ნინო ჯელაძემ IMF-ის საუდის არაბეთის რეგიონული ოფისის მხარდაჭერით გამართულ ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ნინო ჯელაძემ, IMF-ის საუდის არაბეთის რეგიონული ოფისის მხარდაჭერით ორგანიზებულ ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.
შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ცენტრალური ბანკების მმართველობის საუკეთესო პრაქტიკა, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მმართველობის და ინსტიტუციურ ჩარჩოებზე, ხაზი გაესვა გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების საკითხების მნიშვნელობას.
ფორუმის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი ფინანსური სისტემების ციფრულ ტრანსფორმაციასთან დაკავშირებული თემები იყო.
ნინო ჯელაძემ ასევე მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში, სადაც ფორუმის მონაწილეებმა, გლობალური ფინანსური არასტაბილურობის ფონზე, ეფექტური რისკის მართვის ჩარჩოების საჭიროება მიმოიხილეს.
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ცენტრალური ბანკებს გადამწყვეტი როლი აქვთ ეკონომიკური მდგრადობის ხელშეწყობაში და ხაზი გაუსვა გლობალური ფინანსური გამოწვევების საპასუხოდ, ცენტრალურ ბანკებს შორის ინსტიტუციური დიალოგისა და თანამშრომლობის აუცილებლობას.
IMF-ის საუდის არაბეთის რეგიონული ოფისის მხარდაჭერით, საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში გამართულ ცენტრალური ბანკების მეცხრე უმაღლესი დონის ფორუმში, მონაწილეობდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკების მმართველები. ფორუმი მიზნად ისახავდა ცენტრალური ბანკების წინაშე არსებული ახალი გამოწვევების მიმოხილვასა და მათი როლის განსაზღვრას თანამედროვე ეკონომიკურ რეალობაში.
სხვა სიახლეები
Starbucks-ის წლიური მოგება პროგნოზს გადააჭარბებს - როგორია კომპანიის ბიზნესის გაჯანსაღების სტრატეგიის შედეგები
04.11.2026.17:00
Starbucks-მა წლიური მოგების პროგნოზი გამოაქვეყნა, რომელიც უოლ-სტრიტის ანალიტიკოსების მოლოდინებს აღემატება. ამასთან, კომპანიამ საკუთარი აქციების გამოსყიდვის 1 მილიარდი დოლარის მოცულობის პროგრამა წარადგინა, რაც მიანიშნებს, რომ Starbucks-ის გენერალური დირექტორის, ბრაიან ნიკოლის მიერ ყავის ქსელის მასშტაბური რესტრუქტურიზაციის გეგმა შედეგების ჩვენებას იწყებს.
მიუხედავად ამისა, კომპანიის აქციების ფასი ძირითადი სავაჭრო სესიის დასრულების შემდეგ დაახლოებით 2%-ით შემცირდა. ამის მიზეზი Starbucks-ის ჩინური ბიზნესის გასხვისება გახდა, რის გამოც კომპანიამ წლიური შემოსავლების შემცირება ივარაუდა.
ფინანსური შედეგების განხილვისას ბრაიან ნიკოლმა ინვესტორებს არაერთხელ განუცხადა, რომ მისი სტრატეგია „Back to Starbucks“ უკვე აღარ წარმოადგენს კომპანიის საქმიანობის გაჯანსაღების გეგმას და ის ზრდის სტრატეგიად გარდაიქმნა. აღნიშნულ ცვლილებას წინ უძღოდა ორწლიანი ღონისძიებები, რომლებიც მენიუს გამარტივებას, პერსონალში ინვესტიციების განხორციელებასა და საოპერაციო პროცესების გაუმჯობესებას მოიცავდა. ამ ნაბიჯების მიზანი მომხმარებელთა ლოდინის დროის შემცირება და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება იყო.
ინვესტორების ყურადღება სულ უფრო მეტად არის მიმართული იმაზე, შეძლებს თუ არა აღნიშნული ღონისძიებები კომპანიის მომგებიანობის აღდგენას.
Starbucks-ი მოგების მარჟების გაუმჯობესებას რესტრუქტურიზაციის ღონისძიებებით ცდილობს, მათ შორის თანამშრომელთა შემცირებითა და ზოგიერთი ობიექტის დახურვით. ამ გზით კომპანია ცდილობს დააბალანსოს რესტრუქტურიზაციის ფარგლებში პერსონალში განხორციელებული თითქმის 500 მილიონი დოლარის ინვესტიციების გავლენა ხარჯებზე.