ლევან დავითაშვილი აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის რეგიონალურ ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) რეგიონალურ ვიცე-პრეზიდენტს, ალფონსო გარსია მორას შეხვდა. შეხვედრა პირველი ვიცე-პრემიერის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
შეხვედრაზე განხილული იყო საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის საქმიანობა საქართველოში და მიმდინარე და სამომავლო პროექტები. ყურადღება გამახვილდა კორპორაციის პრიორიტეტებზე ქვეყნის კერძო სექტორის დაფინანსების კუთხით ისეთ სექტორებში, როგორიცაა ენერგეტიკა, მრეწველობა, ტრანსპორტი და დაკავშირებადობა, შუა დერეფნის შემდგომი განვითარება და სხვ.
შეხვედრაში მონაწილეობდა ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, მას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და ვახტანგ ცინცაძე, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე და მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, აგრეთვე საქართველოს ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე.
როგორც შეხვედრაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა განაცხადა, საქართველოს საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან თანამშრომლობის დიდი ხნის წარმატებული ისტორია აქვს. ამავე დროს, მისი თქმით, კორპორაცია ქართულ მხარესთან კოორდინაციით განიხილავს რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულებით საქმიანობას. ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ერთერთია მცირე და საშუალო საწარმოების დაკრედიტება კონკრეტული პრიორიტეტული მიმართულებებით. მას საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის დაფინანსებით საქართველოში არსებული ბანკები განახორციელებენ.
„მეორე მიმართულებაა უფრო მსხვილი პროექტები ცალკეულ პრიორიტეტულ დარგებში, რომელთაც უშუალოდ კორპორაცია დააფინანსებს. საუბარია კერძო და არა საჯარო სექტორის დაფინანსებაზე. გამოიკვეთა კონკრეტული მიმართულებები - ძირითადად, საუბარია ენერგოპროექტებზე, რომელთაც კერძო კომპანიები განახლებადი ენერგეტიკის კუთხით განავითარებენ. კიდევ მიმართულება, სადაც საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან ასევე საინტერესო თანამშრომლობა იგეგმება, წარმოებების ხელშეწყობა და განვითარებაა. მათ შორის, ისეთი მსხვილი ინდუსტრიული დარგების, როგორიცაა მინერალური სასუქების წარმოება, ქიმიური მრეწველობა," - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
შეხვედრაზე ასევე აქცენტი გაკეთდა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის მხრიდან ისეთი პროექტების მხარდაჭერაზე, რომლებიც გაზრდის საქართველოს, როგორც ციფრული ჰაბის როლს. კერძოდ, საუბარია ახალი სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის დაფინანსებაზე. „ჩვენ ამ კუთხითაც ვხედავთ კერძო ინვესტიციების დიდ პოტენციალს. კორპორაცია ამ სექტორშიც კერძო ინვესტიციების მხარდამჭერი იქნება," - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმას, რომ საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის მხარდაჭერილი პროექტები ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის მეტად განვითარებას, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და გაზრდის ქვეყნის კონკურენტუნარიანობას.
დღის ტოპ 10 სიახლე
Eagle Hills-ის $6.5 მილიარდიანი უპრეცედენტო ინვესტიცია - სამშენებლო-დეველოპერული სექტორის შეფასებები
დაგეგმილი სამუშაოების გამო თამარაშვილის გამზირის გარკვეულ მონაკვეთში მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციას შეხვდა
სხვა სიახლეები
ინგა ფხალაძე აშშ - ის ენერგეტიკის მდივნის მოქმედ თანაშემწეს საერთაშორისო ურთიერთობებში ტომი ჯოისს შეხვდა
06.11.2025.18:54
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძე აშშ - ის ენერგეტიკის მდივნის მოქმედ თანაშემწეს საერთაშორისო ურთიერთობებში ტომი ჯოისს შეხვდა. შეხვედრა საბერძნეთის ქალაქ ათენში ტრანსატლანტიკური ენერგეტიკული თანამშრომლობის (Partnership for Transatlantic Energy Cooperation – P-TEC) რიგით მე-6 მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა.
შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და აშშ - ის პოტენციური თანამშრომლობის საკითხები რეგიონისა და მსოფლიო ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში.
მინისტრის მოადგილემ დეტალურად ისაუბრა საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში მიმდინარე მოვლენების, მსხვილი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურული პროექტების და სხვა აქტუალური საკითხების შესახებ.
მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებზე ევრაზიულ სივრცეში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე. აღინიშნა, რომ საქართველო არის რეგიონული ენერგეტიკული პროექტების სანდო პარტნიორი, რომელიც უზრუნველყოფს სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკული რესურსების, მაგალითად, ნავთობისა და გაზის, ევროკავშირის ბაზრებზე ტრანსპორტირებას. ასევე ხაზი გაესვა მწვანე ენერგეტიკული დერეფნის განვითარებას და მასში საქართველოს, როგორც ამ მარშრუტის ერთ-ერთი ცენტრალური მონაწილე ქვეყნის, წამყვან ადგილს. „ჩვენ ასევე აქტიურად ვართ ჩართული მწვანე ენერგეტიკული დერეფნის განვითარების მიმართულებით, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც ევროპის, ისე სამხრეთ კავკასიის რეგიონში ენერგეტიკული უსაფრთხოების გამყარებას," - აღნიშნა ინგა ფხალაძემ.
შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოში ინოვაციური ენერგეტიკული ტექნოლოგიების დანერგვისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარების შესაძლებლობებზე.
შეხვედრას ასევე დაესწრნენ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორი ეკატერინე სისაური, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორთა საბჭოს წევრი ზვიად გაჩეჩილაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე სოხაძე და ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების პოლიტიკის და მდგრადი განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ომარ წერეთელი და საქართველოს ელჩი საბერძნეთში ლევან ბერიძე.