საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ფინანსთა მინისტრი EBRD-ის წლიურ შეხვედრებში მონაწილეობენ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ყოველწლიურ შეხვედრებში მონაწილეობენ.
EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრა წარმოადგენს უმაღლესი დონის საერთაშორისო ფორუმს, სადაც განიხილება გლობალური და რეგიონული ეკონომიკური გამოწვევები, მდგრადი განვითარებისა და კერძო სექტორის მხარდაჭერის შესაძლებლობები.
შეხვედრის ფარგლებში, ეროვნული ბანკისა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები ორმხრივ შეხვედრებს მართავენ პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ფინანსურ ინსტიტუტებთან, რაც ხელს უწყობს საქართველოს საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებას.
ორმხრივ შეხვედრებზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ და ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ფინანსურ ორგანიზაციებს საქართველოს მაკროეკონომიკური გარემო და პროგნოზები გააცნეს.
“გლობალურად მიმდინარე ეკონომიკური გამოწვევების ფონზე, საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს სტაბილურობას. ფასების სტაბილურობას, რაც მდგრადი ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა წარმატებით უზრუნველყოფს. საქართველოს მაკროეკონომიკური მდგომარეობა ინვესტორებისთვის მიმზიდველია და საქართველოს მიმართ დაინტერესება მაღალია”, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
10.06.2025.16:44
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, საფრანგეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ნიცაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, „კლიმატის მწვანე ფონდის“ (Green Climate Fund – GCF) აღმასრულებელ დირექტორ მაფალდა დუარტესთან შეხვედრა გამართა.
მხარეებმა საქართველოში კლიმატის ცვლილების ნეგატიური ზეგავლენის შემცირებისკენ მიმართული მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს.
„საქართველოს პარტნიორობა „კლიმატის მწვანე ფონდთან“ (GCF) 2016 წელს დაიწყო. მას შემდეგ სხვადასხვა მიმართულებით არაერთ ერთობლივ პროექტს ვახორციელებთ. საქართველოში კლიმატის ცვლილების შემარბილებელი და საადაპტაციო ღონისძიებების განსახორციელებლად GCF-მა ორი ეროვნული პროექტი დააფინანსა. ჩვენ ჩართულები ვართ ფონდის რეგიონულ პროექტებშიც. ვიმედოვნებთ, რომ „კლიმატის მწვანე ფონდთან ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება“,-განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
მაფალდა დუარტემ დადებითად შეაფასა საქართველოს პროგრესი კლიმატთან დაკავშირებულ საკითხებში და მზადყოფნა გამოთქვა, კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს GCF-ის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერა, განსაკუთრებით კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის და წყლის რესურსების მდგრადი მართვის მიმართულებებით.
„კლიმატის მწვანე ფონდის“ აღმასრულებელ დირექტორთან შეხვედრა გაეროს მიერ ორგანიზებული მაღალი დონის კონფერენციის ფარგლებში შედგა, სადაც დავით სონღულაშვილმა ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის კოლეგებთან გამართა. შეხვედრებში მინისტრთან ერთად მონაწილეობდა მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი.