საქართველო და აშშ - ი მზად არიან, ურთიერთსასარგებლო სავაჭრო ურთიერთობები აქტიურად განავითარონ - ლევან დავითაშვილი
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების (აშშ) სავაჭრო წარმომადგენლის თანაშემწის მოადგილეს სილვია სავიჩს შეხვდა.
შეხვედრა აშშ - ში პირველი ვიცე-პრემიერის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა და მას ასევე დაესწრო მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე.
შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და აშშ - ს შორის სავაჭრო ურთიერთობის პრიორიტეტული მიმართულებები, მათ შორის ქართულმა მხარემ დააყენა საკითხი "მაღალი დონის დიალოგი ინვესტიციებსა და ვაჭრობაზე" შეხვედრის გამართვასთან დაკავშირებით, რათა მოხდეს ორმხრივი ვაჭრობის და ინვესტიციებთან დაკავშირებული საკითხების განხილვა აღნიშნული ფორმატის ფარგლებში.
როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა განაცხადა, აშშ - საქართველოს სავაჭრო ბრუნვა ყოველწლიურად მზარდი დინამიკით ხასიათდება - 2024 წელს აშშ საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის მესამე იყო დაახლოებით 9-პროცენტიანი წილით. ამასთან, როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, საქართველო აშშ-ისთვის არა მარტო მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანაა, არამედ მას ჰაბის ფუნქციაც ეკისრება ამერიკიდან ექსპორტირებული პროდუქციის რეგიონის სხვა ქვეყნებში გადანაწილების კუთხით. მისი თქმით, ეს განსაკუთრებით ეხება მსუბუქ ავტომობილებს და გარკვეული სახის აგრო პროდუქციას, რომლებიც საქართველოს მეშვეობით ცენტრალური აზიისა და რეგიონის სხვა ქვეყნებში რეექსპორტის სახით გადის. აღსანიშნავია, რომ 2024 წელს 940 მლნ აშშ დოლარის მანქანების რეექსპორტი განხორციელდა.
საუბარი ასევე შეეხო აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის სატარიფო პოლიტიკას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ მიმართულებით გააგრძელებენ ინფორმაციის გაცვლას. როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ტარიფებთან დაკავშირებულ ცვლილებას აშშ - ში ექსპორტზე უმნიშვნელო გავლენა ექნება.
დასასრულს აღინიშნა, რომ შეერთებული შტატები, ისევე როგორც საქართველო მზად არიან აქტიურად განავითარონ ურთიერთსასარგებლო სავაჭრო ურთიერთობები.
სხვა სიახლეები
მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით უზბეკეთი $100 მილიონიანი დაფინანსებით ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემების მოდერნიზაციასა და სამუშაო ადგილების ზრდის ხელშეწყობას გეგმავს
05.11.2026.14:00
მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ დაამტკიცა 100 მილიონი აშშ დოლარის სესხი, რომელიც უზბეკეთს ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის ეფექტიანობისა და საიმედოობის გაზრდაში დაეხმარება. პროექტის ფარგლებში მოდერნიზებული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ექსპლუატაციაში შესვლიდან ხუთი წლის განმავლობაში მოსალოდნელია დაახლოებით 11 700 დამატებითი და უფრო ხარისხიანი სამუშაო ადგილის შექმნის ხელშეწყობა.
ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემების მოდერნიზაციის პროგრამა მიზნად ისახავს ელექტროქსელის შესაძლებლობების გაფართოებას, რათა მან შეძლოს განახლებადი ენერგიის უფრო დიდი მოცულობის მიღება და მისი შინამეურნეობებისა და ბიზნესისთვის მიწოდება.
მსოფლიო ბანკის ჯგუფი პროგრამას აზიის განვითარების ბანკთან (ADB) ერთად აფინანსებს, ორი ინსტიტუტის გლობალური სრული ურთიერთნდობის ჩარჩოს (Full Mutual Reliance Framework – FMRF) ფარგლებში. აღნიშნული მექანიზმი ითვალისწინებს პროგრამის მომზადებისა და ზედამხედველობის ერთიან მიდგომას, რაც მთავრობისთვის ტრანზაქციული ხარჯებისა და ადმინისტრაციული პროცედურების დუბლირების შემცირებას უზრუნველყოფს.
აზიის განვითარების ბანკმა უზბეკეთის მთავრობისთვის 200 მილიონი აშშ დოლარის სესხი 2026 წლის 30 სექტემბერს დაამტკიცა. მსოფლიო ბანკის ჯგუფის მიერ გამოყოფილ 100 მილიონ აშშ დოლართან და უზბეკეთის მთავრობის ბიუჯეტიდან გათვალისწინებულ 71 მილიონ აშშ დოლართან ერთად, პროგრამის დაფინანსების საერთო მოცულობა 371 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
უზბეკეთი 2030 წლისთვის განახლებადი ენერგიის გენერაციის სიმძლავრის 25 გიგავატამდე გაზრდას გეგმავს, რაც უფრო ძლიერი და თანამედროვე ელექტროენერგეტიკული ქსელის განვითარებას მოითხოვს.
ქვეყნის ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის მნიშვნელოვანი ნაწილი ათწლეულების წინ აშენდა, ხოლო მრავალი ქვესადგური გადატვირთულია, რაც იწვევს ელექტროენერგიის დანაკარგებსა და მიწოდების შეფერხებებს. აღნიშნული პრობლემები გავლენას ახდენს შინამეურნეობებზე, ბიზნესზე, სკოლებსა და სამედიცინო დაწესებულებებზე.
ეკონომიკის სწრაფი ზრდის ფონზე ელექტროენერგიაზე მოთხოვნის მატება ქსელის მოდერნიზაციას ქვეყნის ერთ-ერთ პრიორიტეტად აქცევს.
პროგრამას განახორციელებს სააქციო საზოგადოება „უზბეკეთის ეროვნული ელექტროქსელი“ (National Electric Grid of Uzbekistan – NEGU).
პროგრამა ითვალისწინებს ქვეყნის მასშტაბით 60 მნიშვნელოვანი ელექტროქვესადგურის მოდერნიზაციასა და ციფრულ ტრანსფორმაციას, რაც ხელს შეუწყობს ელექტროენერგიის დანაკარგების შემცირებასა და ელექტრომომარაგების საიმედოობის გაუმჯობესებას.