ლონდონში ქართული ღვინის პროფესიული დეგუსტაცია გაიმართა
დიდი ბრიტანეთის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის ზრდის ხელშეწყობის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის ,,Swirl Wine Group“ ორგანიზებით, ლონდონში ქართული ღვინის პროფესიული დეგუსტაცია „The Georgian Palate” (ქართული გემო) გაიმართა.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სტილის და დასახელების ქართული ღვინოები და მას ,,Swirl Wine Group“ დამფუძნებელი, ღვინის მაგისტრი სარა ებოტი უძღვებოდა. დეგუსტაციას ღვინის პროფესიონალები, მედიის და გაყიდვების სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.
დიდი ბრიტანეთი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმპორტიორი და ღვინის მომხმარებელი ქვეყანაა, რომელიც 2014 წლიდან გამოიკვეთა როგორც ქართული ღვინის საექსპორტო ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარი. ღვინის ეროვნული სააგენტოს ქართული ღვინის მწარმოებლებთან თანმიმდევრული თანამშრომლობით, შესაძლებელი გახდა ქართული ღვინის ექსპორტის მზარდი ტენდენციის შექმნა. 2024 წელს, ექსპორტირებული იყო 426 ათას ლიტრამდე ღვინო, რაც 2023 წლის მაჩვენებელთან შედარებით 72%-ითაა გაზრდილი.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური უზრუნველყოფით, 2025 წელს, დიდ ბრიტანეთში ქართული ღვინის მარკეტინგულ კომპანიას „Swirl Wine Group” უძღვება. აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, დეგუსტაცია-სემინარები დიდი ბრიტანეთის სხვადასხვა ქალაქში გაიმართება, ქართული ღვინო წარმოდგენილი იქნება საერთაშორისო გამოფენებზე, განხორციელდება მიზნობრივი სარეკლამო და მედია კამპანიები.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
10.06.2025.16:44
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, საფრანგეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ნიცაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, „კლიმატის მწვანე ფონდის“ (Green Climate Fund – GCF) აღმასრულებელ დირექტორ მაფალდა დუარტესთან შეხვედრა გამართა.
მხარეებმა საქართველოში კლიმატის ცვლილების ნეგატიური ზეგავლენის შემცირებისკენ მიმართული მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს.
„საქართველოს პარტნიორობა „კლიმატის მწვანე ფონდთან“ (GCF) 2016 წელს დაიწყო. მას შემდეგ სხვადასხვა მიმართულებით არაერთ ერთობლივ პროექტს ვახორციელებთ. საქართველოში კლიმატის ცვლილების შემარბილებელი და საადაპტაციო ღონისძიებების განსახორციელებლად GCF-მა ორი ეროვნული პროექტი დააფინანსა. ჩვენ ჩართულები ვართ ფონდის რეგიონულ პროექტებშიც. ვიმედოვნებთ, რომ „კლიმატის მწვანე ფონდთან ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება“,-განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
მაფალდა დუარტემ დადებითად შეაფასა საქართველოს პროგრესი კლიმატთან დაკავშირებულ საკითხებში და მზადყოფნა გამოთქვა, კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს GCF-ის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერა, განსაკუთრებით კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის და წყლის რესურსების მდგრადი მართვის მიმართულებებით.
„კლიმატის მწვანე ფონდის“ აღმასრულებელ დირექტორთან შეხვედრა გაეროს მიერ ორგანიზებული მაღალი დონის კონფერენციის ფარგლებში შედგა, სადაც დავით სონღულაშვილმა ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის კოლეგებთან გამართა. შეხვედრებში მინისტრთან ერთად მონაწილეობდა მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი.