ვატიკანში კონკლავი რომის ახალი პაპის ასარჩევად 7 მაისს შეიკრიბება
კათოლიკური ეკლესიის კარდინალები 7 მაისს ვატიკანში რომის ახალი პაპის ასარჩევად შეიკრიბებიან. ინფორმაციას Reuters-ი ვატიკანში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, თარიღზე გასულ შაბათს, რომის პაპის ფრანცისკეს დაკრძალვის შემდეგ კარდინალთა დახურულ შეკრებაზე შეჯერდნენ. ოფიციალური განცხადება კონკლავთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში გაკეთდება.
კონკლავში 80 წელს მიუღწეველი დაახლოებით 135 კარდინალი მიიღებს მონაწილეობას. Reuters-ის ცნობით, მხოლოდ მათ აქვთ უფლება გადაწყვიტონ, თუ ვინ უხელმძღვანელებს კათოლიკურ ეკლესიას, რომელსაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით 1,4 მილიარდი წევრი ჰყავს.
ცნობისთვის, რომის პაპი ფრანცისკე 21 აპრილს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ფრანცისკე კათოლიკურ ეკლესიას 2013 წლიდან მართავდა. ის 26 აპრილს რომში დაკრძალეს.
სხვა სიახლეები
ავიაბილეთების დაჯავშნაში AI-ის გამოყენება მომხმარებელთა არჩევანზე უნდა იყოს დამოკიდებული - JetBlue-ს პრეზიდენტი
16.11.2026.19:00
ამერიკული ავიაკომპანია JetBlue Airways-ის პრეზიდენტის, განცხადებით, ავიაკომპანიებმა ხელოვნური ინტელექტის საშუალებით ავიაბილეთების დაჯავშნის საკითხში მომხმარებელთა მოთხოვნები უნდა გაითვალისწინონ.
მისი შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ბილეთების დაჯავშნა გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული, ავიაკომპანიებმა მომხმარებლებს მათთვის სასურველი მომსახურების მიღების შესაძლებლობა უნდა მისცენ.
JetBlue-ს პრეზიდენტის განცხადება მოჰყვა United Airlines-ის გადაწყვეტილებას, მონაცემთა უსაფრთხოების მიზნით ხელოვნური ინტელექტის პროგრამებისთვის საკუთარ ციფრულ პლატფორმებზე წვდომა შეზღუდოს.
ამასთან, JetBlue-ს პრეზიდენტის შეფასებით, მსგავსი ტექნოლოგიების განვითარებამ შესაძლოა ავიაკომპანიებს დამატებითი ფინანსური ხარჯები შეუქმნას, თუ ბილეთების დაჯავშნის მომსახურების მიმწოდებლები მომავალში საკომისიოს დაწესებას გადაწყვეტენ.
მიუხედავად ამისა, JetBlue მიიჩნევს, რომ ავიაკომპანიებმა ტექნოლოგიური ცვლილებების მიმართ მოქნილობა უნდა შეინარჩუნონ და მომსახურება მომხმარებელთა მოთხოვნებს მოარგონ.