, სადაც ინვესტირება საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანია - ჯემალ ინაიშვილი

12-10-2023 14:00:44

„თბილისის დრაი პორტის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ ინაიშვილი, Business Insider Georgia-თან „სხვა ინტერვიუს“ ფორმატში საკვანძო საკითხებზე საუბრობს: საქართველოს საზღვაო პოტენციალი, ბიზნესის ხელშეწყობა და ბიზნესის საჭიროებები , საქართველოს სატრანზიტო როლი, გამოწვევები და შესაძლებლობები, ქვეყნის კონკურენტუნარიანობა, მოლოდინები, ანაკლიის პორტი, ახალი ნავსადგურის მშენებლობა ფოთში, ტურიზმი და საქართველოს ნიშა, ქვეყნის ძირითადი გამოწვევები და შესაძლებლობები.

თქვენი მრავალმხრივი გამოცდილებიდან გამომდინარე, სად გრძნობთ თავს კომფორტულად და რატომ?

რა თქმა უნდა ბიზნესში... ჩემი სახელმწიფო სამსახურში ყოფნა ორ ნაწილად იყოფა: ერთი ნაწილი უკავშირდება საბჭოთა პერიოდს, როცა ყველაფერი სახელმწიფო იყო და კერძო არ არსებობდა. მერე დაიწყო გარდაქმნა, როცა  რაღაც დოზით ბიზნესის კეთების საშუალება მოგვეცა. შემდეგ უკვე დამოუკიდებლობის პერიოდი იწყება და  უკვე მთლიანად გადავერთე ბიზნესზე. შემდეგ იყო პერიოდი, როცა ვხელმძღვანელობდი ფოთის საზღვაო ნავსადგურს. მართალია, ეს იყო სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმო, მაგრამ საქმიანობა სრულიად კომერციული იყო. ამის შემდეგ ოთხი წელი პარლამენტარი ვიყავი და ასე დასრულდა ჩემი მოკლევადიანი ყოფნა სახელმწიფო სამსახურში. შემდეგ ისევ დავუბრუნდი ბიზნესს.

თქვენი სახელი ფოთის პორტთან ასოცირდებოდა. მაშინაც აქტიურად იყო საუბარი საქართველოს საზღვაო პოტენციალზე. იმ პერიოდში რა გაკეთდა ფოთის პორტის ნაწილში და შემდეგი განვითარებისთვის რა პერსპექტივები გაჩნდა?

ჩემი ბიზნეს-საქმიანობა უკავშირდებოდა საერთაშორისო გადაზიდვებს, საპორტო საქმიანობას და ამან განაპირობა ჩემი ფოთის საზღვაო ნავსადგურის უფროსად დანიშვნა. შესაბამისად, ნავსადგურში მუშაობას მის ყველაზე რთულ პერიოდში შევუდექი, როდესაც ტვირთბრუნვა შეადგენდა დაახლოებით 1 მლნ ტონას და ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო თვითონ ნავსადგური ტექნიკური მდგომარეობისა და  ფინანსური თვალსაზრისით. ჩვენ მოკლე ვადაში შევძელით ტვირთების მოზიდვა და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება. დავიწყეთ ინვესტიციები ტექნიკურ გადაიარაღებაში. მე დავასრულე მუშაობა, როცა ნავსადგურის ტვირთბრუნვა შეადგენდა 5 მილიონ ტონა ტვირთს. ჩვენ ავაშენეთ ნავთობტერმინალი, შევიძინეთ საქართველოს ახალ ისტორიაში პირველი „მიწის მძოვი“ გემი, რომელიც ნიდერლანდებში ჩვენი დაკვეთით აშენდა. რაზედაც ნავსადგური დღესაც არის დამოკიდებული, რადგან არხის გაწმენდა ეს არის მუდმივი პროცესი, რათა ნავსადგურში შემოსასვლელ არხში სიღრმეები შენარჩუნდეს. შევიძინეთ ბუქსირები, სხვადასხვა ტიპის ტექნიკა და ა,შ. აქედან გამომდინარე ნავსადგური ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ქვეყნისთვის. ფოთის პორტის ტრანზიტული ფუნქცია ჩვენი ქვეყნისთვის სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს, განსაკუთრებით ამ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში. კერძოდ, მიმდინარეობს რუსეთ-უკრაინის ომი. რუსეთი არის უკვე სანქცირებული ქვეყანა და ტვირთი რომელიც მოემართებოდა რუსეთის გავლით ცენტრალურ აზიაში, ახლა სანქციების გამო მათ ახალი სატრანზიტო გზებისა და მიმართულებების ძებნა უწევთ.

