ავტოსკოლა Art Drive მარტიდან ტარიფებს ზრდას გეგმავს
ავტოსკოლა არტ დრაივი • Art Drive მოთხოვნის ზრდაზე საუბრობს. როგორც Business Insider Georgia-ს „არტ დრაივის“ დამფუძნებელმა გიორგი ბერიშვილმა განუცხადა, მოთხოვნის ზრდა ფიქსირდება მსუბუქი ავტომობილების მართვის სწავლებაზე. ავტოსკოლა მარტიდან ტარიფების 10%-ის გაზრდასაც განიხილავს.
„სკოლაში 2024 წელს შედარებით ზრდა გვქონდა A და B კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობების მიღების მსურველი მოსწავლეების მიმართულებით, ხოლო C და D კატეგორიებზე მნიშვნელოვანი კლება იყო. საუბარია დაახლოებით 50%-ზე და მეტით კლებაზე. რაც შეეხება A და B კატეგორიებს აქ ზრდა 10-15% იყო“, - ასე აფასებს გასულ, 2024 წელს ავტოსკოლის დამფუძნებელი.
ცხადია მართვის მოწმობების ზრდის პარალელურად იზრდება ავტომობილების რაოდენობაც.
„ყველა ხედავს, თუ როგორ იზრდება ქალაქში ავტომობილების რაოდენობა და იქიდან გამომდინარე, რომ ამდენი მართვის მოწმობა გაიცემა, ცხადია ეს ავტომობილების რაოდენობაზეც აისახება. თუ ვთქვათ 20 000 მართვის მოწმობა გაიცემა, აქედან 8 000 ავტომობილს ყიდულობს ხომ? აქედან გამომდინარე ქვეყანაში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობაც იზრდება“, - აცხადებს „არტ დრაივის“ დამფუძნებელი.
გიორგი ბერიშვილის თქმით, „არტ დრაივის“ მოსწავლეების 60-70% პირველივე გამოცდაზე აბარებს, დარჩენილი 40% კი მეორე, მესამე ცდაზე.
„არტ დრაივი“ მარტიდან მომსახურების ტარიფების ზრდას გეგმავს.
„ჯერჯერობით ტარიფებს ვინარჩუნებთ, თუმცა ვფიქრობთ, რომ მარტიდან ტარიფებს 10%-თ გავზრდით. ჩვენ დღგ-ს გადამხდელები ვართ და ძალიან ბევრი გადასახადის გადახდა გვიწევს, ასევე ხელფასების ზრდა“, - ამბობს გიორგი ბერიშვილი.
უახლოეს პერიოდში „არტ დრაივი“ არც გაფართოებას და არც ახალი კადრების დამატებას არ განიხილავს, თუმცა ავტოსკოლის დამფუძნებელი შავ ბაზარზე და სფეროს რეგულირების აუცილებლობაზე საუბრობს.
„არალიცენზირებული კერძო პირები აკეთებენ სკოლებს. შავი ბაზრის წილი ამ სეგმენტში დიდია, დაახლოებით 90-95%-ი.
ჯერჯერობით რეგულირება არ ხდება, ამ თემაზე მიდის მუშაობა, რათა კონტროლი გაიზარდოს. ეს აუცილებელია და ამაზე რამდენი წელია რაც საუბარი გვაქვს. ყველა შეხვედრაზე ამაზე ვსაუბრობთ, რომ კონტროლი უნდა იყოს. იმიტომ, რომ ვინც პატიოსნად მუშაობს და ყველა გადასახადს იხდის ისინი უფრო იჩაგრებიან, ვიდრე ვითომ სკოლა, რომელიც რეალურად სკოლა არაა. თვითნასწავლია და თვითნასწავლი ასწავლის შემდეგ მოსწავლეს“, - აცხადებს „არტ დრაივის“ დამფუძნებელი.
ირკვევა, რომ გარკვეული უნარ-ჩვევების ჩამოსაყალიბებლად და საბაზისო ცოდნის მისაღებად ავტოსკოლაში საშუალოდ 15 გაკვეთილია საჭირო.
„ხშირად როდესაც მოსწავლე მოდის გვეკითხება, 3 გაკვეთილში ჩავაბარებ? 15 წელია ავტომობილით დავდივარ და შეიძლება ისეთ რამ გადაგხდეს თავს, რომ ... რაღაცას სწავლობ ყოველდღე. 3 და 5 გაკვეთილში სწავლა და მერე ქალაქში სიარული, არის კატასტროფა. მესმის, რომ შესაძლოა მომხმარებელს ფინანსები არ აქვს, მაგრამ ამ ყველაფრით და ამ ცოდნით ხომ მთელი ცხოვრება უნდა იარო. ის საბაზისო ცოდნა, რაც საჭიროა თუნდაც 20 გაკვეთილი დასჭირდეს მოსწავლეს, მაინც არ არის ისეთი მძღოლი როგორიც უნდა იყოს. აქედან გამომდინარე საშუალოდ ჩვენი სტატისტიკით 15 გაკვეთილია - მოედანი, ქალაქი, საჭირო. ამიტომაც ჩვენც, როდესაც გვეკითხებიან ვეუბნებით, რომ 15-20 გაკვეთილი დაგჭირდებათ, რომ ის ცოდნა მიიღოთ, რომ გამართულად ატაროთ ავტომობილი. თუმცა ხშირად 80% ამ რაოდენობის კურსს არ გადის“, - ამბობს „არტ დრაივის“ დამფუძნებელი.
ავტოსკოლა Art Drive-ი 2010 წელს დაარსდა, სულ რაღაც ხუთ წელიწადში შეძლო და გახდა ერთ-ერთი საუკეთესო ავტოსკოლა თბილისში, რაც თავის მხრივ განაპირობა ავტოსკოლის მომსახურების ხარისხმა.
"არტ დრაივი" მომხმარებელს სთავაზობს ყველა კატეგორიის თეორიის შესწავლას, ჩაბარების გარანტიით. როგორც თეორიული ასევე პრაქტიკული სწავლების გავლაც შეუძლია მომხმარებელს „არტ დრაივში“ - სასწავლო მოედანზე და ქალაქში. ამ ეტაპზე ავტოსკოლა "არტ დრაივი" სრული დატვირთვით ოპერირებს თბილისში შემდეგ მისამართზე - წერეთლის N2, დინამო არენა, კარი 2,3 (ცენტრალური შემოსასვლელი).
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები