ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს ბო ლის შეხვდა
ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის 2025 წლის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს, ბო ლის შეხვდა.
შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოს ეკონომიკის არსებულ მიღწევებს. ქართულმა მხარემ სსფ-ის მმართველი დირექტორის მოადგილეს ქვეყანაში მდგრადი ფისკალური პოზიციისა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებისკენ გადადგმული ნაბიჯები გააცნო.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო მიმდინარე გლობალურ და რეგიონულ გამოწვევებს. მხარეებმა ასევე იმსჯელეს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობის მნიშვნელოვან საკითხებზე.
თავის მხრივ, სსფ-ის მმართველი დირექტორის მოადგილემ, ბო ლიმ აღნიშნა, რომ სავალუტო ფონდი მომავალში კვლავაც გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას და ტექნიკურ დახმარებას. სსფ-ის სახელით მან ასევე მზადყოფნა გამოთქვა, დახმარება აღმოუჩინოს საქართველოს ეროვნულ ბანკს სხვადასხვა რეფორმების კუთხით.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტები ეკატერინე მიქაბაძე და ეკატერინე გალდავა, ფინანსთა მინისტრის მოადგილეები - გიორგი კაკაურიძე და ეკატერინე გუნცაძე, ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე.
სხვა სიახლეები
ბულგარეთმა ევრო ოფიციალურად მიიღო ეროვნულ ვალუტად
03.01.2026.03:41
1-ელ იანვარს ბულგარეთი ევროზონას შეუერთდა და სავალუტო კავშირის 21-ე წევრი გახდა. ევრომ ბულგარული ლევი ჩაანაცვლა, ხოლო 31 დეკემბრის მდგომარეობით საბოლოო გაცვლითი კურსი განისაზღვრა შემდეგნაირად: 1 ევრო = 1.96 ლევს.
პრეზიდენტმა რუმენ რადევმა საახალწლო მიმართვაში განაცხადა: „ევროს შემოღება ბულგარეთის ევროკავშირში ინტეგრაციის დასკვნითი ეტაპია - ეს არის ადგილი, რომელსაც ჩვენი ათასწლოვანი კულტურის მიღწევებითა და ჩვენი ქვეყნის ცივილიზაციური წვლილით ვიმსახურებთ“.
ბულგარეთის ცენტრალური ბანკის მმართველმა, დიმიტარ რადევმა ევროპის ცენტრალური ბანკის მმართველ საბჭოში ადგილი დაიკავა.
„მივესალმები ბულგარეთს ევროს ოჯახში, ხოლო მმართველ რადევს - ევროპის ცენტრალური ბანკის მმართველი საბჭოს მაგიდასთან ფრანკფურტში“, - განაცხადა ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა, კრისტინ ლაგარდმა ხუთშაბათს გავრცელებულ განცხადებაში.