კრისტინ ლაგარდი უახლოეს თვეებში ევროზონაში ინფლაციის ზრდას პროგნოზირებს
ევროპის ცენტრალური ბანკი ევროზონაში ინფლაციური ზეწოლის შემდგომ შესუსტებას ელოდება, მაგრამ უახლოეს თვეებში ინფლაციის საერთო დონე შესალოა, ოდნავ გაიზარდოს, - ამის შესახებ ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა კრისტინ ლაგარდმა განაცხადა.
ამასთან, ფასების ზრდის საშუალოვადიანი პერსპექტივები კვლავ ბუნდოვანია და მისი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ხელფასების გაზრდა იქნება, - განაცხადა ლაგარდმა.
უახლოეს წლებში ინფლაციის შენელების გამო სავალუტო ბლოკის ეკონომიკა გაძლიერდება, ასევე რეალური შემოსავლების აღდგენისა და ექსპორტზე მოთხოვნის ფონზე, - აღნიშნა ლაგარდმა.
ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა ასევე გაიმეორა, რომ საპროცენტო განაკვეთები ევროზონაში დარჩება შეზღუდული იქამდე ვიდრე საჭირო იქნება ინფლაციის მიზნობრივ 2%-მდე დასაბრუნებლად.
ოფიციალური მონაცემებით, ევროზონის სამომხმარებლო ფასები ოქტომბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.9%-ით გაიზარდა, რაც ყველაზე ნელი ტემპია 2021 წლის ივლისის შემდეგ. 2023 წლის სექტემბერში ფასების ზრდამ 4.3% შეადგინა, 2022 წლის ოქტომბერში - 10.6%.
სხვა სიახლეები
ინგა ფხალაძე აშშ - ის ენერგეტიკის მდივნის მოქმედ თანაშემწეს საერთაშორისო ურთიერთობებში ტომი ჯოისს შეხვდა
06.11.2025.18:54
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძე აშშ - ის ენერგეტიკის მდივნის მოქმედ თანაშემწეს საერთაშორისო ურთიერთობებში ტომი ჯოისს შეხვდა. შეხვედრა საბერძნეთის ქალაქ ათენში ტრანსატლანტიკური ენერგეტიკული თანამშრომლობის (Partnership for Transatlantic Energy Cooperation – P-TEC) რიგით მე-6 მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა.
შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და აშშ - ის პოტენციური თანამშრომლობის საკითხები რეგიონისა და მსოფლიო ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში.
მინისტრის მოადგილემ დეტალურად ისაუბრა საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში მიმდინარე მოვლენების, მსხვილი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურული პროექტების და სხვა აქტუალური საკითხების შესახებ.
მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებზე ევრაზიულ სივრცეში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე. აღინიშნა, რომ საქართველო არის რეგიონული ენერგეტიკული პროექტების სანდო პარტნიორი, რომელიც უზრუნველყოფს სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკული რესურსების, მაგალითად, ნავთობისა და გაზის, ევროკავშირის ბაზრებზე ტრანსპორტირებას. ასევე ხაზი გაესვა მწვანე ენერგეტიკული დერეფნის განვითარებას და მასში საქართველოს, როგორც ამ მარშრუტის ერთ-ერთი ცენტრალური მონაწილე ქვეყნის, წამყვან ადგილს. „ჩვენ ასევე აქტიურად ვართ ჩართული მწვანე ენერგეტიკული დერეფნის განვითარების მიმართულებით, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც ევროპის, ისე სამხრეთ კავკასიის რეგიონში ენერგეტიკული უსაფრთხოების გამყარებას," - აღნიშნა ინგა ფხალაძემ.
შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოში ინოვაციური ენერგეტიკული ტექნოლოგიების დანერგვისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარების შესაძლებლობებზე.
შეხვედრას ასევე დაესწრნენ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორი ეკატერინე სისაური, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორთა საბჭოს წევრი ზვიად გაჩეჩილაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე სოხაძე და ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების პოლიტიკის და მდგრადი განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ომარ წერეთელი და საქართველოს ელჩი საბერძნეთში ლევან ბერიძე.