როგორი იქნება „ავერსის“ ახალი კლინიკა
"ავერსი ფარმა" თბილისში კიდევ ერთი კლინიკის აშენებას გეგმავს. პროექტის მიხედვით კლინიკა ვაჟა ფშაველას გამზირზე (ვაჟა ფშაველას 29 ) "ავერსის" ცენტრალური კლინიკის ახლოს აშენდება. თბილისის არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე განთავსებული მონაცემების მიხედვით, ახალი სამედიცინო დაწესებულების სამშენებლო ნებართვა უკვე გაცემულია.
საპროექტო შენობა - საავადმყოფო მოიცავს 16 მიწისზედა და 4 მიწისქვედა სართულს.
შენობის 0 სართულზე დაგეგმარებულია საავადმყოფოს მიმღები და სამომსახურეო სივრცე, აფთიაქი, ტექნიკური ოთახები, ოფისები და გასახდელები.
1 სართულიდან 11 სართულის ჩათვლით კი დაგეგმარებულია პალატები (სართულზე 46 საწოლი) და საწყობები.
12 სართულზე დაგეგმარდა ტექნიკური სივრცე, სადაც განთავსდება ტექნიკური დანადგარები. მთელი სართული შემოზღუდულია ცხაურებით.
13 სართულზე დაგეგმარებულია საკონფერენციო დარბაზები, ღია სივრცე და სხვა დამხმარე სივრცეები
მე-14-ე (ტექნიკური სართული) სართულზე მოეწყობა საინჟინრო დანადგარები.
პროექტის ავტორია „ნს სტუდიო“. შენობის ფასადის მთავარი არქიტექტურული გადაწყვეტა მდგომარეობს მის მონაცრისფრო კერამიკული ფილებით მოპირკეთებულ კედლებსა და ფანჯრებს შორის არსებულ განმეორებით ხასიათში. JCI სტანდარტის მიხედვით, დაუშვებელია განსაკუთრებით პალატების ნაწილში, გაღებადი ფანჯრის მოწყობა ან რაიმე სახის ბუნებრივი ვენტილაცია, აღნიშნულ სივრცეებში მისაღებია მხოლოდ გაფილტრული ჰაერის ცირკულაცია.
შენობა კონსტრუქციული თვალსაზრისით გადაწყვეტილია, როგორც ჩარჩოკავშირებიანი მონოლითური რკინა-ბეტონის სისტემა. შენობის საძირკველს შეადგენს გაძლიერებული რკინა-ბეტონის ფილა. სართულშუა გადახურვა წარმოადგენს მონოლითურ სვეტებზე დაყრდნობილ რკინა-ბეტონის ფილებს, რომლებიც გაძლიერებულია რიგელებით.
აღსანიშნავია, რომ "ავერსის კლინიკა" გახლავთ წამყვანი მრავალპროფილური სამკურნალო–დიაგნოსტიკური დაწესებულება კავკასიის რეგიონში, რომელმაც ფუნქციონირება 2007 წლიდან დაიწყო. დღეისათვის კლინიკა აღჭურვილია მსოფლიოში არსებული საუკეთესო აპარატურით და საქართველოს მასშტაბით აერთიანებს კლინიკათა ქსელის 16 ფილიალს, აგრეთვე ლაბორატორიის 29 ფილიალს.
სხვა სიახლეები
04.06.2025.10:00
2 ივნისს გაიხსნა „ავერსის“ სააფთიაქო ქსელის სამას სამოცდამესამე, ყველაზე მასშტაბური ფილიალი. აფთიაქს სავაჭრო ცენტრ „ქარვასლის“ ორ სართულზე ათასი კვადრატული მეტრი უკავია. აქ წარმოდგენილია როგორც მედიკამენტების სრული ასორტიმენტი, ისე პრემიუმკლასის ბრენდების ექსკლუზიური პროდუქცია: თავის მოვლის საშუალებები, დეკორატიული და სამკურნალო კოსმეტიკა, ბავშვის კვებისა და მოვლის საშუალებები და აქსესუარები.
პაატა კურტანიძემ, ჰოლდინგ „ავერსის“ დამფუძნებელმა, აღნიშნა, რომ თითოეული ავერსელის მიზანი მომხმარებლის კმაყოფილება და კომფორტია, ამიტომ „ავერსი“, უპირველეს ყოვლისა, ხარისხიანი მომსახურების შეთავაზებაზეა ორიენტირებული. სააფთიაქო ქსელის ახალი, სრულიად განსხვავებული ფილიალი სწორედ ამ მიზნით და მომხმარებლის მოთხოვნათა გათვალისწინებით შეიქმნა. ბატონმა პაატამ მადლობა გადაუხადა თითოეულ თანამშრომელს, რომელმაც წვლილი შეიტანა ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში.
ბრენდმენეჯერმა თამარ კობახიძემ მომხმარებელს წარუდგინა დედებისა და ბავშვების საყვარელი იტალიური ბრენდის „ჩიკოს" შოურუმი, რომელიც აფთიაქის პირველ სართულზეა განთავსებული. აქ წარმოდგენილია ბრენდის სრული ასორტიმენტი: ტანსაცმელი და ფეხსაცმელი დაბადებიდან რვა წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, უსაფრთხო და ბუნებრივი მასალის სათამაშოები, აქსესუარები, საბავშვო ინვენტარი – ეტლები, სკამ-მაგიდები, მანქანის სავარძლები და სხვა. ბრენდმა მომხმარებლებს სპეციალური შეთავაზებები და საჩუქრები მოუმზადა, უპრეცედენტო ფასდაკლება კი 5 ივნისამდე გაგრძელდება.
იტალიის სრულუფლებიანმა ელჩმა, ბატონმა მასიმილიანო დ’ანტუონომ, რომელიც ავერსული წვეულების საპატიო სტუმარი გახლდათ, გვითხრა: მოხარული ვარ, რომ იტალიურ ბრენდ ,,ჩიკოს“ ქართველ მომხმარებელთან სწორედ „ავერსი“ წარადგენს.
აფთიაქის მეორე სართულზე მდებარეობს აუთლეტი, სადაც მომხმარებელი მაქსიმალური ფასდაკლებით შეიძენს თავის მოვლის საშუალებებს.
ეკა ბურძენიძემ, „ავერსის“ სააფთიაქო ქსელის დირექტორმა, მადლობა გადაუხადა თითოეულ მომხმარებელს და აღნიშნა, რომ კომპანიის ყოველი წარმატება სწორედ მათ უკავშირდება.
„ავერსი“ განაგრძობს ქსელის განვითარებას, რათა საქართველოს ყველა მცხოვრებისთვის ხელმისაწვდომი იყოს მაღალი ხარისხის სააფთიაქო ქსელის მომსახურება.
#სიყვარულითავერსი