დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბიზნესის გარეშე დიდი გამავლობის მანქანების რეგულირების საკითხის განხილვა სექტორს დააზარალებს - ივა ჭყონია

ბიზნესის გარეშე დიდი გამავლობის მანქანების რეგულირების საკითხის განხილვა სექტორს დააზარალებს - ივა ჭყონია

04-10-2023 10:00:16

 

დისტრიბუტორთა ასოციაცია დედაქალაქში დიდი გამავლობის მანქანების რეგულირების საკითხის განხილვაში ჩართვას ითხოვს. როგორც ასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონია Business Insider Gerogia- თან აცხადებს, სექტორის გვერდის ავლით ამ საკითხის განხილვა გამოუსწორებელ ზიანს გამოიწვევს, ვინაიდან სასურსათო კალათაზე მძიმედ აისახება.

აქედან გამომდინარე, როგორც ჭყონია აცხადებს, წერილით უკვე მიმართეს ქალაქ თბილისის მერიას და საკრებულოს თავმჯდომარეს, რომ აღნიშნული საკითხთან დაკავშირებით სექტორთან შეხვედრა გაიმართოს და დეტალურად მიაწოდონ ინფორმაცია.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ 2024 წლის პირველი იანვრიდან დედაქალაქში დიდი დიდი გამავლობის მანქანების რეგულირების დეტალები 4 ოქტომბერს, დედაქალაქის მერიის მთავრობის სხდომაზე გაჟღერდება.

ივა ჭყონია აცხადებს, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მერიამ ბიზნესის არგუმენტიც უნდა  მოისმინოს.

„პროექტში არ ვყოფილვართ ჩართული, ჩვენთვის, სადისტრიბუციო კომპანიებისა და რითეილ სექტორისთვის დიდი დიდი გამავლობის მანქანების რეგულირების საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია. მივწერეთ წერილი ქალაქ თბილისის მერიას და საკრებულოს თავმჯდომარეს, რომ აღნიშნული საკითხთან დაკავშირებით სექტორთან შეხვედრა გაიმართოს და დეტალურად მოგვაწოდონ ინფორმაცია.

აუცილებელია, უშუალოდ პროექტში ვიყოთ ჩართული, ვინაიდან ნეგატიურად არ აისახოს ბიზნესზე, რომელზეც მოსახლეობა და ფასები პირდაპირ არის დამოკიდებული.  ამ ეტაპზე ჩვენ დეტალურად არ ვფლობთ ინფორმაციას, სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ, მნიშვნელოვანია ჩვენი ჩართულობა როგორც დისტრიბუტორთა ასოციაციის, ასევე რითეილ სექტორის, რომ შემდეგში ბაზარზე ნეგატიურად არ აისახოს.

ამდენად, ჩემი რეკომენდაციაა, რომ პროექტში ჩავერთოთ, სანამ ასოციაციაში არ მოვლენ და პრეზენტაციას არ ჩაუტარებენ წევრ კომპანიებს, დეტალებზე საუბარი გამიჭირდება“, - აცხადებს ივა ჭყონია.

დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელის თქმით, ის, რაც ერთი შეხედვით მოქალაქეებისთვის შეიძლება მოსაწონი ჩანდეს, ბიზნესისთვის საზიანოა, ამიტომ ფრთხილი მიდგომაა საჭირო.

,,მოქალაქის პოზიციიდან, შეიძლება  ,,კარგია“,  თუ  მაღალი გამავლობის მანქანების მოძრაობა შეიზღუდება, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა აისახოს სასურსათო კალათაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მესმის, რომ ავეჯის გადატანა შეიძლება შეზღუდო, მაგრამ როცა სურსათზეა საუბარი, ხისტი მიდგომა დაუშვებელია.

ფიზიკურად შეუძლებელია დღის საათებში პროდუქციის ჩამორიგება მოესწროს, ამიტომ ღამის დისტრიბუცია კომპანიებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

ბიზნესის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებები ყოველთვის ზიანის მომტანია, რადგან შემდეგ თავიდან ხდება ცვლილებების გატარება საჭირო.  ვიმედოვნებთ, რომ ჩვენს რეკომენდაციებს გაითვალისწინებენ. საპარკინგე ადგილებთან დაკავშირებით, როცა საჯარიმო სანქციები გაიზარდა, სწორედ ჩვენ წამოვწიეთ  ეს საკითხი, საუბარი იყო, რომ 500 საპარკინგე ადგილი გამოიყოფოდა, მაგრამ 130-ზე მეტი არ არის რეალურად, რაც კომპანიებზე მძიმედ აისახება.

ევროპული გამოცდილება, რაც  გასაზიარებელია, უნდა მივიღოთ და გავიზიაროთ. მჭიდროდ ვთანამშრომლობთ თითქმის ყველა სახელმწიფო სტრუქტურასთან, მაგრამ, დედაქალაქის მერიასთან რატომღაც ხშირად ვაწყდებით პრობლემას, ამიტომ გვინდა გადაწყვეტილების მიღებამდე ჩვენი არგუმენტიც მოისმინონ“, - აცხადებს ივა ჭყონია Business Insider Gerogia- თან.

გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა აიკრძალება, ანუ M2 და N1 მოძრაობა დასაშვები რჩება. შეზღუდვა დილის საათებში 8-დან 11 საათში პერიოდს და საღამოს 17-დან 20 საათამდე შუალედს მოიცავს და რეგულირება არ გავრცელდება აგვისტოში, შაბათ-კვირას და შრომის კოდექსით გათვალისწინებულ უქმე დღეებში. ამ კონკრეტულ საათებში მოძრაობის აკრძალვა დედაქალაქის გარკვეულ უბნებში მოხდება.

რაც შეეხება მოსალოდნელ სანქციებს, 2024 წლიდან ასამოქმედებელი ცვლილებების დარღვევის შემთხვევაში ჯარიმის მოცულობა 1 000 ლარით არის განსაზღვრული, ხოლო განმეორებით და ყოველი მომდევნო დარღვევაზე ჯარიმა 3 000 ლარია. 

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები