ქართული სანაოსნო კომპანია E60 Shipping Line, რომელიც რუმინეთის მიმართულებით ოპერირებდა უკვე ბულგარეთის მიმართულებაც დაამატა. მიმართულებების ზრდის პარალელურად იზრდება კომპანიის ფლოტიც და რამდენიმე კვირაში E60 Shipping Line ოპერირებას 3 ხომალდით გააგრძელებს, საიდანაც 2 კომპანიის საკუთრებაა, ხოლო ერთი ხომალდი იჯარით არის აღებული.
როგორც Business Insider Georgia-თან E60 Shipping Line-ის კომერციულმა დირექტორმა მიხეილ ბაბუნაშვილმა განუცხადა, ახალი ხომალდით ძირითადად საქართველოსა და რუმინეთს შორის მოხდება ოპერირება.
„ახალი ხომალდი, რომელსაც დაერქმევა „დიოსკურია“, არის მაღალი კლასის საზღვაო ხომალდი და აქვს მგზავრების გადაყვანის შესაძლებლობაც. სხვა ბორნებთან შედარებით „დიოსკურიას“ აქვს შედარებით გაუმჯობესებული კაიუტები, აქვს რესტორანი, ბარი და სხვა. ხომალდზე ყველაფერი იმისთვის, რომ მძღოლებისთვის, თუ ჩვეულებრივი მგზავრისთვის კომფორტული იყოს გადაადგილება. ბორანი კომპანიის მიერ უკვე შეძენილია, თუმცა საქართველოს ტერიტორიულ წლებში ის ჯერ არ შემოსულა, რადგანაც ამ დროისათვის იმყოფება პოლონეთში.
გემი დაახლოებით თვის ბოლოს დაიძვრება პოლონეთიდან და უკვე დეკემბერში ჩვენ გვეყოლება. „დიოსკურიას“ 80 სატვირთოს და პლუს 30 მსუბუქი ავტომობილის და ასევე, 250 მგზავრის გადაყვანა შეეძლება“, - აცხადებს მიხეილ ბაბუნაშვილი.
უფრო კონკრეტულად, ახალი ბორანი, იჯარით არსებულ ბორან LIDER EXPRESS-თან ერთად ოპერირებას განაგრძობს კონსტანცას მარშრუტზე, რაც E60 Shipping Line-ის ძირითადი მიმართულებაა.
E60 Shipping Line-მა ტვირთების ტრანსპორტირება დაიწყო ვარნას მიმართულებითაც. ამ ეტაპზე საუბარია ე.წ. სამკუთხედ მარშრუტზე, თუმცა მოთხოვნის კიდევ უფრო ზრდის ფონზე E60 Shipping Line ფოთი-ვარნა-ფოთის რეგულარული მიმართულების ამოქმედებასაც გეგმავს.
„მიმდინარე კვირიდან პირველად შევედით ვარნას პორტში და წამოვიღეთ ვაგონები. ვარნადანვაგონები შავ ზღვაზე დიდი ხანია არ გადაზიდულა და ეს მიმართულება აღვადგინეთ. ვარნაში ეს ჩვენი პირველი შესვლა იყო და ნოემბრის ბოლომდე კიდევ რამდენიმე შესვლას ვგეგმავთ. მარშრუტზე ვმოძრაობთ სამკუთხედის პრინციპით, რაც გულისხმობს ფოთი-კონსტანცა-ვარნა-ფოთის ხაზზე ოპერირებას. კონსტანცაში ვიტვირთებით რაღაც ტვირთებით, შემდეგ გადავდივართ ვარნაში, სადაც ვიტვირთებით ვაგონებით და შემოვდივართ ფოთში. თუ კი მოთხოვნა იქნება და გვგონია, რომ იქნება, რადგანაც უკვე აქტიურად წამოვიდა და გაქვს შეკვეთები და თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება, მაშინ სერიოზულად ვიფიქრებთ, რომ ვარნაზე რეგულარულად ვიმუშაოთ. ფაქტობრივად უკვე ვფიქრობთ მაგაზე“, - აცხადებს მიხეილ ბაბუნაშვილი.
E60 Shipping Line-ის კომერციული დირექტორი განმარტავს, რომ ამ ეტაპზე ვარნადან შუა დერეფნის ტვირთების ტრანსპორტირება ხდება.
„ეს არის შუა დერეფნის ტვირთები და ეს ვაგონები შემდეგ ჩადის ჩინეთამდე. ამ ეტაპზე შუა დერეფანს ვააქტიურებთ, მაგრამ სამომავლოდ შემოვა ისეთი შეკვეთებიც, რომელიც უშუალოდ საქართველოსკენ წამოვა, ან საქართველოდან წავა“, - აცხადებს ბაბუნაშვილი.
რაც შეეხება ფოთი-ვარნა-ფოთის საზღვაო ხაზს აღნიშნულ მარშრუტზე კომპანია თავის პირველ საკუთარ ხომალდს „აიას გაუშვებს.
რაც შეხება კომპანიის სამომავლო გეგმებს, E60 Shipping Line გაჩერებას არ აპირებს და გაფართოების და ზრდის მიმართულებით უკვე გარკვეულ გეგმებსაც აწყობს.
„ჩვენ ყოველთვის ვფიქრობთ გაფართოებაზე. ანუ ჩვენი ძირითადი მიმართულება არის ფოთი-კონსტანცა-ფოთი და სავარაუდოდ ყოველთვის ასე იქნება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მხოლოდ აღნიშნულ მიმართულებაზე ვიხედებით. უკვე ვიხედებით ბულგარეთის და სხვა ქვეყნების მიმართულებით, თუნდაც შავი ზღვის ქვეყნების მიმართულებით. 2025 წელშიც არ ვაპირებთ, რომ ტემპი დავაგდოთ. ერთი წლის განმავლობაში საკმაოდ სწრაფი ტემპებით ვიარეთ და უკვე საკუთრებაში გვაქვს 2 ბორანი და ზრდა გაგრძელდება 2025 წელსაც“, - აცხადებს ბაბუაშვილი.
ქართული სანაოსნო კომპანია E60 Shipping Line, რომელიც ბაზარზე 2023 წლიდან გამოჩნდა მალევე გაიზარდა და პარკს საკუთარი ლაინერი ოპერირების დაწყებიდან რამდენიმე თვეში შემატა. დღეს „აია“ E60 Shipping Line-ს საკუთრება. კომპანიის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ბორანი AIA 1995 წელს აშენდა, რომელიც E60 Shipping Line-მა შეისყიდა და გარემონტა2024 წელს. ბორნის ეკიპაჟი მთლიანად საქართველოს მოქალაქეებისგან შედგება და თავად ბორანი ცურავს საქართველოს დროშის ქვეშ.
რაც შეეხება სატვირთო ბორანი „LIDER EXPRESS“ (IMO 8818312, MMSI 613606400) - აშენებულია 1991 წელს და მოძრაობს კამერუნის დროშით. იგი დაფრახტულია კომპანია E60 Shipping Line-ის მიერ 2024 წელს. ბორანზე არის კომფორტული კაბინები, რესტორანი და ბარი/ლაუნჯის სივრცე.
.
უახლესი