აღდგომის დღესასწაულის დადგიმამდე, პასკის გამოცხობის შემდეგ კვერცხის შეღებვის დროც დგება. როგორც წესი, ყველა დიასახლისს კვერცხის შეღებვის საკუთარი მეთოდი აქვს. ზოგი მხოლოდ ენდროს იყენებს, ზოგს ურჩევნია ხახვის ფურცლები, ძმარი, ფერადი საღებავები გამოიყენოს. ჩვენ შევეცდებით სასარგებლო რჩევები მოგცეთ და დაგეხმარებით, რომ ეს პროცესი თქვენთვის უფრო მარტივი გახდეს.
1. კვერცხი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის:
იმისთვის, რომ კვერცხი თანაბრად შეიღებოს და არ აჭრელდეს, მნიშვნელოვანია, რომ ის მაცივრიდან მინიმუმ ერთი საათით ადრე მაინც გამოვიღოთ. კვერცხის თანაბრად შეღებვას კიდევ უფრო გაამარტივებს მისი გარეცხვა და ცივ წყალში მოთავსება 10-15 წუთით.
2. დაჭყლიტეთ ენდრო:
როგორც წესი, დიასახლისების უმრავლესობა კვერცხის შესაღებად ენდროს იყენებს. ენდროს ფესვების გამოყენებისას ჩვენი რეკომენდაცია იქნება, რომ მისი ფესვები დაჩეჩქვოთ. ეს ხელს შეუწყობს იმას, რომ ნახარშმა მკვეთრი შეფერილობა მიიღოს. ხარშეთ დაახლოებით 20-30 წუთის განმავლობაში.
3. გამოიყენეთ ხახვის ფურცლები , ძმარი და მარილი:
თითოეულ მათგანს თავისი დანიშნულება და ფუნქცია აქვს. მაგალითად, ძმარი ხელს უწყობს, რომ ენდრომ კარგად გამოიტანოს ფერი. ხახვის ფურცლები უზრუნველყოფს კვერცხის მუქ შეფერილობას- წითელი ან ყავისფერი შეფერილობის მისაღებად შეგიძლიათ ხახვის ნაყენი დაამზადოთ შემდეგი პროპორციებით: ორი ჭიქა წყალი და 10 ცალი ხახვის ფურცელი.
რაც შეეხება მარილს, ის იმისთვის გვჭირდება, რომ ნახარშში კვერცხის ჩალაგების დროს კვერცხი არ დაზიანდეს.
4. შეღებვის შემდეგ არ დაგავიწყდეთ:
ნახარშში მოთავსების შემდეგ კვერცხმა 15-20 წუთი უნდა იდუღოს. ქვაბიდან ამოღების შემდეგ ის ცივ წყალში უნდა მოვათავსოთ, ეს ხელს შეუწყობს იმას, რომ კვერცხი ადვილად გაიფცქვნას. წყლიდან ამოღების შემდეგ კვერცხს წაუსვით ზეთი.
5. გააფორმეთ კვერცხები:
როგორც უკვე აღვნიშნეთ, კვერცხის შეღებვის მრავალი მეთოდი არსებობს. იგივე შეგვიძლია ვთქვათ მის გაფორმებაზეც. შეგიძლიათ გამოიყენოთ ფერადი საღებავები, ჟელატინი, წებოვანი ლენტი, ფოთლები, ხელსახოცები, ბისერები.
გორგია გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!
უახლესი