ვიდრე ამ თემას განვავრცობთ, თქვენ სავაჭრო-სამრეწველო პალატასაც ხელმძღვანელობდით. ამ მიმართულებითაც რომ ვისაუბროთ...

ვფიქრობ, რომ დღესაც მნიშვნელოვანია ბიზნესის ხელშეწყობა, განსაკუთრებით, მცირე და საშუალო ბიზნესის. როდესაც სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტად ამირჩიეს, ასეთი სლოგანი შევიმუშავეთ: `საქართველო ღვინის სამშობლო“. მაშინ ამაზე არავინ ლაპარაკობდა, ვიდრე არ წავაწყდი ჰიუ ჯონსის „ღვინის ისტორიის“ წიგნს, სადაც პირველივე ფურცლებზე ეწერა, რომ საქართველო არის ღვინის სამშობლო.

აქედან გამომდინარე ეგ იყო მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომლის გამოყენებაც აუცილებელი იყო. ამით დავიწყეთ, გავაერთიანეთ მეღვინეები და ერთ-ერთი ჩვენი პირველო ღონისძიება დავგეგმეთ პოლონეთში. ეს ქვეყანა იმიტომ ავირჩიეთ, რომ საბჭოთა კავშირის დროს ძალიან ბევრი პოლონელი ტურისტი ჩამოდიოდა საქართველოში და მარკეტინგულად ჩავთვალეთ, რომ პირველ რიგში უნდა დაგვეწყო აღმოსავლეთ ევროპით. ჩვენ marriott-ში ვიქირავეთ ფართი, წავიყვანეთ საქართველოდან მზარეულები, კულტურის წარმომადგენლები და სამდღიანი დიდი ღონისძიება ჩავატარეთ. რამაც საფუძველი დაუდო ქართული ღვინის პოლონეთის ბაზარზე შესვლას.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ახალი გეოპოლიტიკური ვითარება გვაქვს და ამ პერიოდში კვლავ გააქტიურდა საუბარი საქართველოს სატრანზიტო როლზე. ახლა ევროკავშირიც ჩართულია საქართველოს სწორი როლის გამოყენებაში. მათ შორის საუბარია პორტების თემაზე. გაჟღერდა ანაკლიის საკითხიც. როგორ შეაფასებდით ამ კუთხით ჩვენს შესაძლებლობებს?

