ომი ახლო აღმოსავლეთში ფარმაცევტულ საჰაერო მარშრუტებს აფერხებს და სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტების მიწოდებას საფრთხეს უქმნის
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომი ყურის ქვეყნებში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტების მიწოდებას აფერხებს. დარგის წარმომადგენლების განცხადებით, საფრთხე ემუქრება სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატებისა და სხვა იმ მკურნალობისთვის საჭირო წამლების მომარაგების გზებს, რომლებიც მაცივარში შენახვას საჭიროებს. შექმნილი ვითარება კომპანიებს აიძულებს, შეცვალონ ფრენის მარშრუტები და რეგიონში ტვირთების შესატანად სახმელეთო გზები მოძებნონ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს.
კონფლიქტმა, რომელიც ორი კვირის წინ მნიშვნელოვნად გამწვავდა მწყობრიდან გამოიყვანა ძირითადი საჰაერო სატრანზიტო ჰაბები და ჩაკეტა საზღვაო გზები. ამან გამოიწვია მრავალი პროდუქტის, მათ შორის მედიკამენტების, საკვებისა და ნავთობის გადაადგილების შეფერხება.
თუმცა, როგორც ზოგიერთი ხელმძღვანელი პირი აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ მწვავე დეფიციტის ნიშნები ჯერჯერობით ნაკლებად შეიმჩნევა, ვითარება შესაძლოა შეიცვალოს, თუ კონფლიქტი დროში გაიწელება. ყურის ქვეყნები დიდწილად იმპორტზე არიან დამოკიდებულნი, ზოგიერთ მედიკამენტს კი შენახვის მოკლე ვადა აქვს და საჭიროებს „ცივი ჯაჭვის“ პრინციპით შენახვას, რაც ხანგრძლივ სახმელეთო გადაზიდვებს ნაკლებად პრაქტიკულს ხდის.
დასავლური ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ყურის ქვეყნებში ტვირთების შესატანად ალტერნატიულ გზებს ეძებენ; ზოგიერთი მედიკამენტი კი სახმელეთო გზით, სატვირთო ავტომობილებით გადააქვთ საუდის არაბეთის ისეთი აეროპორტებიდან, როგორიცაა ჯედა და ერ-რიადი. სხვა შესაძლო ვარიანტებად სტამბოლი და ომანი განიხილება.
რეგიონის უმსხვილესი აეროპორტები, მათ შორის დუბაის, აბუ-დაბისა და დოჰას საჰაერო ნავსადგურები, დაიხურა ირანის მიერ განხორციელებული დარტყმების გამო, რაც პასუხი იყო აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმებზე. დუბაი და დოჰა მთავარ სატვირთო ჰაბებს წარმოადგენენ, რომლებიც ევროპას აზიასა და აფრიკასთან აკავშირებენ. სწორედ აქ ოპერირებენ ისეთი ავიაკომპანიები, როგორიცაა Emirates და Etihad, ასევე ლოგისტიკური კომპანია DHL, რომლებიც მუშაობენ ტემპერატურისადმი მგრძნობიარე მედიკამენტებზე; ამ პრეპარატებისთვის ტემპერატურული რეჟიმის მკაცრი დაცვა გადამწყვეტია მათი უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესანარჩუნებლად.
ანტვერპენის მენეჯმენტის სკოლის პროფესორი, ვოუტერ დეულფი, დარგობრივ მონაცემებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ გლობალური საჰაერო ტვირთების, რაც კრიტიკული მედიკამენტებისა და ვაქცინების მიწოდების მთავარი გზაა მეხუთედზე მეტი ახლო აღმოსავლეთში შექმნილი შეფერხებების რისკის ქვეშაა.
ალტერნატიული „ცივი ჯაჭვის დერეფნების“ ან ტემპერატურის კონტროლის მქონე იმ მარშრუტების მოწყობა, რომლებიც მგრძნობიარე მედიკამენტებისთვის გამოიყენება, ერთ ღამეში შეუძლებელია და ისინი ყოველთვის ხელმისაწვდომი არ არის.
სხვა ფარმაცევტული კომპანიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მათ შექმნეს შიდა ჯგუფები პაციენტებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ტვირთების, მათ შორის სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატების პრიორიტეტულად გადასაზიდად. მანვე გააფრთხილა მხარეები, რომ ტემპერატურული რეჟიმის მქონე ზოგიერთმა ტვირთმა შესაძლოა ვერ მიაღწიოს დანიშნულების ადგილს გადაჯდომის წერტილებში, თუკი სათანადო შენახვისა და დამუშავების პირობები უზრუნველყოფილი არ იქნება.
სამედიცინო მოწყობილობების მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, პირველი ნაბიჯი ტრანზიტში მყოფი ან გასამგზავრებლად გამზადებული ტვირთების აღრიცხვაა, რის შემდეგაც უნდა გადაწყდეს, რომელი პალეტები საჭიროებს მარშრუტის შეცვლას და გახდება თუ არა საჭირო ახალი გადაზიდვების დაგეგმვა.
სხვა სიახლეები
ნავთობის ფასი იზრდება, რადგან ყურადღება კვლავ ახლო აღმოსავლეთის საექსპორტო ობიექტების წინაშე არსებულ საფრთხეებზე გადაერთო
16.03.2026.12:35
ორშაბათს ნავთობის ფასები გაიზარდა, რადგან ინვესტორების ყურადღება კვლავ ახლო აღმოსავლეთის ნავთობობიექტების წინაშე არსებულ საფრთხეებზე გადაერთო. ეს მოხდა მიუხედავად აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოწოდებისა, რომლის თანახმადაც სხვადასხვა ქვეყნებს ჰორმუზის სრუტის - გლობალური ენერგომომარაგების სასიცოცხლო არტერიის დაცვაში დახმარება სთხოვა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ reuters ავრცელებს.
გრინვიჩის დროით (GMT) 04:00 საათისთვის, Brent-ის მარკის ნავთობის ფიუჩერსები 1.27 დოლარით ანუ 1.2%-ით გაიზარდა და ბარელზე 104.41 დოლარი შეადგინა, მას შემდეგ რაც პარასკევს ვაჭრობა 2.68 დოლარით მაღალ ნიშნულზე დაასრულა. ამერიკული WTI მარკის ნავთობის ფასი კი 54 ცენტით ანუ 0.6%-ით გაიზარდა და ბარელზე 99.25 დოლარს მიაღწია, მაშინ როცა წინა სესია თითქმის 3 დოლარიანი ზრდით დაიხურა.
ორივე კონტრაქტის ღირებულება ამ თვეში 40%-ზე მეტით გაიზარდა და 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია. ეს გამოიწვია ირანზე აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმებმა, რის საპასუხოდაც თეირანმა ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობა შეაჩერა. შედეგად, მსოფლიო ნავთობის მიწოდების ერთი მეხუთედი დაიბლოკა, რაც ისტორიაში მიწოდების ყველაზე მასშტაბური შეფერხებაა.
„გასულ უქმეებზე აშშ-ის დარტყმებმა კუნძულ ხარგზე მიწოდებასთან დაკავშირებული შეშფოთება გაამძაფრა, ვინაიდან ირანის ნავთობის ექსპორტის უდიდესი ნაწილი სწორედ ამ კუნძულზე გადის“, - განაცხადეს ორშაბათს ING-ის სასაქონლო სტრატეგოსებმა.
„მიუხედავად იმისა, რომ დარტყმები, როგორც ჩანს, სამხედრო და არა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იყო მიმართული, ისინი მაინც ქმნიან მიწოდების რისკებს, რადგან ამჟამად ირანული ნავთობი თითქმის ერთადერთია, რომელიც ჰორმუზის სრუტის გავლით გადაადგილდება“, - დასძინეს ING-ის ანალიტიკოსებმა.
გასულ უქმეებზე, მას შემდეგ რაც ირანის კუნძულ ხარგზე სამხედრო ობიექტები დაიბომბა, ტრამპი ამავე კუნძულზე ახალი დარტყმებით დაიმუქრა. აღსანიშნავია, რომ ირანის ექსპორტის დაახლოებით 90% სწორედ ამ კუნძულზე გადის. პრეზიდენტის ეს განცხადება მიზნად ისახავდა თეირანის მხრიდან კიდევ უფრო მწვავე საპასუხო რეაქციის პროვოცირებას
„აშშ განიხილავს მაღალი რისკის მქონე სახმელეთო ოპერაციებს, მათ შორის: ირანის ბირთვულ ობიექტებზე რეიდებს გამდიდრებული ურანის ხელში ჩასაგდებად, კუნძულ ხარგის ნავთობჰაბის დაკავებასა და სამხრეთ ირანის ოკუპაციას ჰორმუზის სრუტის დასაცავად“, - ნათქვამია SEB-ის ანალიტიკოსის, ერიკ მეიერსონის მოხსენებაში.
„ყოველივე ეს ნიშნავს კონფლიქტის მნიშვნელოვან ესკალაციას და მოითხოვს მზაობას არსებითად მაღალი რისკებისთვის“.
კვირას ტრამპმა განაცხადა, რომ იგი სხვა ქვეყნებისგან ენერგომომარაგების ამ საკვანძო მარშრუტის დაცვაში დახმარებას მოითხოვს და დასძინა, რომ ვაშინგტონი რამდენიმე სახელმწიფოსთან აწარმოებს მოლაპარაკებებს სრუტის ერთობლივი კონტროლის შესახებ.
ამასთანავე, ტრამპის თქმით, აშშ ირანთანაც ინარჩუნებს კონტაქტს, თუმცა ეჭვი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ თეირანი მზად არის სერიოზული მოლაპარაკებებისთვის კონფლიქტის დასასრულებლად.