2025 წლიდან Boxette ჩინეთიდან ამანათების ტრანსპორტირების სერვისს ამატებს
2025 წლის დასაწყისიდან გადამზიდავი კომპანია Boxette ახალი მიმართულების დამატებას გეგმავს.
როგორც Business Insider Georgia-სთან Boxette Georgia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა იოსებ კანთელაძემ განუცხადა, კომპანია აშშ-დან და თურქეთიდან ამანათების ტრანსპორტირების შემდეგ, ამ სერვისს ჩინეთიდანაც ამატებს.
Boxette Georgia ბიზნესის დივერსიფიკაციასაც განაგრძობს და 2025 წელს ახალი ფილიალების გახსნასაც აანონსებს.
„დღეის მდგომარეობით Boxette Georgia-ს ქვეყანაში აქვს ორი წარმომადგენლობა - თბილისსა და ბათუმში.
2025 წელს იგეგმება დამატებით 9 ფილიალის გახსნა. თბილისში - 5 ახალი ფილიალი და დამატებით რეგიონებში კიდევ 4 ფილიალი გაიხსნება.
ასევე დაემატება ტრანსპორტირება ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით. 2025 წლის დასაწყისში ჩაეშვება ჩვენი მობილური აპლიკაცია და ამავდროულად ვმუშაობთ ხელოვნური ინტელექტის დანერგვაზე ბევრ პროცესებში - როგორც საოპერაციო ასევე მომხმარებლის გამოცდილების მხარეს“, - განმარტავს იოსებ კანთელაძე.
Boxette-ს ამანათები ჩამოაქვს თურქეთიდან და ამერიკიდან.
„Boxette-ის უმთავრესი უპირატესობა არის ყველაზე სწრაფი ტრანსპორტირების ვადები ბაზარზე - 4-7 დღე და კლიენტების კომფორტზე მაქსიმალურად მორგებული სერვისი“, - განმარტავს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი.
აღსანიშნავია, რომ Boxette-ის პორტფოლიოში დღეისათვის მთავარ მიმართულებად აშშ მიიჩნევა.
2024 წელს კომპანიამ ამანათების ტრანსპორტირების ტარიფების უცვლელად შენარჩუნებაც მოახერხა.
„2024 წლის მანძილზე ჩვენს ტარიფიკაციას ცვლილება არ განუცდია. ჩვენი კომერციული ტვირთების როგორც ექსპორტისთვის, ასევე იმპორტისთვის ძირითადი მიმართულება არის აშშ“, - აცხადებს იოსებ კანთელაძე.
Boxette Georgia-ს მაგალითზე თურქეთიდან იმპორტის მაჩვენებელმა დაიკლო, რასაც სხვადასხვა ფაქტორები განაპირობებს, ხოლო აშშ-დან იმპორტი გაზრდილია.
„თურქეთიდან იმპორტის ბაზარი განიცდის სტაგნაციას ფასების ზრდიდან და ბაზარზე ჩინური მარკეტფლეისის - TEMU-ს გამოჩენიდან გამომდინარე. ამერიკიდან იმპორტი არის სტაბილურად მზარდი და ყველაზე ცხელ პერიოდს წარმოადგენს ნოემბრის მეორე ნახევრიდან დეკემბრის შუა რიცხვებამდე (შავი პარასკევისა და წინასაშობაო ფასდაკლებების გამო).
ამერიკიდან იმპორტის საშუალო ყოველთვიური ზრდა ჩვენი კომპანიისთვის შეადგენდა 22%-ს“, - განმარტავს Boxette Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი.
Boxette Georgia-ს სერვისებშია ასევე საქართველოდან ამანათების გაგზავნა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში. ირკვევა, რომ კომპანიის მაგალითზე ამანათების ექსპორტის კუთხითაც ლიდერი ისევ ამერიკაა.
„TOP 3 მიმართულება, სადაც იგზავნება საქართველოდან ამანათები არის:
1) აშშ,
2) გერმანია,
3) დიდი ბრიტანეთი.
ხოლო პროდუქციის კატეგორიები, რომლებიც ლიდერობენ საქართველოდან
საერთაშორისო E-commerce-ის მიმართულებით გაყიდვებში:
1) სამკაულები
2) ტანსაცმელი
3) დეკორატიული აქსესუარები
4) სათამაშოები“, - აცხადებს Business Insider Georgia-სთან Boxette Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი.
Boxette ქართული წარმოშობის საერთაშორისო ლოგისტიკური ბიზნეს ჯგუფია, რომელსაც აქვს ოფისები საქართველოში, უკრაინაში, უზბეკეთში, ამერიკაში, ჩინეთსა და თურქეთში.
სხვა სიახლეები