ქვეყანას დიდი პოტენციალი აქვს ამ მიმართულებით. ეს არის ჩვენი ბუნებრივი მდებარეობა და შესაბამისად, ამას გამოყენება სჭირდება. აუცილებელია განხორციელდეს ინვესტიციები, როგორც სანავსადგურო ინფრასტრუქტურაში, ისე რკინიგზაში, გზების მშენებლობაზე, აეროპორტებში და ა.შ. იმისთვის, რომ ჩვენ რეალურად ვიქცეთ ლოგისტიკურ ჰაბად ამისთვის გვჭირდება ინვესტიციები. ჩვენ უნდა ვიყოთ კონკურენტულები. რა თქმა უნდა არსებობს ალტერნატივები და ჩვენ უნდა შევძლოთ სწრაფად და კონკურენტულ ფასებში მოვიზიდოთ უფრო მეტი ტვირთი, რომელიც ევროპიდან და სხვა ქვეყნებიდან ცენტრალურ აზიისკენ მიემართება, ასევე ის დიდი რაოდენობა იმ ტვირთებისა, რომელიც ცენტრალური აზიიდან ექსპორტზე გადის. რეალურია ის მოლოდინები რომელიც გაჩნდა და ჩვენი შესაძლებლობები სატრანზიტო თვალსაზრისით უფრო მეტად გაიზარდა, მაგრამ ჩვენ ზოგიერთ შემთხვევაში არ ვართ მზად ამისთვის. საჭიროა ინვესტიციები, ეს იქნება ანაკლიის ნავსადგური, ან იგივე ფოთის პორტში ახალი ნავსადგურის მშენებლობა. ფოთს აქვს პოტენციალი ზუსტად იგივე სიმძლავრის, იგივე სიღრმეებისა და იგივე ფუნქციის მატარებელი იყოს პორტის ახალი ნავსადგური. ეს პროექტი ძველია, ჩემი მუშაობის დროს იაპონიის მთავრობამ დააფინანსა. არსებობს პროექტი და ვფიქრობ, აუცილებლად უნდა იყოს რეალიზებული.

ძალიან ბევრი ქვეყანაა, რომლისთვისაც საქართველო არ არის ტურისტულად მიმზიდველი. როგორ ხედავთ ტურიზმის სტრატეგიას ვიზიტორებთან მიმართებით და სად არის ის ნიშა, რომელიც შესაძლებელია, რომ უფრო აქტიურად აითვისოს საქართველომ?

ვფიქრობ, ჩვენთვის ერთ-ერთი საინტერესო ქვეყანაა ინდოეთი. ავიაკომპანია „ინდიგო“ ნიუ-დელიდან სამჯერ დაფრინავს საქართველოს მიმართულებით. იმედია, რომ ფრენა ახლო მომავალში ყოველდღე განხორციელდება. ინდოეთში საშუალო ფენა 30%-ია. ყოველწლიურად საშუალო ფენა ამ ქვეყამაში 6%-ით იზრდება, ამდენითვე, იზრდება ეკონომიკა. ინდოეთიდან საქართველოში ფრენას 4 საათი სჭირდება. ინდოელი ტურისტი ჩვენთვის მიმზიდველია იმ კუთხითაც, რომ მათ უყვართ გართობა, ღვინო...მხარჯველი ტურისტია. ჩვენ გვჭირდება დივერსიფიცირება ტურისტული ბაზრების. კარგად განვითარდა ტურიზმი, რომელიც ეხება სპარსეთის ყურის ქვეყნებს. შესაბამისად, ამას თუ ინდოეთი დაემატება, ძალიან კარგი იქნება. ინდოელები ინგლისურად საუბრობენ, რაც კომუნიკაციას უფრო აადვილებს. ტურიზმი იწყება საზღვრიდან, პოლიციელიდან...ბევრი შემთხვევაა, როცა ტაქსის მძღოლები ატყუებდნენ სტუმრებს, ორჯერ-სამჯერ ზრდიან ტარიფს. ასეთი ფაქტები კონტროლზე უნდა იყოს აყვანილი, რათა ქვეყნის იმიჯი არ შეილახოს. ჩვენ ამ სფეროში კონკურენტებიც გვყავს. ყველა ცდილობს, იგივე ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანი, თურქეთი, რომ ინდოელი ტურისტები მოიზიდოს. ტრანზიტით მივფრინავდი სტამბულის აეროპორტიდან და ორი ბოინგი იდგა აეროპრტში და ინდოეთიდან თურქეთში 350 მგზავრი ერთდროულად ჩამოფრინდა. ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ ყველა პირობა შევუქმნათ ტურისტს და მათ შორის სტრატეგიულად უნდა ავირჩიოთ ის მიმართულებები, რომლებიც ჩვენთვის საინტერესოა.

