დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2024 წელს საქართველოს ეკონომიკა 9.7%-ით გაიზრდება - პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის პროგნოზი

2024 წელს საქართველოს ეკონომიკა 9.7%-ით გაიზრდება - პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის პროგნოზი

04-12-2024 10:00:00

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით, 2024 წელს საქართველოს ეკონომიკა 9.7%-ით გაიზრდება. მშპ-ის რეალური ზრდის პროგნოზი 2024 წლისთვის (9.7%) 0.7 პროცენტული პუნქტით (პპ) აღემატება ეკონომიკური ზრდის მთავრობის პროგნოზს (9.0%). საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით, საშუალოვადიან პერიოდში (2024-2028 წლებისთვის) ეკონომიკური ზრდის საშუალო წლიური ტემპი 6.3%-ს შეადგენს;

საბიუჯეტო ოფისის შეფასებით, 2024 წლისათვის ნომინალური მშპ 12.8%-ით გაიზრდება და 91,220 მლნ ლარს მიაღწევს;

საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით, 2024 წლისთვის ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბალი იქნება და 1.3%-ს მიაღწევს. მთავრობის პროგნოზით კი, 2024 წელს ინფლაცია 1.0%-ს შეადგენს;

საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით, გამოცოცხლებული ეკონომიკური აქტივობის პარალელურად, კერძო ინვესტიციების მშპ-თან ფარდობა 2024 წლისათვის 16.9%-ს მიაღწევს, საშუალოვადიან პერიოდში ზრდადი ტენდენცია ექნება და 2028 წელს 20.1%-ს შეადგენს. მთავრობის პროგნოზის მიხედვით, 2024 წლისთვის კერძო ინვესტიციების მშპ-თან ფარდობის ზრდა 18.1%-მდე არის მოსალოდნელი, საშუალოვადიან პერიოდში გაიზრდება და 2028 წლისთვის 19.8%-ს გაუტოლდება;

2024 წლისთვის ნაერთი ბიუჯეტის მთლიანი სალდოს (GFSM 2014) მშპ-თან მოსალოდნელი ფარდობა -2.1%-ს შეადგენს. ამასთან, საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით, ე.წ. მოდიფიცირებული მთლიანი სალდოს მაჩვენებელი (რომელიც ცალკეული მუხლების რეკლასიფიკაციით მიიღება და გამოიყენება IMF-ის პროგრამაში) 2024 წლისთვის -2.1%-ს გაუტოლდება;

რაც შეეხება ერთიანი ბიუჯეტის დეფიციტს, 2024 წელს საბიუჯეტო ოფისის ერთიანი ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელია -2.0%, რაც 0.4 პროცენტული პუნქტით განსხვავდება მთავრობის ანალოგიური მაჩვენებლისგან (-2.4%);

საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით, 2024 წლისთვის ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების მოცულობა 23,622 მლნ ლარს შეადგენს, რაც 1,233 მლნ ლარით აღემატება საბიუჯეტო ოფისის მიერ 2023 წლის დეკემბერში გაკეთებულ 2024 წლის საგადასახადო შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელს, ხოლო 362 მლნ ლარით აღემატება მთავრობის პროგნოზს (23,260 მლნ ლარი). უნდა აღინიშნოს, რომ განსხვავება შეინიშნება როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი გადასახადების საპროგნოზო მაჩვენებლებს შორის. საბიუჯეტო ოფისის შეფასებით, 2024 წლისთვის საგადასახადო შემოსავლების მოცულობა მშპ-ის 25.9%-ს მიაღწევს, მთავრობის პროგნოზი 25.6%-ია. საბიუჯეტო ოფისის პროგნოზის თანახმად, 2024-2028 წლებისთვის გადასახადების შეფარდება მშპ-თან საშუალოდ 25.8% იქნება;

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით, 2024 წლისთვის საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის მოსალოდნელი დეფიციტი მშპ-ის 4.5%-ია, ხოლო მთავრობის საპროგნოზო მაჩვენებელი მშპ-ის 4.7%-ს შეადგენს. საბიუჯეტო ოფისის შეფასებით, მიმდინარე ანგარიშის ბალანსი 2024-2028 წლებში საშუალოდ მშპ-ის -4.1%-ის ფარგლებში ჩამოყალიბდება;

საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით, სავაჭრო დეფიციტი 2024 წელს მშპ-s 7.6%-ს მიაღწევს, მთავრობის პროგნოზით დეფიციტი 7.8% იქნება;

რაც შეეხება მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დაფინანსების წყაროებს, საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით, 2024 წლისთვის წმინდა კერძო კაპიტალური და ფინანსური ნაკადების მოსალოდნელი მოცულობა 1,006 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდება და საშუალოვადიან პერიოდში გაიზრდება, ხოლო მთავრობის პროგნოზით, წმინდა კერძო კაპიტალური და ფინანსური ნაკადები 2024 წელს 865 მლნ აშშ დოლარს შეადგენს;

საბიუჯეტო ოფისის დაშვებით, 2024 წლისთვის ფულის მასა M3 აგრეგატის მოცულობა 52,784 მლნ ლარს გაუტოლდება, ხოლო ზრდის წლიური ტემპი 22.2%-ს. თავის მხრივ, ფულის მასა M2 აგრეგატის მოსალოდნელი მოცულობა 29,944 მლნ ლარია, ზრდა კი - 19.2%;

საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით, 2024 წლისათვის საერთაშორისო რეზერვების 5.5%-ით კლება არის მოსალოდნელი. შესაბამისად, 2024 წელს რეზერვების მოცულობა 4,732 მლნ აშშ დოლარს მიაღწევს (2.9 თვის იმპორტის ჯერადი), ხოლო 2028 წლისთვის საერთაშორისო რეზერვების მოსალოდნელი მოცულობა 6,902 მლნ აშშ დოლარი იქნება.

რაც შეეხება კერძო სექტორზე გაცემულ სესხებს, საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით, 2024 წლისთვის აღნიშნული მაჩვენებელი 63,972 მლნ ლარს მიაღწევს, ხოლო მთავრობის პროგნოზით 63,321 მლნ ლარს;

ოპტიმისტური სცენარის შემთხვევაში, 2024-2028 წლებში ეკონომიკის საშუალო რეალური ზრდის ტემპი 7.7% იქნება, ხოლო პესიმისტურის შემთხვევაში - 4.0%;

ოპტიმისტური სცენარის შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ ინფლაცია მუდმივად გადააჭარბებს საბაზისო სცენარს (საშუალოდ 3.4%), ხოლო პესიმისტური სცენარის შემთხვევაში მუდმივად ნაკლები იქნება საბაზისო სცენარზე (საშუალოდ 1.6%);

ოპტიმისტური სცენარის მიხედვით მოსალოდნელია, რომ ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი 2024 წელს შენარჩუნდება 3.0%-იან ნიშნულზე დაბლა. შემდგომში თანდათან შემცირდება და უკვე 2028 წლისათვის მისი მშპ-თან შეფარდება -0.7% იქნება. რაც შეეხება ერთიანი ბიუჯეტის დეფიციტს, 2024 წლისათვის -1.6%-ს გაუტოლდება, ხოლო შემდეგ წლებში შემცირებას დაიწყებს და მუდმივად მშპ-ის 3.0%-ის ქვემოთ იქნება;

მეორე მხრივ, პესიმისტური სცენარის განვითარების შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ როგორც მიმდინარე, ისე მომდევნო წლებში ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი 3.0%-იან ნიშნულს არ გადააჭარბებს. იგივე ტენდენცია ექნება ერთიანი ბიუჯეტის დეფიციტსაც, იგი 2024 წელს -2.5% იქნება და შემდეგ წლებში მუდმივად მშპ-ის 3.0%-ზე ნაკლები იქნება;

 

აღსანიშნავია, რომ პესიმისტური სცენარის თანახმად, 2024-2028 წლებში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი საშუალოდ -3.7%-ის, ხოლო ოპტიმისტური სცენარის თანახმად, -4.7%-ის ფარგლებშია. 2028 წლისთვის ოპტიმისტური და პესიმისტური სცენარების მიხედვით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შეფარდება მშპ-თან შესაბამისად -4.7% და -3.7% იქნება.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები