ვენესუელის რეჟიმს ვეუბნებით - თქვენ გაქვთ ნავთობის გაყიდვის უფლება მანამ, სანამ ამერიკის ეროვნულ ინტერესებს ემსახურებით | ჯეი დი ვენსი
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ აშშ ვენესუელაზე კონტროლს „ფინანსური ბერკეტების“ მეშვეობით ახორციელებს და ქვეყანას საკუთარი ნავთობის გაყიდვის უფლება ეძლევა მანამ, სანამ „თქვენ ამერიკის ეროვნულ ინტერესებს ემსახურებით“.
„ვენესუელას ჩვენ იმით ვაკონტროლებთ, რომ ფინანსურ ბერკეტებს ვფლობთ. ჩვენ ვაკონტროლებთ ენერგორესურსებს და რეჟიმს ვეუბნებით: „თქვენ გაქვთ ნავთობის გაყიდვის უფლება მანამ, სანამ ამერიკის ეროვნულ ინტერესებს ემსახურებით. თქვენ არ გაქვთ მისი გაყიდვის უფლება, თუკი ამერიკის ეროვნულ ინტერესებს არ ემსახურებით“, - აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.
„და სწორედ ასე ვახორციელებთ უდიდეს ზეწოლას ამ ქვეყანაზე — ისე, რომ არ ვწირავთ არცერთი ამერიკელის სიცოცხლეს და საფრთხეს არ ვუქმნით ამერიკის არცერთ მოქალაქეს“, - დასძინა მან.
სხვა სიახლეები
დონალდ ტრამპი დანიას, ნორვეგიას, შვედეთს, საფრანგეთს, გერმანიას, ბრიტანეთს, ნიდერლანდებსა და ფინეთს ტარიფებს უწესებს
18.01.2026.03:08
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გრენლანდიის გამო ევროპული ქვეყნების ნაწილს ტარიფებს უწესებს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა truth social-ზე დაწერა.
როგორც ტრამპი წერს, 10%-იანი ტარიფები ნებისმიერ საქონელზე, რომელიც აშშ-ში იგზავნება, დაუწესდება: დანიას, ნორვეგიას, შვედეთს, საფრანგეთს, გერმანიას, გაერთიანებულ სამეფოს, ნიდერლანდებსა და ფინეთს. ბრძანება ძალაში 2026 წლის პირველი თებერვლიდან შევა.
„ახლა, საუკუნეების შემდეგ, დროა, დანიამ უკან მოგვცეს — მსოფლიო მშვიდობა ფსონზეა! ჩინეთსა და რუსეთს უნდათ გრენლანდია, დანიას არაფრის გაკეთება არ შეუძლია ამის საწინააღმდეგოდ. მათ ამჟამად ორი ძაღლის მარხილი აქვთ დაცვისთვის, ერთი ახლახან დაემატა. მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ხელმძღვანელობით, შეუძლია, ითამაშოს ამ თამაშში, და ძალიან წარმატებულადაც! ვერავინ შეეხება ამ წმინდა მიწის ნაწილს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ამერიკის შეერთებული შტატების და მთელი მსოფლიოს ეროვნული უსაფრთხოება საფრთხის ქვეშაა.
ამის ფონზე, დანია, ნორვეგია, შვედეთი, საფრანგეთი, გერმანია, გაერთიანებული სამეფო, ნიდერლანდები და ფინეთი გრენლანდიაში ჩავიდნენ, უცნობი მიზნებით. ეს ძალიან საშიში სიტუაციაა ჩვენი პლანეტის უსაფრთხოებისთვის. ამ ქვეყნებმა, რომლებიც ამ ძალიან საშიშ თამაშს თამაშობენ, რისკის ისეთ დონეზე აიყვანეს საქმე, რომელიც არ არის მდგრადი. ამიტომ, გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების დასაცავად აუცილებელია მკაცრი ღონისძიებების მიღება, რათა ეს პოტენციურად სახიფათო სიტუაცია სწრაფად და ყოველგვარი კითხვის გარეშე დასრულდეს.
2026 წლის პირველი თებერვლიდან, ყველა ზემოთ ხსენებულ ქვეყანას (დანია, ნორვეგია, შვედეთი, საფრანგეთი, გერმანია, გაერთიანებული სამეფო, ნიდერლანდები და ფინეთი), დაეკისრება 10%-იანი ტარიფი ნებისმიერ და ყველა საქონელზე, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში იგზავნება. 2026 წლის პირველ ივნისს, ტარიფი გაიზრდება 25%-მდე. ეს ტარიფი გადასახდელი იქნება მანამ, ვიდრე შეთანხმება არ მიიღწევა გრენლანდიის სრული და მთლიანი შეძენის შესახებ.
ამერიკის შეერთებული შტატები 150 წელზე მეტი ხანია, ცდილობს ამ ტრანზაქციის განხორციელებას. ახლა, ოქროს გუმბათისა და თანამედროვე იარაღის სისტემების გამო, როგორც შეტევითი, ისე თავდაცვითი, შეძენის საჭიროება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ასობით მილიარდი დოლარი ამჟამად იხარჯება უსაფრთხოების პროგრამებზე, რომლებიც დაკავშირებულია „გუმბათთან“, მათ შორის კანადის შესაძლო დაცვისთვის, და ეს ძალიან ბრწყინვალე, მაგრამ უაღრესად კომპლექსური სისტემა მხოლოდ მაშინ იმუშავებს თავისი მაქსიმალური პოტენციალითა და ეფექტურობით, თუ ეს მიწა მასში ჩართული იქნება.
ამერიკის შეერთებული შტატები დაუყოვნებლივ მზადაა მოლაპარაკებისთვის დანიასთან და/ან ამ ქვეყნებიდან ნებისმიერ ქვეყანასთან, რომლებმაც ასეთი დიდი რისკი შექმნეს, იმის მიუხედავად, რაც ჩვენ გავაკეთეთ მათთვის, მათ შორის მათი მაქსიმალური დაცვა, მრავალი ათწლეულის განმავლობაში“, – წერს ტრამპი.