დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბოლო სამი წლის განმავლობაში პირველად გლობალური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი სტაბილიზაციას განიცდის

ბოლო სამი წლის განმავლობაში პირველად გლობალური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი სტაბილიზაციას განიცდის

12-06-2024 12:29:00

გლობალური ეკონომიკის პერსპექტივების შესახებ მსოფლიო ბანკის უახლესი ანგარიშის თანახმად, 2024 წელს, პირველად ბოლო სამი წლის განმავლობაში მოსალოდნელია  გლობალური ეკონომიკის სტაბილიზაცია, თუმცა უახლესი ისტორიული სტანდარტებით სუსტ დონეზე.  

 

გლობალური ზრდა პროგნოზის მიხედვით, 2024 წელს 2.6%-ის დონეზე შენარჩუნდება, სანამ 2025-26 წლებში 2.7%-იან საშუალო მაჩვენებელს მიაღწევს. აღნიშნული მნიშვნელოვნად დაბალია  პანდემიამდელი ათწლეულის 3.1%-იან საშუალო მაჩვენებელზე. ქვეყნებში, რომლებზეც ერთობლივად მსოფლიოს მოსახლეობის და მთლიანი შიდა პროდუქტის 80% მოდის, 2024-26 წლებში ეკონომიკური ზრდა სავარაუდოდ გაცილებით ნელა გაგრძელდება, ვიდრე პანდემიის წინა პერიოდში.

 

ზოგადად განვითარებად ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2024-25 წლებში საშუალოდ 4% იქნება, რაც ოდნავ ნაკლებია 2023 წლის მონაცემზე. დაბალშემოსავლიან ქვეყნებში 2024 წელს მოსალოდნელია ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაა  5%-მდე, 2023 წელს არსებულ 3.8%-თან შედარებით. თუმცა, იანვრის შემდეგ, 2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები ყოველი ოთხი დაბალშემოსავლიანი ქვეყნიდან სამისთვის ვარდნას ასახავს. მოწინავე ქვეყნებში ზრდის მაჩვენებელი 2024 წელს სტაბილურობას შეინარჩუნებს 1.5%-ის დონეზე სანამ 2025 წელს  1.7%-მდე მოიმატებს.

 

“პანდემიით, კონფლიქტებით, ინფლაციით და ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გამკაცრებით გამოწვეული ძვრებიდან ოთხი წლის შემდეგ, როგორც ჩანს, გლობალური ეკონომიკა სტაბილიზაციას იწყებს. თუმცა, ეკონომიკური ზრდა შედარებით ნელია, ვიდრე 2020 წლამდე. პერსპექტივები მსოფლიოს უღარიბესი ქვეყნებისთვის კიდევ უფრო შემაშფოთებელია. ისინი ვალის მომსახურებით, შეზღუდული სავაჭრო შესაძლებლობებითა და  კლიმატის ცვლილებით გამოწვეული მოვლენების საფრთხის წინაშე დგანან. განვითარებადმა ქვეყნებმა უნდა გამონახონ გზები კერძო ინვესტიციების ხელშესაწყობად, შეამცირონ სახელმწიფო ვალი და გააუმჯობესონ განათლება, ჯანდაცვა და საბაზისო ინფრასტრუქტურა. უღარიბესი 75 ქვეყანა, რომელიც აკმაყოფილებს განვითარების საერთაშორისო ასოციაციისგან კონცესიური დახმარების მიღების მოთხოვნებს, ვერ შეძლებს აღნიშნულის განხორციელებას საერთაშორისო მხარდაჭერის გარეშე,” -  აღნიშნა მსოფლიო ბანკის ჯგუფის მთავარმა ეკონომისტმა და უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა ინდერმით გილმა.

 

წელს ოთხი განვითარებადი ქვეყნიდან ერთი სავარაუდოდ სიღარიბის უფრო დაბალ დონეზე დარჩება ვიდრე პანდემიის დაწყებისას, 2019 წელს იყო. ეს მაჩვენებელი ორჯერ მაღალია სუსტ და კონფლიქტით დაზარალებულ ქვეყნებში. უფრო მეტიც, განსხვავება შემოსავლების მიხედვით განვითარებად და მოწინავე ქვეყნებს შორის 2020-24 წლებში კიდევ უფრო გაღრმავდება განვითარებადი ქვეყნების დაახლოებით ნახევრისთვის და 1990-იანი წლების შემდეგ უმაღლეს მაჩვენებელს მიაღწევს. ამ ქვეყნებში შემოსავალი ერთ სულზე, რომელიც  ცხოვრების სტანდარტების მნიშვნელოვანი ინდიკატორია, სავარაუდოდ 3%-ით გაიზრდება 2026 წლის განმავლობაში, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება პანდემიამდე არსებულ 3.8%-ს.

 

გლობალური ინფლაცია 2024 წელს ზომიერი იქნება 3.5%-ის დონეზე, ხოლო 2025 წელს 2.9%-ს გაუტოლდება, მაგრამ კლების ტემპი შედარებით უფრო დაბალია ვიდრე ექვსი თვის წინ იყო ნავარაუდევი. ბევრი ცენტრალური ბანკი შედეგად სიფრთხილეს იჩენს პოლიტიკის საპროცენტო განაკვეთების შემცირებასთან დაკავშირებით. გლობალური საპროცენტო განაკვეთები სავარაუდოდ მაღალ დონეზე შენარჩუნდება ბოლო ათწლეულების სტანდარტების მიხედვით, რაც 2025-26 წლებში საშუალოდ 4% იქნება ანუ დაახლოებით ორჯერ მეტი 2000-19 წლების საშუალო მაჩვენებელზე.

 

“მიუხედავად იმისა, რომ ფასები სურსათზე და ენერგორესურსებზე ზომიერ დონეს მიუახლოვდა, მსოფლიოს მასშტაბით საბაზო ინფლაცია შედარებით მაღალ დონეზეა და შეიძლება ასე დარჩეს. აღნიშნულმა შესაძლოა მოწინავე ეკონომიკის მქონე ქვეყნების ცენტრალური ბანკები აიძულოს, რომ გადაავადონ საპროცენტო განაკვეთების შემცირება. “ხანგრძლივად მაღალი” განაკვეთების გარემო მკაცრ ფინანსურ პირობებს და გაცილებით სუსტ ეკონომიკურ ზრდას ნიშნავს განვითარებად ქვეყნებში,” - განაცხადა მსოფლიო ბანკის მთავარი ეკონომისტის მოადგილემ და სამომავლო პერსპექტივების ჯგუფის დირექტორმა აიჰან კოსემ.

 

გლობალური ეკონომიკის პერსპექტივების შესახებ მსოფლიო ბანკის უახლეს ანგარიშში ასევე წარმოდგენილია ორი მნიშვნელოვანი ანალიტიკური თავი. პირველი ხაზს უსვამს თუ როგორ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სახელმწიფო ინვესტიცია კერძო ინვესტიციების დასაჩქარებლად და ეკონომიკური ზრდის ხელშესაწყობად. ის მიუთითებს, რომ სახელმწიფო ინვესტიციების ზრდა განვითარებად ქვეყნებში განახევრდა გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ, გასულ ათწლეულში 5%-იან საშუალო მაჩვენებლამდე დაცემით. და მაინც, საჯარო ინვესტიციები შეიძლება  დარგობრივი პოლიტიკის მძლავრი ბერკეტი აღმოჩნდეს. საკმარისი საბიუჯეტო სივრცის და ეფექტიანი სახელმწიფო ხარჯვითი პრაქტიკის მქონე განვითარებადი ქვეყნებისთვის საშუალოვადიან პერიოდში საჯარო ინვესტიციების მატებას მშპ-ის 1%-ით წარმოების გამოსავალის  1.6%-ით ზრდა შეიძლება მოჰყვეს.

 

მეორე ანალიტიკური თავი იკვლევს, თუ რატომ განიცდიან მცირე ქვეყნები, რომელთა მოსახლეობა დაახლოებით 1.5 მილიონი ან ნაკლებია, ქრონიკულ ფისკალურ სირთულეებს. 35 განვითარებადი ქვეყნის ორ მეხუთედს, რომელიც მცირე ქვეყნებითაა წარმოდგენილი, კრიტიკული მდგომარეობა ემუქრება ან უკვე ასეთ მდგომარეობაში იმყოფება. ეს დაახლოებით ორჯერ მეტია სხვა განვითარებად ქვეყნებთან შედარებით. ყოვლისმომცველი რეფორმებია საჭირო მცირე ქვეყნების ფისკალურ გამოწვევებზე რეაგირებისთვის. შემოსავლების მიღება შესაძლებელია გაცილებით უფრო სტაბილური და დაცული საგადასახადო ბაზიდან. ხარჯვითი ეფექტიანობა შესაძლებელია გაუმჯობესდეს  განსაკუთრებით ჯანდაცვაში, განათლებასა და ინფრასტრუქტურაში. ფისკალური ჩარჩოები შეიძლება მიღებულ იქნეს ბუნებრივი კატასტროფებისა და სხვა შოკების მაღალი სიხშირის სამართავად. მიზანმიმართული და კოორდინირებული გლობალური პოლიტიკა შეიძლება ასევე მიზანშეწონილი იყოს ამ ქვეყნების უფრო მდგრად ფისკალურ გზაზე დასაყენებლად.

 

ჩამოტვირთეთ სრული ანგარიში: https://bit.ly/GEP-June-2024-FullReport  

ჩამოტვირთეთ ეკონომიკური ზრდის მონაცემები:  https://bit.ly/GEP-June-2024-Data

ჩამოტვირთეთ გრაფიკები: https://bit.ly/GEP-June-2024-Charts

 

რეგიონული პერსპექტივები:

აღმოსავლეთ აზიისა და წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნები: ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი სავარაუდოდ შემცირდება 2024 წელს  4.8%-მდე ხოლო 2025 წელს 4.2%-მდე. დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. რეგიონულიმიმოხილვა.

 

ვროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნები:  პროგნოზის მიხედვით ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2024 წელს 3.0%-მდე შემცირდება სანამ ზომიერ ნიშნულს - 2.9%-ს მიაღწევს 2025 წელს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხ.რეგიონული მიმოხილვა..

 

ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნები: მოსალოდნელია ეკონომიკური ზრდის შემცირება 2024 წელს 1.8%-მდე სანამ 2025 წელს 2.7%-მდე მოიმატებს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. რეგიონული მიმოხილვა..   

ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნები: პროგნოზის მიხედვით ეკონომიკური ზრდა 2024 წელს 2.8%-ს მიაღწევს ხოლო 2025 წელს 4.2%-ს.  დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. რეგიონული მიმოხილვა.

სამხრეთი აზიის ქვეყნები: მოსალოდნელია ზრდის შენელება 2024 წელს 6.2%-მდე და ამ დონეზე დარჩება  2025 წელს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. რეგიონული მიმოხილვა.

საჰარის სამხრეთით მდებარე აფრიკის ქვეყნები: ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 3.5%-ს მიაღწევს 2024 წელს და 3.9%-ს 2025 წელს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. რეგიონული მიმოხილვა.

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები