ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ და საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ვაშინგტონში სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ცენტრალური აზიისა და შუა აღმოსავლეთის დეპარტამენტის დირექტორთან ჯიჰად აზურთან, სსფ-ის მმართველი დირექტორის მოადგილესთან, ბო ლისთან და საქართველოში სსფ-ის მისიის ხელმძღვანელთან, ალეხანდრო ჰაჟდენბერგთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ეკონომიკის მყარ და სტაბილურ მდგომარეობაზე, დაბალ ინფლაციასა და მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე. ხაზი გაესვა, რომ ქვეყანაში ფასების სტაბილურობა თანმიმდევრული მონეტარული პოლიტიკის შედეგია.
ნათია თურნავამ, სსფ-ს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკა შოკების მიმართ კვლავ მედეგია, შესაბამისად, ეროვნული ბანკის გრძელვადიანი პოლიტიკა საერთაშორისო რეზერვების დაგროვებასა და სარეზერვო აქტივების ეფექტურად მართვაზეა ორიენტირებული. 2025 წლის აპრილის მდგომარეობით, ეროვნული ბანკი 4,4 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ოდენობის საერთაშორისო რეზერვებს ფლობს.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქართული საბანკო სექტორის მდგრადობას და მაღალ მომგებიანობას, ძლიერ კაპიტალის და ლიკვიდობის ბუფერებს.
თავის მხრივ სსფ-ის მისიის ხელმძღვანელმა ალეხანდრო ჰაჟდენბერგმა ქართულ მხარეს სხვადასხვა მიმართულებით მხარდაჭერა აღუთქვა.
სავალუტო ფონდის წარმომადგენლებთან შეხვედრებს ასევე ესწრებოდნენ სებ-ის ვიცე პრეზიდენტები ეკატერინე მიქაბაძე და ეკატერინე გალდავა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე და ეკატერინე გუნცაძე, ასევე სებ-ის ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ალექსანდრე ხაზარაძე.
დღის ტოპ 10 სიახლე
ჩვენი მიზანია გავხდეთ საქართველოს წამყვანი სასტუმრო - Le Méridien Batumi-ს ახალი გენერალური მენეჯერი
სხვა სიახლეები
იაპონიის მმართველმა პარტიამ რიგგარეშე არჩევნებზე საკონსტიტუციო უმრავლესობა მიიღო
09.02.2026.13:09
იაპონიის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა ლიბერალ-დემოკრატიულმა პარტიამ (LDP) გაიმარჯვა, პრემიერ-მინისტრ სანაე ტაკაიტის ხელმძღვანელობით.
LDP-ის შედეგმა ყველაზე ოპტიმისტურ პროგნოზებსაც კი გადააჭარბა. კონსერვატიულმა კოალიციამ პარლამენტის ქვედა პალატაში ადგილების ორ მესამედზე მეტი მოიპოვა, რაც კონსტიტუციური უმრავლესობфა, რომელიც ტაკაიტის პარტიას აძლევს შესაძლებლობას, განახორციელოს თავისი ინიციატივები ოპოზიციის გათვალისწინების გარეშე.
კენჭისყრის საბოლოო შედეგების მიხედვით, რომელსაც იაპონიის საზოგადოებრივი მაუწყებელი NHK აქვეყნებს, ლიბერალ-დემოკრატიულმა პარტიამ 465-დან 316 მანდატი მოიპოვა. მანამდე მმართველ პარტიას ქვედა პალატაში მხოლოდ 198 ადგილი ჰქონდა. პარტიამ მიიღო კონსტიტუციური უმრავლესობა (310 ადგილზე მეტი), რაც LDP-ს საშუალებას აძლევს, დაძლიოს ზედა პალატის ვეტო და შეიტანოს ცვლილებები კონსტიტუციაში.
ადგილობრივი მედია აღნიშნავს, რომ ეს არის პირველი შემთხვევა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, როდესაც ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ ქვედა პალატაში ადგილების ორ მესამედზე მეტი მოიპოვა.
როგორც გამოცემა Kyodo წერს, ასეთი დამაჯერებელი გამარჯვება პრემიერ-მინისტრ სანაე ტაკაიტის მნიშვნელოვან იმპულსს მისცემს თავისი კონსერვატიული პოლიტიკური პროგრამის გასატარებლად. გამოცემას მიაჩნია, რომ პარლამენტში ადგილების ასეთი მნიშვნელოვანი ზრდა დიდწილად თავად ტაკაიტის პიროვნული პოპულარობის დამსახურებაა.