ნათია თურნავამ შვეიცარიაში საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის ყოველწლიურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ, ბაზელში საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის (BIS) რიგით 95-ე წლიურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
წლიურ შეხვედრაში BIS-ის წევრი ცენტრალური ბანკების და სხვა ცენტრალური ბანკების მმართველები, ასევე მაღალი რანგის სტუმრები მონაწილეობდნენ.
წლევანდელი შეხვედის მთავარი განსახილველი თემა გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ბაზრებისა და განვითარებადი ეკონომიკების გამოცდილება იყო ტრანსსასაზღვრო გადახდების გაფართოებასთან დაკავშირებით.
ღონისძიებაზე ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის როლის მნიშვნელობაზე განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნების საფინანსო ბაზრების სტიმულირებაში.
ცენტრალური ბანკების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ემსჯელათ საგადახდო სისტემების სირთულეებისა და საფინანსო სისტემებში რისკის ზონების გამოვლენის საკითხებზე. ინდუსტრიის ლიდერებმა ერთმანეთს გამოცდილება და მათ წინაშე არსებული კონკრეტული გამოწვევები გაუზიარეს.
დისკუსიების ფარგლებში ღონისძიების მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს საბანკო უსაფრთხოებაზე ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, BIS-ის ყოველწლიური შეხვედრები, რომელიც ცენტრალური ბანკების მმართველებს უყრის თავს, ერთმანეთისთვის საკუთარი გამოცდილების და წარმატების მაგალითების გაზიარების საუკეთესო შესაძლებლობაა.
შვეიცარიაში, საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის ყოველწლიურ შეხვედრების ფარგლებში სებ-ის პრეზიდენტს ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) პრეზიდენტ კრისტინ ლაგარდთად შეხვედრისას მიეცა შესაძლებლობა გაეცვალა ხედვები საფინანსო სისტემის წინაშე მდგარ გამოწვევებზე. ნათია თურნავამ კრისტინ ლაგარდს, ეროვნული ბანკის სახელით, ECB-ის მხრიდან მხარდაჭერისთვის პირადად გადაუხადა მადლობა.
ყოველწლიურ შეხვედრებში ასევე მონაწილეობდნენ ინგლისის ბანკის პრეზიდენტი ენდრიუ ბეილი, ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარე ჯერომ პაუელი და ჩინეთის სახალხო ბანკის პრეზიდენტი პან გონშენგი.
საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკი 1930 წელს დაფუძნდა. მისი სათავო ოფისი შვეიცარიაში, ბაზელში მდებარეობს. ეს ინსტიტუტი ფინანსური და მონეტარული სტაბილურობის მისაღწევად ცენტრალურ ბანკებსა და სხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან თანამშრომლობს და მხოლოდ მათ ემსახურება.
სხვა სიახლეები
იაპონიის მმართველმა პარტიამ რიგგარეშე არჩევნებზე საკონსტიტუციო უმრავლესობა მიიღო
09.02.2026.13:09
იაპონიის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა ლიბერალ-დემოკრატიულმა პარტიამ (LDP) გაიმარჯვა, პრემიერ-მინისტრ სანაე ტაკაიტის ხელმძღვანელობით.
LDP-ის შედეგმა ყველაზე ოპტიმისტურ პროგნოზებსაც კი გადააჭარბა. კონსერვატიულმა კოალიციამ პარლამენტის ქვედა პალატაში ადგილების ორ მესამედზე მეტი მოიპოვა, რაც კონსტიტუციური უმრავლესობфა, რომელიც ტაკაიტის პარტიას აძლევს შესაძლებლობას, განახორციელოს თავისი ინიციატივები ოპოზიციის გათვალისწინების გარეშე.
კენჭისყრის საბოლოო შედეგების მიხედვით, რომელსაც იაპონიის საზოგადოებრივი მაუწყებელი NHK აქვეყნებს, ლიბერალ-დემოკრატიულმა პარტიამ 465-დან 316 მანდატი მოიპოვა. მანამდე მმართველ პარტიას ქვედა პალატაში მხოლოდ 198 ადგილი ჰქონდა. პარტიამ მიიღო კონსტიტუციური უმრავლესობა (310 ადგილზე მეტი), რაც LDP-ს საშუალებას აძლევს, დაძლიოს ზედა პალატის ვეტო და შეიტანოს ცვლილებები კონსტიტუციაში.
ადგილობრივი მედია აღნიშნავს, რომ ეს არის პირველი შემთხვევა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, როდესაც ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ ქვედა პალატაში ადგილების ორ მესამედზე მეტი მოიპოვა.
როგორც გამოცემა Kyodo წერს, ასეთი დამაჯერებელი გამარჯვება პრემიერ-მინისტრ სანაე ტაკაიტის მნიშვნელოვან იმპულსს მისცემს თავისი კონსერვატიული პოლიტიკური პროგრამის გასატარებლად. გამოცემას მიაჩნია, რომ პარლამენტში ადგილების ასეთი მნიშვნელოვანი ზრდა დიდწილად თავად ტაკაიტის პიროვნული პოპულარობის დამსახურებაა.