არ გვაქვს იმის რესურსი რომ ყველას მივწვდეთ, მაგრამ ინდოეთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. სკანდინავიაა ძალიან საინტერესო. ჩემი პარტნიორები არიან ნორვეგიელები და ისინი გამოთქვამენ წუხილს, რომ პირდაპირი ფრენები არ არის ოსლოდან თბილისში. ნორვეგია უმდიდრესი ქვეყანაა და ერთ სულ მოსახლეზე მშპ $60-70 000-ია. საქართველოში მათთვის კლიმატური პირობების მხრივ ოთხივე სეზონი მისაღებია და იმ პროდუქტების სიიაფე, რაც ნორვეგიაში ძვირია.

საინტერესოა ამ სტრატეგიული მიმართულებების გამოკვეთა, რადგან ეს ავტომატურად ჩახსნის და საპირწონე იქნება იმ პრობლემის, რუსეთის მოქალაქეების შემოდინების რაც საფუძვლიანად გვაშფოთებს...

ამიტომ ვამბობ, რომ ტურიზმის ბაზრის დივერსიფიცირება უნდა მოვახდინოთ. ტურიზმი ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, ჩვენი ეკონომიკური წინსვლისა და წარმატების საწინდარი. სწორედ ტურიზმი არის ეკონომიკის ბევრი სხვა დარგის მამოძრავებელი. ჩვენ ვნახეთ, ტურიზმი როგორ გავლენას ახდენს უძრავი ქონების გაქირავებაზე... მათ შორის ინვესტიციები ტურიზმში, სასტუმრო სექტორში, ვაჭრობაზე ახდენს დიდ გავლენას.   ყველა ტურისტი ვინც ჩამოდის, ის აუცილებლად რაღაცას შეიძენს. ეს ყველაფერი უწყობს ხელს ეკონომიკასა და ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობას.

გარდა ამ თემებისა რაზეც ვსაუბრობთ, რა იქნება პრიორიტეტი, რაზეც ახლა და ამ რეალობაში უნდა ვიმუშაოთ. რა ძირითად ასპექტებს გამოყოფდით?

მნიშვნელოვანია ენერგეტიკა და ახლა ალბათ განახლებადი ენერგიის კუთხით ძალიან კარგ ნაბიჯებს დგამს მთავრობა, სახელმწიფო, რათა მიმზიდველი გახადოს ინვესტიციები ამ მიმართულებით. ტრანსპორტი და ლოგისტიკა, ამ მხრივ ბევრია გასაკეთებელი და ამაში კერძო ბიზნესიც იქნება ჩართული. სახელმწიფოს შეუძლია განახორციელოს მთავარი ინფრასტრუქტურული პროექტები და ინვესტიციები. დანარჩენი კერძო ბიზნესმა უნდა აკეთოს და ამ მიმართულებითაც ბევრია გასაკეთებელი. მნიშვნელოვანია ტურიზმიც, ჩვენ ინვესტიციებს ვახორციელებთ ამ მიმართულებითაც და მიგვაჩნია, რომ ამას მომავალი აქვს. არის სხვა დარგები, მაგალითად IT ტექნოლოგიები. ამ მიმართულებებით ამოცანა ნაწილობრივ შესრულებულია, მაგრამ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, რათა საქართველო იქცეს ფინანსურ ჰაბად, რაც ნაწილობრივ არის კიდეც და საერთოდ თანამედროვე ტექნოლოგიების ჰაბად, ამ დარგის განვითარების გათვალისწინებით. შეიძლება ჩვენ გაგვიჭირდეს დიდი წარმოების შექმნა, რადგან ნედლეული არ გაგვაჩნია, მუშა-ხელის პრობლემაც არის... ამიტომ ჩვენ აქცენტი უნდა გვქონდეს მაღალტექნოლოგიებზე, რაც შედარებით ნაკლები ხალხის დასაქმებას ითვალისწინებს, მაგრამ უფრო კვალიფიციურ და მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს შექმნის.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები