რუსეთის ბიუჯეტის დეფიციტი $34 მილიარდს აღწევს - Bloomberg
2023 წლის იანვარ-თებერვალში რუსეთის ბიუჯეტის დეფიციტი გაიზარდა, მაგრამ უკრაინის ომის ფონზე დანახარჯები შენელდა. ამის შესახებ Bloomberg რუსეთის ფედერაციის ფინანსთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით წერს.
რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტის დეფიციტმა 2,58 ტრილიონ რუბლს (34 მილიარდი დოლარი) მიაღწია, ხოლო ხარჯები 5,74 ტრილიონი რუბლია.
„მოსკოვს გაუჭირდება თავისი ანგარიშების დაბალანსება, რადგან შიდა სახელმწიფო ობლიგაციების შემოსავალი 11%-ზე მაღალია, ხოლო ნავთობიდან შემოსავალი კლებას განაგრძობს“, - განაცხადა რუსმა ეკონომისტმა ალექსანდრ ისაკოვმა.
„სანქციებმა და სხვა შეზღუდვებმა, რომლებიც დაწესდა აშშ-სა და მისი მოკავშირეების მიერ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, რუსეთის ენერგოპროდუქტების ექსპორტის შემოსავალს მძიმედ დაარტყა, რადგან შეზღუდვები ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ამოქმედდა“, - წერს გამოცემა.
არაენერგეტიკული სექტორის შემოსავლები რუსეთში, იანვარში 9%-ით შემცირდა. Bloomberg Economics-ის ვარაუდით, წელს რუსეთის ფედერაციის ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტი მთლიანი შიდა პროდუქტის 3-4% იქნება.
რუსეთს ნავთობისა და გაზის შემოსავლები ერთ წელიწადში 46,4%-ით შეუმცირდა.
სხვა სიახლეები
18.09.2025.12:27
ჩინურმა ავიაკომპანიამ China Eastern Airlines დაიწყო ბილეთების გაყიდვა ახალ მარშრუტზე, რომელიც „მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივ პირდაპირ რეისად“ არის გამოცხადებული. ის შანხაისა და ბუენოს-აირესს დააკავშირებს, რომლებიც დედამიწის მოპირდაპირე ნაწილებში მდებარეობენ.
ავიაკომპანიის ცნობით, ფრენა შანხაიდან ბუენოს-აირესამდე დაახლოებით 25,5 საათს, ხოლო უკან - 29 საათს გაგრძელდება. თუმცა, ორივე მარშრუტი მოიცავს ორსაათიან ტრანზიტულ გაჩერებას ახალ ზელანდიაში, რა დროსაც მგზავრებს თვითმფრინავიდან ჩასვლა და დასვენება შეუძლიათ. ამიტომ რეისი, მართალია, პირდაპირია, მაგრამ არა უწყვეტი.
რეისები Boeing 777-300ER-ის ტიპის თვითმფრინავით, კვირაში ორჯერ შესრულდება. პირველი ფრენა 4 დეკემბერს არის დაგეგმილი. „მარშრუტი შანხაი პუდუნი - ოკლენდი - ბუენოს-აირესი განიხილება, როგორც მნიშვნელოვანი ღონისძიება აზია-წყნარი ოკეანის რეგიონსა და სამხრეთ ამერიკას შორის „საჰაერო აბრეშუმის გზის“ ახალი არხის შესაქმნელად“, - აღნიშნავენ ავიაკომპანიაში.
დაჯავშნის ვებგვერდ Skyscanner-ის მონაცემებით, შანხაიდან ბუენოს-აირესამდე ამჟამად ყველაზე სწრაფი რეისი დაახლოებით 31 საათს გრძელდება, პარიზში ან ამსტერდამში ტრანზიტული გაჩერებით. ამასთან, საპირისპირო მიმართულებით ფრენის ხანგრძლივობა 28-დან 33 საათამდე მერყეობს.